ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 სექტემბერს დაღუპულებს პენტაგონთან მდებარე მემორიალურ პარკში იხსენებენ


16 წლის წინ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ტერორისტული თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი გახდა. „ამერიკული ავიახაზების“ რეისი 77 გაიტაცეს და ტერორისტებმა თვითმფრინავი პენტაგონის შენობას შეაჯახეს. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და შენობის იმ ნაწილში მყოფი 125 ადამიანი დაიღუპა.

შეჯახების ადგილთან ძალიან ახლოს ახლა 11 სექტემბრის ეროვნული მემორიალია განთავსებული. ჯემი მკინტაირი მაშინ CNN-ის პენტაგონის კორესპოდენტი იყო, იხსენებს, რომ თავდასხმისას სწორედ ამ ადგილას იმყოფებოდა. მისთვის ეს ერთგვარ „წმინდა მიწად“ იქცა.

„მე აქ ვიდექი 11 სექტემბერს, და იმ ადამიანთათვის, რომლებმაც ეს დღე გადაიტანეს და გადარჩნენ, ეს არის მომენტი, რომელიც შენს ცხოვრებას განსაზღვარავს“, - ამბობს ჟურნალისტი.

იმ დღეს დაღუპულთა შორისაა დევიდ ლაიჩაკიც, პენტაგონის სამოქალაქო თანამშრომელი, რომელიც შენობაში მიმდინარე განახლების სამუშაოების გამო ხშირად საკუთარ ოფისში არც იმყოფებოდა.

„არც კი ვიცოდი დეივი იმ დღეს შენობაში იყო თუ არა, ვფიქრობდი, რომ არ იქნებოდა,“ - ამბობს დევიდ ლაიჩაკის ძმა, პენტაგონის მემორიალური ფონდის პრეზიდენტი.

ჯეიმს ლაიჩაკი იხსენებს, თავდასხმისას პენტაგონიდან 3 კილომეტრის დაშორებით მდებარე სახლში იმყოფებოდა, როდესაც ფანჯრების შუშები აზრიალდა. მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში მომხდარი თავდასხმის შესახებ რეპორტაჟს უყურებდა და ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა პენტაგონიც ტერორისტების სამიზნე გამხდარიყო. ძმის შესახებ დღეების განმავლობაში არაფერი შეუტყვია, შემდეგ კი კოშმარი დადასტურებულ ფაქტად იქცა: მისი ძმა თავდასხმისას პენტაგონის შენობაში იმყოფებოდა და დაიღუპა. მას მეუღლე და 9 და 7 წლის შვილები ჰყავდა.

დაღუპულის ძმას მემორიალის შექმნის იდეა მალევე გაუჩნდა, თუმცა სხვა დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად თანხების შეგროვებას, დიზაინის შექმნასა და საბოლოოდ განხორციელებას წლები დასჭირდა. 2008 წლის 11 სექტემბერს პენტაგონის შენობასთან მდებარე მემორიალი ოფიციალურად გახსნილი პირველი მემორიალი იყო, რომელიც ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ ის ამერიკის სამხედრო ძალების სათავო ოფისთან ძალიან ახლოს მდებარეობს, მემორიალის მონახულება ნებისმიერ პირს 24 საათის განმავლობაში თავისუფლად შეუძლია. ის მხოლოდ ერთხელ დაკეტეს, ისიც ძლიერი ქარბუქის გამო.

მემორიალის დიზაინი იმ დღეს მომხდარი მოვლენების ქრონოლოგიას იმეორებს. სკვერში განთავსებული სკამები მსხვერპლთა დაბადების თარიღების მიხედვითაა განაწილებული. ცენტრალურ ადგილთან მდებარე 5 სკამი კი იმ ხუთი ბავშვის ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც რეის 77-ის ბორტზე დაიღუპნენ. თუკი სკამზე არსებული წარწერის წასაკითხად სახით პენტაგონისკენ დგახართ, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი შენობაში დაიღუპა, თუ პირიქით - თვითმფრინავში.

ლაიჩაკი ფიქრობს, რომ მის ძმას ეს ადგილი მოეწონებოდა „მე ამას ჩემი ძმისა და ყველა იმ ადამიანის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ვაკეთებ, ვინც აქ დაიღუპა. იმის ნიშნად, რომ ჩვენ მათ არასდროს დავივიწყებთ“, - ამბობს მემორიალური ფონდის პრეზიდენტი, დაღუპულის ძმა ჯეიმს ლაიჩაკი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG