ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დროა "შანელს" სხვებმაც მიბაძონ - ცხოველთა დაცვის აქტივისტები


"პეტას" აქცია მილანის მოდების კვირეულზე
"პეტას" აქცია მილანის მოდების კვირეულზე

ორგანიზაცია „პეტა“ დადებითად აფასებს კომპანია „შანელის“ გადაწყვეტილებას ნატურალური ბეწვეულის და ზოგიერთი ტყავის გამოყენების შეწყვეტის თაობაზე. კომპანია „შანელმა“ ორშაბათს გამოაცხადა, რომ დაიცავს ეთიკურ სტანდარტებს და საკუთარ პროდუქციაში აკრძალავს ნატურალური ბეწვეულის და ეგზოტიკური ცხოველების ტყავის გამოყენებას, როგორიცაა მაგალითად, ნიანგი და გველი.

"შანელამდე" რამდენიმე ხნით ადრე, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ისეთმა ცნობილმა მოდის სახლებმა, როგორიცაა "გუჩი", "ვერსაჩე, "მაიკლ კორსი" და სხვები. "შანელის" განცხადება ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში დაგეგმილი ჩვენების წინ გაკეთდა.

ათწლეულებია „პეტა“ მოუწოდებს „შანელს“, რომ შეწყვიტოს მდიდრული ნაწარმის გამოშვება, რომლისთვისაც ცხოველებს აწამებენ და კლავენ. „ახლა დროა ამ ლეგენდარულ ბრენდს სხვა კომპანიებმაც მიბაძონ, როგორიცაა „ლუი ვიტონი“ - ნათქვამია 3 დეკემბერს „პეტას“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ტრეისი რეიმანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პეტა“ (PETA) ცხოველთა უფლებების დაცვის ყველაზე დიდი ორგანიზაციაა მთელ მსოფლიოში. მისი სახელი იშიფრება როგორც "ხალხი ცხოველების მიმართ ეთიკური მოპყრობისთვის" (People for the Ethical Treatment of Animals). ორგანიზაციაში 6.5 მილიონზე მეტი წევრი და მხარდამჭერი ერთიანდება. „პეტა“ ცხოველთა დაცვის საქმეში ოთხი მთავარი მიმართულებით მუშაობს: საკვები ინდუსტრია, სამეცნიერო ლაბორატორიები, ტანსაცმლით ვაჭრობა და გასართობი ინდუსტრია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG