ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-საქართველო: მთავარი თემა მომავალი საპარლამენტო არჩევნები


დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ქართული მხარის თხოვნით, ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

მასპინძელთა დელეგაციას, ევროპისა და აზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი, ხოლო, საქართველოს დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარტიის ფარგლებში არსებული ოთხი სამუშაო ჯგუფიდან, დღეს „დემოკრატიის ჯგუფი“ იმუშავებს.

ვაშინგტონის შეხვედრის უმთავრესი საკითხი კი საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნებია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით კერძოდ განაცხადა:

„სამუშაო ჯგუფი მოიცავს აბსოლუტურად ყველა ასპექტს იმ დემოკრატიული რეფორმებისა, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. უკვე განხორციელებული ნაბიჯების შეფასებას, სამომავლო გეგმების დახვეწას.

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიიღონ ჩვენგან ინფორმაცია თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში და რა გეგმები აქვს ჩვენ სახელმწიფოს იმისათვის, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდეს მომავალი არჩევნების წინ.“

ვაშინგტონის შეხვედრა იმართება იმ ფონზე, როცა ქართული ოპოზიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებაზე. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა, ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია:

მოქალაქეობის დაკარგვა ან მოქალაქეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები არის ისეთი რამ, რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული კანონის წინაშე, თანასწორობის გათვალისწინებით. ამ სულისკვეთებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, წარმართოს ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპით და წარმოართოს სწრაფად".

უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას ვაშინგტონში სავარაუდოდ მოუწევს ახსნა თუ რატომ ვერ მიიღო ოპოზიციის ლიდერმა საქართველოს მოქალაქეობა. ქართული აუდიტორიისთვის გაკეთებულ კომენტარში გიგა ბოკერია ირწმუნება, რომ ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ძალებმა უარი თქვეს მთავარ ღირებულებაზე - ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე:

„ძალიან სამწუხარო ცვლილება რაც შევატყვეთ ეს არის გარკვეული ილუზია ძალიან ფუნდამენტურ საკითხზე, რაზეც ამდენი წელია ხელისუფლებასა და ოპოზიციის ძირითად ნაწილს შორის იყო ძალიან მყარი კონსენსუსი. მე ვსაუბრობ მკაფიოდ დაფიქსირებულ ჩვენი ქვეყნის ორიენტაციაზე - ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. აი, აქ არის, ჩემი აზრით საგანგაშო ნიშნები.

ყველამ მოვისმინეთ განცხადებები უკან დახევის, რომ ნატოში ჩვენ კი გვინდა შესვლა, ამას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ამასთან ერთად მოვისმინეთ, რომ თურმე რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე, ჩვენ ვერ წავალთ დასავლეთით და ვერ მოვახდენთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რომ მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე გადის გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციის.

ეს ძალიან დიდი შეცდომაა უკეთეს შემთხვევაში. ეს არის დავარცხნილად, პრაქტიკულად უარის თქმა ამ ორიენტაციაზე. ეხლა რამდენიც არ უნდა მოიტყუონ თავი ან სცადონ აუდიტორიის მოტყუება ეს ამას ნიშნავს.“

სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ქარ­ტიის ფარგლებში ამერიკულ-ქართულ შეხვედრამდე, თბილისში, ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა ფრენკ ვიზნერმა ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერ ი პირადად გაიცნო. ამ შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განაცხადა:

„ფრენკ ვიზნერთან ვიმსჯელეთ იმაზეც 2012-2013 წლებში როგორი კრიზისი გველოდება სახელისუფლებო, ჩვენი თეორიული გამარჯვების შემთხვევაშიც კი.

მე მივიღე ძალიან საინტერესო რჩევები თუ როგორ გავაგრძელოთ ასეთივე სტილში ბრძოლა, რომ ჩვენ მივიღოთ რეალურად დემოკრატიული არჩევნები შემოდგომაზე“.

აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ქარ­ტია 2009 წლის იან­ვარ­ში, ვაშინგტონ­ში გა­ფორ­მდა. ქარტიის ფარგლებში შექმნილია ოთხი სამუშაო ჯგუფი - თავდაც­ვის და უსაფ­რთხო­ე­ბის;

ვაჭ­რო­ბის და ეკო­ნო­მი­კის; ხალ­ხებს შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბის და კულ­ტუ­რუ­ლი გაც­ვლის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით; ასევე დემოკრატიის ჯგუფი.

ვაშინგტონში ბოლო ასეთი სხდომა შარშან ოქტომბერში გაიმართა მაშინ ქართული დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობდა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG