ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„უხილავი ხელი“, რომელიც ცდილობს რუსეთს უჩინმაჩინის მანტია მოასხას


Parliament of Georgia
Parliament of Georgia

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში, 26 იანვარს ვერ შეძლეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის შესახებ ერთობლივი რეზოლუცია მიეღოთ. უკრაინა, ქვეყანა, რომელიც საომარი მოქმედებების დაწყების ზღვარზეა და რუსეთის არმიის შეჭრას საკუთარ ტერიტორიაზე ყოველწუთიერად ელის, ყოველთვის აფიქსირებდა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები თითქმის ერთი თვეა განიხილავენ უკრაინისადმი მხარდაჭერის ფორმას. რეზოლუციის პროექტი საქართველოს პარლამენტში გასული წლის დეკემბრის ბოლო კვირას შევიდა. 26 იანვარს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების ორი რაუნდი გაიმართა და ფიასკოთი დასრულდა. პარლამენტარებმა უკრაინის თაობაზე შეთანხმება ვერ შეძლეს. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ უკრაინას მხარი რუსეთის ხსენების გარეშე უნდა დაუჭიროს, ოპოზიცია კი რუსეთის, როგორც პრობლემების მიზეზთა მიზეზის მოუხსენიებლობის გამო, რეზოლუციის ტექსტზე ხელმოწერაზე უარს ამბობს.

„ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთბებში მშვიდობისა და თანამშრობლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვირდებას;

ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპებისა;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

აცხადებს, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;

სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.“ - ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.

ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინც მმართველ გუნდთან რეზოლუციის ტექსტზე მუშაობდნენ, აცხადებენ, რომ „ოცნებასთან“ შეთანხმება თითქმის უკვე იყო მიღწეული, როდესაც უცბად, "უხილავმა ხელმა", ყველაფერი შეცვალა. პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია, ვინც ერთ-ერთია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების ინიციატორთაგან, ამერიკის ხმასთან დაწვრილებით საუბრობს პარლამენტში განვითარებული პროცესების შესახებ.

„უკრაინის მხარდამჭერი პროექტი იყო ინიცირებული საქართველოს პარლამენტში გასული წლის დეკემბრის ბოლო კვირას. ასევე, იყო მეორე რეზოლუცია - ნატოში საქართველოს მხარდამჭერი. მე უშუალოდ, მქონდა კომუნიკაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან და მანაც დაამოწმა დღეს, რომ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ რა კარგი იქნებოდა ყოფილიყო ორი რეზოლუცია, როგორც უკრაინის, ისე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც კრემლი ოფიციალურად მოითხოვს როგორც ნატოსგან, ისე დასავლეთისგან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღებას, რაც საქართველოსა და უკრაინას ნატოში წევრობას ჰპირდება. ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, პირდაპირ ეხება საქართველოსაც. ჩვენი კონსტიტუციით გაწერილი საგარეო ვექტორი არის ნატოში და ევროკავშირში წევრობა, რასაც უპირისპირდება რუსეთი“,- გვეუბნება თეონა აქუბარდია.

პარლამენტში, 26 იანვარს დილიდან დაწყებული შეხვედრა იმედიან ფონს ქმნიდა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას შეძლებდნენ. განხეთქილების ვაშლი, პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთი აღმოჩნდა; თვით, სიტყვა „რუსეთი“. ხელისუფლების წარმომადგენლები, შეხვედრების მეორე რაუნდის შემდეგ, უკვე აღარ იყვნენ თანახმა, რომ ამ სიტყვას რეზოლუციის ტექსტში ეარსება, - აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში, ჟურნალისტების წინაშე წაიკითხა რეზოლუციის პროექტის ტექსტი და განაცხადა, რომ მასში არსებული ყოველი სიტყვა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და კარგი იქნება, თუ ამას ოპოზიცია მხარს დაუჭერს.

„ზედმეტი მოლოდინები რეზოლუცისგან არ მქონდა, მაგრამ ისიც წარმოუდგენელია, რომ ასეთ მნიშვნელოვან რეზოლუციაში არ არის ნახსენები რუსეთი. არ არის ნახსენები რუსული ოკუპაცია. რუსეთი ითხოვს დასავლეთისგან იმის გარანტიებს, რომ რეზოლუცია, რომელიც 2008 წელს იქნა მიღებული ბუქარესტის სამიტზე, შეიცვლება. იმ რეზოლუციაში კი პირდაპირ წერია, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად, უკრაინისა და საქართველოს გამოა ეს ამბავი ატეხილი და სამწუხაროდ, საქართველოს მმართველ პარტიას არ აღმოაჩნდა არც გონიერება, არც სინდისი, პირდაპირ რომ ვთქვათ, რომ ხმა ამოეღო აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ და ეთქვა, რომ ეს ყველაფერი ჩვენც გვეხება,“- გვეუბნება ზურა ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი.

„ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან, დაცლილია რეზოლუცია მთლიანად და ამას შემთხვევით არ ვამბობ, პროვოკაციული რიტორიკისგან და პოპულისტური რიტორიკისგან. ყველა სიტყვა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და საქართველოს მხარდაჭერიდან უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ შევეცადეთ, ყველა მოსაზრება, შეძლებისდაგვარად (მაქსიმალურად, შეუძლებელია, რადგან იქ იყო რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები, მაგიდასთან, რაც ორი დღის განმავლობაში ისმოდა), გათვალისწინებული ყოფილიყო ყველა მოსაზრება და აწონილი ყოველი სიტყვა. [რეზოლუცია] ჯობია, იყოს მრავალპარტიული და მგონია, რომ მათ, საბოლოო ჯამში, ამას მხარი უნდა დაუჭირონ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ჩვენ მივეცით ჩვენი შენიშვნები „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ შეხვედრაზე. ვფიქრობ, რომ ისინი იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის ტექსტისთვის. სამწუხაროდ, ეს შენიშვნები არ იყო გათვალისწინებული იმ საბოლოო ტექსტში, რაც დღეს წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“. ვადასტურებ, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის თაობაზე ტექსტში არაფერია ნათქვამი. ამიტომ, ჩვენ ვერ ვიქნებით ამ რეზოლუციის თანაავტორები,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

ანალოგიური პრეტენზია ჰქონდა მმართველ გუნდთან "ლელოსა" და "რესპუბლიკელებს", ისევე, როგორც "სტრატეგია აღმაშენებელს".

„რეალურად, დღეს უკრაინაში წყდება საბჭოთა კავშირის აღდგენა-არ-აღდგენის ბედი. ახლომხედველობა გამოიჩინა მმართველმა გუნდმა, რომელსაც ჰგონია, რომ თუ რუსეთი უკრაინაში თავის მიზანს მიაღწევს, მაშინ საქართველოს ხელისუფლება გადარჩება. რა თქმა უნდა, არავინ არ დატოვებს ამათ

ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, რუსეთი უფრო მეტად პრორუსული ხელისუფლების მოყვანას შეეცდება. მე იმედს ვიტოვებ, უკრაინაში ვერ მიაღწევენ იმას, რაც ჩაფიქრებული აქვთ, თორემ საქართველო არეალიდან გაქრება“,- ამბობს ზურა ბატიაშვილი.

„იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ჩვენი ეროვნული ინტერესები რისკის ქვეშ დადგება და შესაძლებელია, მთელი ის ბრძოლა, რაც ამდენი წლის განმავლობში გვქონდა, აბსოლუტურად ფუჭი აღმოჩნდეს. ამიტომ, უკრაინის თავისუფლებაზე და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე დღეს გადის საქართველოს ეროვნული ინტერესებიც. ამასთან, უკრაინა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გვაქვს ერთობლივი გამოწვევები რუსული ოკუპაციის სახით და გვაქვს ერთობლივი ინტერესები. ამიტომ, ამ სულისკვეთებით, ერთობლივი რეზოლუციის ინიცირება იყო ძალიან სწორი, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც გაზრდილია რისკები და გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია, "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი.

გულწრფელი სურვილი იმის შესახებ, რომ მიუხედავად შიდა პოლიტიკურ საკითხებში მრავალი განსხვავებისა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ზეპარტიული ერთობა შედგებოდა, არ გამართლდა.

რეზოლუციის პროექტი მომზადდა ოცნების მხრიდანაც. „ჩვენ გვქონდა ჩვენი მოსაზრებები ტექსტთან მიმართებით. გასაგებია, ხელისუფლებაში რომ ვყოფილიყავით ის ოპოზიციური ძალები, ვინც ვემხრობით უფრო მკაფიო ენას რუსეთთან მიმართებით, რეზოლუციის ტექსტი უფრო სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ რამდენადაც აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ყველა პოლიტიკური საპარლამენტო პარტია უნდა შეთანხმებულიყო, ჩვენ ვეცადეთ, მაქსიმალურად დაგვეახლოვებინა პოზიციები. ვფქირობ, დღეს, პირველ შეხვედრაზე ბატონ მდინარაძესთან შევძელით შეჯერება. აქ იყო ზეპირი საუბარი იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაცია უნდა ყოფილიყო მოხსენიებული, რომელიც რეალურად და ობიექტურად უქმნის საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ზოგადად შავი ზღვის რეგიონის და მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებას. ეს სიტყვები ტექსტში არ შევიდა. თუმცა, შეთანხმება პრინციპების დონეზე, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით, თავდაპირველ შეხვედრაზე იყო, ისევე როგორც სათაურის განსხვავებული ფორმულირება,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.

საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი "უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ"
საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი "უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ"

ის, რომ საქართველომ უკრაინას ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს, ღირსების საქმედ მიაჩნია მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს. „პრაგმატული მიზანი აქვს იმას, რომ როდესაც რაღაც გაწუხებს, თქვა, გაასაჯაროო და გარდა ამისა, ამას აქვს ძალიან მნიშვენლოვანი მორალური მხარე. კარგად გვახსოვს 2008 წელი, როდესაც უკრაინა გვერდში დაგვიდგა, კარგად გვახსოვს აფხაზეთის ომი მანამდე, როდესაც უკრაინელები ჩვენს მხარდამხარ იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ისტორიის სწორ მხარეს დგომა ღირსების საქმეა“,- მიიჩნევს ზურაბ ბატიაშვილი.

„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ახალი ვერსია პარლამენტში დაარეგისტრირა, დიდი ალბათობით, იგივე ნაბიჯია მოსალოდნელი ოპოზიციისგანაც. ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერბალურად აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა სწორი სიტყვების შერჩევა და ერთობლივი თანხმობის მიღწევა ამ საკითხზე, აქამდე შეუძლებელი აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG