ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დელფინარიუმი: ქლორირებული ციხე?


ბათუმის დელფინარიუმში სერიოზული ინციდენტით დასრულდა ცხოველთა დამცველების მცდელობა, დელფინებისა და ზღვის ლომების მდგომარეობაზე ფართო საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ. როგორც კი აქტივისტები დელფინარიუმის ტერიტორიაზე შევიდნენ და პლაკატების გაშლას შეეცადნენ, მათსა და დელფინარიუმს თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ხელჩართულ ჩხუბში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ დელფინარიუმის დაცვა მათ სასტიკად გაუსწორდა. დელფიუნარიუმის ადმინისტრაცია კი ირწმუნება, რომ პროვოკაცია აქტივისტებმა მოაწყვეს და დაცვის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. საბოლოოდ ბათუმის პოლიციამ ექვსი პირი დააკავა, ყველა მათგანი აქციის მონაწილე იყო.

ბათუმის დელფინარიუმის წინააღმდეგ აქცია ქუთაისში რეგისტრირებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია - „საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ“ დაგეგმა, რომელსაც რამდენიმე უცხოელი აქტივისტი შეუერთდა, უკრაინიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან.

ისინი გართობის მიზნით დელფინებისა და ზღვის ლომების ექსპლუატაციას აპროტესტებენ. დელფინარიუმების წინააღმდეგ ეს კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე წლებია აქტიურად მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თემურ ლაჭყეპიანი ამბობს:

„ჩავატარეთ სრულიად მშვიდობიანი დემონსტრაცია, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, დელფინარიუმის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, ჩვენთან მოვარდნენ მყინთავები, დაცვის თანამშრომლები, გაგვისწორდნენ ფიზიკურად, აბსოლუტურად სუყველა გვცემეს.“

ბათუმის დელფინარიუმი, რომელიც 1975 წელს გაიხსნა, პირველი დელფინარიუმი იყო საბჭოთა კავშირში. შავ ზღვაში დელფინი ამ დროს უკვე გადაშენების პირას იყო, ხოლო თავად საბჭოთა კავშირი მიერთებული იყო დელფინების ჭერის ამკრძალავ კონვენციას. პირველმა დელფინარიუმმა, რომელიც საბჭოეთში არნახული პოპულარობით სარგებლობდა, 1990 წლამდე იარსება და კავშირის დაშლასთან ერთად, მუშაობა შეწყვიტა.

დამოუკიდებელ საქართველოში, დელფინარიუმის აღდგენა, მხოლოდ 2011 წელს მოხერხდა, რაც მთლიანად ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მოხდა. თუმცა, როგორც გარემოს დამცველები მიუთითებენ, ჯერ კიდევ გაუხსნელ, ბათუმის დელფინარიუმში, დელფინები ხელახლა, ადგილობრივი კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევით მოხდვნენ.

2009 წლის ზაფხულში, 20-მდე აფალინას სახეობის დელფინი, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ყულევთან ახლოს დაიჭირეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაული იყო.

ამასთან, მომდევნო წელს, წვრთნის დროს, უკვე ბათუმის დელფინარიუმში 20-დან 6 დელფინი დაიღუპა. საინტერესოა, რომ 2009-2010 წლებში, ჯერ კიდევ დაკეტილი ბათუმის დელფინარიუმი და მისი მეპატრონე ბათუმის მერია კატეგორიულად უარყოფდნენ რომ დელფინები საერთოდ ჰყავდათ.

ხელახლა გახსნილი, ახალი დელფინარიუმი, რომელიც 800-მდე მაყურებელს იტევს, ახალი ბათუმის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირშესანიშნაობაა, სადაც თითქმის ყველა შოუზე ანშლაგია.

ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომდელფინარიუმი ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს, და, სწორედ ამით ხსნის იმას, რომ დელფინარიუმში სამი დელფინი და ორი სელაპი დაიბადა. ბათუმის დელფინარიუმის პიარ მენეჯერი ბერდია კუტუბიძე ამბობს

„ოთხი წლის მანძილზე ჩვენთან სამი დელფინი დაიბადა, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი ბინადრები ბუნებრივ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში, ვიტყოდი იდეალურ პირობებში გრძნობენ თავს და ამის გამო გვაქვს მატებაც.“

რა პრობლემებზე საუბრობენ გარემოსდამცველები, როცა დელფინარიუმების წინააღმდეგ გამოდიან? 1. შავი ზღვის - აფალინა, იგივე Tursiops truncatus ponticus, რომელიც ენდემური ქვესახეობაა, მეცნიერთა აზრით, შავ ზღვასთან ერთად დაიბადა და ახლა წითელ წიგნშია შეტანილი. 2. ბუნებაში დელფინი საშუალოდ 160 კილომეტრს ფარავს და 200 მეტრ სიღრეზე ეშვება, არცერთ დელფინარიუმს არ შეუძლია ამ პირობების დაკმაყოფილება. 3. ქლორი და სხვა ანტისეპტიკური საშუალებები, რომლებიც აკვარიუმებში გამოიყენება ვნებს დელფინის კანს და ხშირად მათ დაბრმავებას იწვევს.4. ხელოვნური ტალღები დელფინს ორიენტაციას უკარგავს, დელფინარიუმის სქელ კედლებთან შეჯახება კი ცხოველისთვის უმძიმესი ტრავმებით სრულდება . 5. თავისუფლებაში აფალინა 30 წლამდე ცოცხლობს, ტყვეობაში კი ექვსჯერ ნაკლებს.

სწორედ ამ მიზეზთა გამო დელფინარიუმები აკრძალეს კოსტა-რიკაში, დიდ ბრიტანეთში, ხორვატიაში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში, ინდოეთში, უნგრეთში, ჩილეში, შვეიცარიასა და ამერიკის რამდენიმე შტატში. ცხოველთა დამცველების ზეწოლით, მთელ მსოფლიოში 50-მდე დელფინარიუმი დაიხურა.

XS
SM
MD
LG