ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართა


ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეა, 24 სექტემბერი, 2021. UN Photo/Cia Pak
ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეა, 24 სექტემბერი, 2021. UN Photo/Cia Pak

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20-წუთიანი სიტყვა წარმოთქვა ნიუ-იორკში. მან ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საქართველოს სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებაზე, ქვეყნის ევროატლანტიკური საგარეო კურსის შეუქცევადობაზე და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე.

"რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი მრავალნაბრძოლი თავისუფლება ყოველ დღე ექცევა გამოწვევების ქვეშ. ჩვენივე მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთანავე, მან მსოფლიო თანმეგრობრობას რუსეთის მიერ საქართველოს მიწების უკანონო ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდა.

გამოსვლისას, მან ასევე განაცხადა, რომ ამაყობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წევრობით და იმ საქმით, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასრულებს კაცობრიობისთვის. მან აქვე აღნიშნა, რომ ის ამაყობს მისი ქვეყნით და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებული საქმით "უფრო ძლიერი დემოკრატიის, მეტად ძლიერი ეკონომიკისა და ჩვენი ხალხის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG