ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პესკოვი საქართველოზე: "კრემლს არაფერი შთაუგონებია და აბსოლუტურად არაფერ შუაშია"


დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

რუსეთის ხელისუფლება საქართველოში გასული დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციას და უცხო ქვეყნის აგენტების კანონის პარლამენტში გატანის საკითხს გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს რაიმე კავშირი ამ კანონთან, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო, „ტასი“.

„კრემლს არაფერი შთაუგონებია და აბსოლუტურად არაფერ შუაშია“, - თქვა პესკოვმა. „თუ სწორად გავიგეთ, [ქართული] კანონპროექტის ერთ-ერთი ვერსია რეალურად ძალიან ჰგავდა აშშ-ის კანონს ამ საკითხთან დაკავშირებით. მეორე ვერსია ნაკლებად ჰგავდა ამერიკულ კანონს და იყო ბევრად უფრო რბილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო მათთან,“- დაამატა მან.

პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები აშფოთებს.

„ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფაქტობრივად არ გვაქვს ურთიერთობას საქართველოსთან, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ იქ არსებული ვითარებით. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საზღვრებთან იყოს სიმშვიდე და რა თქმა უნდა, არსებული ვითარება ამას სასურველს ხდის,“ - აღნიშნა მან.

საპროტესტო ტალღის ფონზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში ამ კანონის ინიცირებას და მის სწრაფ განხილვა მოჰყვა, საქართველოს მმართველმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ კანონს უკან „გაიწვევს“. კანონი 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებზე, პოლიციამ 70-ზე მეტი ადამიანი დააკავა და ხელისუფლებამ 7 და 8 მარტს, დემონსტრაცია წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის და წიწაკის აეროზოლების გამოყენებით დაშალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG