ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში კლიმატური ცვლილებების შეთანხმებაზე მსჯელობენ


პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარიზში მიღწეული შეთანხმების დეტალებს ამერიკის მოქალაქეებს აცნობს.

კლიმატური ცვლილებების შეთანხმება, რომელმაც უკვე გახლიჩა ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტა, ამერიკელებშიც არაერთგვაროვან განცდას იწვევს.

ნახშირბადის შემცირების ვალდებულება და განვითარებადი ქვეყნების ფინანსური ხელშეწყობა, სავარაუდოდ, 2016 წლის საპრეზიდენტო წინაასაარჩევნო მარათონის მთავარი თემა იქნება.

გარემოს ნახშირბადით დაბინძურება, რომელიც ჩვენს პლანეტას დიდ ზიანს აყენებს, შეთანხმების თანახმად, შემცირდება. ხოლო ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებაში ჩადებული ინვესტიცია სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარიზში მიღწეული შეთანხმების დეტალებს ამერიკის მოქალაქეებს აცნობს.

"რაც მთავარია, დღეს შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ, მომავალ თაობას პლანეტას უკეთეს მდგომარეობაში დავუტოვებთ. ეს არის ჩემთვის ყველაზე ღირებული."

დემოკრატი კონგრესმენები მიღწეულ შეთახმებას ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურნენ. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მათ თავიანთი პოზიცია ჯერ კიდევ შეთანხმების დადებამდე დააფიქსირეს.

„პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ ამერიკა ენერგიის წარმოებას მნიშვნელოვნად შეკვეცავს. ამერიკელ ხალხს არ სურს გაეროს კლიმატური ცვლილებების მოსაკრებელ ფონდში ფულის გადარიცხვა."

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის მიჩ მაკონელის განცხადებით, შეთანხმების აღსრულება შეუძლებელია შიდა ენერგო გეგმის გათვალისწინებით, რაც ამავე, დროს სავარაუდოდ უკანონოცაა და კონგრესმა უკვე კენჭი უყარა შეთანხმების უარყოფას.

"ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერი და სუფთა წყალი, ჩვენ ის აუცილებლად გვჭირდება" -განაცხადა რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატები აცხადებენ, რომ პლანეტის დაცვა შესაძლებელია ობამას შეთავაზებული ინიციატივის გარეშეც, რომელიც სამუშაო ადგილებს ამცირებს.

თავის მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მყარად დგას თავის პოზიციაზე.

„კონგრესის წევრების დიდი ნაწილი ისტორიის არასწორ მხარეს დგას. ვფიქრობ, აშშ-ის პრეზიდენტი ვერ გახდება ისეთი პიროვნება, რომელსაც არ ესმის კლიმატური ცვლილებების მნიშვნელობა და არ ეთანხმება ამ გეგმას.“ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმაც. მან ხელშეკრულებას ისტორიული, წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა. ხელშეკრულებაზე ისაუბრა ასევე კიდევ ერთმა დემოკრატმა კანდიდატმა ბერნი სანდერსმა:

„არ არსებობს იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე ის, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს დავუტოვოთ ჯანმრთელი პლანეტა.“

კლიმატური ცვლილებების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დებატები სავარაუდოდ გაგრძელდება მას შემდეგ რაც მომავალ კვირას კონგრესი კვლავ შეიკრიბება.

XS
SM
MD
LG