ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

UNICEF: კონფლიქტების შედეგად ათობით ათასი ბავშვი დაიღუპა


UNICEF
UNICEF

საფრანგეთი და ბავშვთა საერთაშორისო უფლებების დაცვის ორგანიზაცია UNICEF, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა გააძლიერონ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტის ზონაში მოქცეულ არასრულწლოვნებს. კონფლიქტის ზონებში მილიონობით ბავშვს უწევს ყოველდღიურად გადარჩენისთვის ბრძოლა.

სამშაბათს პარიზში კონფერენცია გაიმართა, რომელიც ათი წლის წინანდელ შეხვედრას ეხმაურებოდა და იმის გადახედვას ისახავდა მიზნად-მიღწეულ იქნა თუ არა ათწლეულის წინ დასახული მიზნები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა იმაზე, თუ როგორი გავლენა მოახდინა დევნილების მიღების კუთხით სირიელი პატარა ბიჭის, აილან ქურდის გარდაცვალებამ თურქეთის სანაპიროზე. თუმცა აღშფოთება დიდხანს არ გაგრძელებულა და არც პრაქტიკული შედეგები მოჰყოლია. ამის შემდეგ, კიდევ უამრავი ბავშვი შეეწირა კონფლიქტისადმი გულგრილობას.

გაეროს თქმით, მსოფლიოს გარშემო 200 მილიონზე მეტი ბავშვი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს, რის შედეგადაც ათობით ათასი მათგანი დაიღუპა. სხვები კი ძალადობის შედეგად ჯარისკაცები ან სექსუალური მონობის მსხვერპლი ხდებიან. სამხრეთ სუდანში კონფლიქტის შედეგად ათასობით ბავშვი შიმშილის წინაშე დგას.

პრეზიდენტმა ოლანდმა ისაუბრა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ წარმატებებზე და უფრო ნათელ მხარეებზე. მისი თქმით, ათობით ათასი ბავშვი სამხედრო მონობიდან იქნა განთავისუფლებული (მაგალითად 8000-ზე მეტი 2015 წელს). მან ბრიტანეთს მოუწოდა, რომ გააგრძელოს არასრულწლოვანი მიგრანტების მიღება, რომელთა ოჯახებიც ლა-მანშის სრუტის მეორე მხარეს იმყოფებიან. ლონდონმა თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ ბრიტანეთი იმაზე უფრო ნაკლებ დევნილს მიიღებს, ვიდრე ეს ევროკავშირის შეთანხმებით განისაზღვრა.

ოლანდმა ასევე არაპირდაპირ ისაუბრა ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზე, რომელიც გეგმავს დაფინანსების შემცირებას ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა გაერო. მისი თქმით, საჭიროა საერთაშორისო სამართალის პატივისცემა და საერთაშორისო ინსტიტუტების მხედველობაში მიღება, იმ იდეით, რომ ისინი მსოფლიოს სახელით მოღვაწეობენ.

XS
SM
MD
LG