ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტის ზონა ზამთრის პირას


„ჩვენ არა მხოლოდ პრობლემებს ვაყენებთ ჟენევის დისკუსიებზე, არამედ ვთავაზობთ მათი მოგვარების გზებსაც“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ჟენევის დისკუსიების 42-ე რაუნდის შეფასებისას, რომელიც 12–13 დეკემბერს შედგა და სადაც ქართულმა მხარემ წამოწია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები.

„ქართულმა მხარემ თავისი ვალდებულებები თავიდანვე პირნათლად შეასრულა, რა თქმა უნდა. ვალდებულებები, რომელიც აქვს შესასრულებელი რუსეთს, ესაა მთავარი საკითხი, რაც ისმის ჟენევის დისკუსიებზე. ჩვენ არა მხოლოდ პრობლემებს ვაყენებთ ჟენევის დისკუსიებზე, არამედ ჩვენ თვითონ ვსაუბრობთ მათი მოგვარების გზებზე. მე მინდა, სრულიად დარწმუნებით გითხრათ, რომ ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში ყველა მხარის მხრიდან, ბევრ საკითხზე შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

ჩვენ არა მხოლოდ პრობლემებს ვაყენებთ ჟენევის დისკუსიებზე, არამედ ჩვენ თვითონ ვსაუბრობთ მათი მოგვარების გზებზე.
ქეთევან ციხელაშვილი

​ადამიანთა დაკავების თემა დღემდე მწვავე და ყოველდღიურ საკითხად რჩება დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლების მცხოვრებთათვის. ოსური მხარე ადამიანთა დაკავებას საზღვრის გადმოკვეთის მიზეზით ხსნის და ამისთვის საგანგებო სანქციას აწესებს, ქართული მხარისთვის კი ეს უკანონო ქმედებაა.

მამუკა სამხარაძე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში ცხოვრობს უკვე მეხუთედ აღმოჩნდა ცხინვალის იზოლატორში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო. ის ყველა ჯერზე შეშის მოპოვების მიზეზით იმყოფებოდა სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში.

მისი ყოველი დაკავება ოჯახს 2000 რუსული რუბლი უჯდება. როგორც მამუკა სამხარაძე ამბობს, იმის გამო, რა პირობებშიც მას უხდება ცხოვრება, შეშისთვის წასვლა კვლავაც გარდაუვალია, რადგან ოჯახს მატერიალურად უჭირს და გათბობისთვის ყველა შემთხვევაში შეშა სჭირდება. მათ ოჯახში ბუნებრივი აირი შემოყვანილია, მაგრამ მისი გატბობისთვის გამოყენება ოჯახისთვის ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ვერ აძლევენ.

გასულ წლებში სახელმწიფო ე.წ. საზღვრისპირა სოფლებისთვის გამოზამთრების პროგრამის ფარფლებში 200-ლარიან ვაუჩერს გამოჰყოფდა. ეს თანხა, მართალია, დიდი არაა, მაგრამ სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. წელს კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრები ადამიანები სახელმწიფოსგან მსგავსი ინიციატივის მოლოდინში არიან.

"მათ, ვინც მოიხმარდა ბუნებრივ აირს და ზამთარში კირბალში იყო, 200 ლარი დაერიცხათ. წელსაც იგივეს ველოდებით, ხალხს ჰგონია, რომ დახმარება იქნება.ბოლოს ვინც გაიტაცეს კირბალიდან, მამუკა სამხარაძე, ისიც შეშაზე იყო წასული და ამის გამო დააკავეს. მის საქმეზე მერმა განაცხადა, რომ წელსაც ელოდებიან 200 ლარის დარიცხვას ბუნებრივი აირისთვის", - ამბობს "ამერიკის ხმასთან" კირბალის მცხოვრები, ადგილობრივი გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი დავით ცერცვაძე.

რაც შეეხება იმას, გამოყოფს თუ არა თანხებს სახელმწიფო წელს საზღვრის პირას მცხოვრები ოჯახებისთვის, შიდა ქართლში ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჩვენთან საუბრისას გორის მერი კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია აპირებს თუ არა სახელმწიფო ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების გათბობის დაფინანსებას.

„იცით რა არის? ჩვენ არ ვაკეთებთ ამას, ამას აკეთებს სახელმწიფო. სახელმწიფო ურიცხავს ხოლმე ამ თანხებს პირდაპირ თავის ანგარიშზე, მე გამიჭირდება დაზუსტებით თქმა, იქნება თუ არა წელს მსგავსი პროექტი. ვთვლი, რომ იქნება, მაგრამ შეიძლება, გამიჭირდეს ამის ზუსტად თქმა, ზუსტად ვერ გეუბნებით, იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ ვიცი, ჩემამდე არ მოსულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ მოხდება 200 ლარის ჩარიცხვები მათ ანგარიშზე", - ამბობს გორის მერი.

ჟენევაში მხარეები ადამიანის უფლებების საკითხს აყენებენ, როგორც პირველი რიგის პრობლემას. ამ დროს კი კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების სოციალური მდგომარეობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წელს სახელმწიფომ, მართალია, დააფინანსა ამ ტერიტორიაზე გათბობა, მაგრამ ეს თანხები მოსახლეობამ მძიმე ზამთრის შემდეგ, გაზაფხულზე მიიღო.

XS
SM
MD
LG