ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რთული დღე“


პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყოფილმა სპეცრაზმელმა თავის ახალ წიგნში საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა, რომელიც გასულ წელს პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას შეეხება. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ლუის რამირესი არკვევდა.

პენტაგონის წარმომადგენელი ჯორჯ ლითლი აცხადებს, რომ თავდაცვის დეპარტამენტმა უკვე განიხილა წიგნი და უწყება შეშფოთებულია მასში ასახული ინფორმაციით. წიგნის ავტორია მეთ ბისონეტი, რომელიც სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერატიულ ნაწილში მსახურობდა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ წიგნში საიდუმლო ინფორმაციაა ასახული,“ - განაცხადა ჯორჯ ლითლმა.

მას არ დაუკონკრეტებია დეტალები, თუ კონკრეტულად რა სახის ინფორმაციაა გაჟონილი. წიგნის სახელია „რთული დღე“. პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უწყების სპეციალისტები არკვევენ იმ შესაძლო ზომებს, რომელიც შესაძლოა წიგნის ავტორის მიმართ განხორციელდეს. ყოფილმა სპეცრაზმელმა ბისონეტმა წიგნი ფსევდონიმით - მარკ ოუენის სახელით დაწერა.

„ჩვენ განვაგრძობთ შესაძლებლობების განხილვას, თუ რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა განხორციელდება. ჩვენი შეფასებით, წიგნის ავტორმა დაარღვია შეთანხმება საიდუმლო ინფორმაციის შენახვასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამხედრო კანონი ავტორს ავალდებულებდა წიგნის გამოცემამდე ტექსტი განსახილველად უწყებისთვის მიეწოდებინა. ბისონეტის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ავტორმა ნამუშევარი ძალზედ სკრუპულოზურად განიხილა და დარწმუნდა, რომ მასში საიდუმლო ინფორმაცია არ იყო გაჟონილი. წიგნი გაყიდვაში სამშაბათს გამოვიდა. პენტაგონი ქსელიდან მის ამოღებას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG