ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა პანკისში


პანკისის ხეობა, 21 აპრილი, 2019
პანკისის ხეობა, 21 აპრილი, 2019

საქართველოს ხელისუფლებამ დღეს, მართლმადიდებლურად ბზობისა და კათოლიკურად აღდგომის დღესასწაული განსხვავებულად აღნიშნა - პანკისში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით. მოვლენები, ერთი შეხედვით, სრულიად მოულოდნელად დაიძაბა იმდენად, რომ შუადღის სამის ნახევრისთვის ხეობაში სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა.

სრულად აღჭურვილი სპეციალური დანიშნულების რაზმები ეკონომიკის სამინისტროს ინტერესებს იცავდა. ესკალაციის პროცესში რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ადგილობრივებმა კი ქვები და ჯოხები, რაც იქვე, ბროლის ველზე მოიპოვეს.

დაზიანდა შსს-ს კუთვნილი სპეც-ტექნიკა, ზოგიერთ ჯავშანმანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ხეობაში სამი საათისთვის მოაღწია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ამასობაში ადგილზე, უკვე მრავლად იყვნენ რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, ქვებითა თუ ხელკეტებით დაშავებულები.

„რატომ გვეომება ხელისუფლება, რა უნდა ჩვენგან, ერთი მუჭა ხალხისგან?“

„შვილებს რატომ გვიხოცავთ, ხომ ჩუმად ვართ, რა დღეში გვაგდებთ? ჩვენი ფეხქვეშ გათელვა უნდა ერთ კაცს საქართველოში“;

„ჯარის შეყვანა თუ უნდათ, ცხინვალისა და აფხაზეთის გზა კარგად ვიცით ჩვენ;“

„ჩვენ გვინდა მომავალი, კარგი საქართველო, დაგვხოცონ, მაინც არ დავთმობთ, აქ ჰესი არ აშენდება“- ასეთი გახლდათ ადგილობრივების კომენტარები პანკისიდან. ერთ-ერთმა უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა კი განაცხადა, რომ სპეცრაზმის შემოყვანის აუცილებლობა პანკისში არ არსებობდა. ხალხი ცალკე დარჩა და ხელისუფლება ცალკე.

იმ დროს, როდესაც პანკისში სპეცრაზმი იყო მობილიზებული, ადგილობრივებმა მოახერხეს ჰესის ტერიტორიაზე გადასვლა. პირდაპირი ეთერით მოსახლეობამ ისიც იხილა, როგორ დაიწვა ერთი ტრაქტორი, რომელიც იქ დღეს სამუშაოების დასაწყებად მიიყვანეს.

მოგვიანებით, პანკისში თელავიდან შსს მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩავიდნენ. „ახლა ვჩერდებით, თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ეს ცალკე სალაპარაკოა. ჰესთან დაკავშირებით, მშენებლები გააგრძელებენ საუბარს თქვენთან და ადგილობრივებთან ერთად. რაზეც შეთანხმდებიან, ის იქნება გადაწყვეტილება. ქვების სროლა გამოსავალი არ არის. ამიტომ ახლა დავმშვიდდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ძმობას, ურთიერთობასა და საუკუნოვან ისტორიას შეეფერება... როცა ჰესის აშენებას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება მარტო“,- ასეთი გახლდათ გახარიას მიმართვა.

პანკისელები ჰესის აშენების წინააღმდეგ გამოდიან და მათ მოსაზრებას გარემოს დაცვის მიმართულების სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც იზიარებენ. ის კონკრეტული ჰესი, ხადორი 3, რომლის მშენებლობის შესაძლებლობა დღეს პანკისელებმა არ მისცეს კომპანიას, 5 მეგავატ ელექტროენერგიაზეა გათვლილი. ჰესის მცირე მოცულობა არ ნიშნავს აურზაურს არაფრის გამო, რადგან ამით არ იქმნება სრული სურათი იმისა, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ამ დროისთვის პანკისში ორი ჰესი უკვე არსებობს. შპს ფერი, ხადორის მშენებელი ორგანიზაცია, მისი შვილობილი ორგანიზაციის "ალაზანი ენერჯის" მეშვეობით (შპს ფერი და მისი შვილობილი კომპანია ალაზანი ენერჯი (მმართველები -იორდანაშვილები) ის კომპანიებია, რომელმაც დარიალჰესი ააშენეს და გეგმავენ ონის კასკადების მშენებლობას, აქვთ ასევე სხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები) კიდევ ერთი, 27 მეგავატიანი ჰესის (სამყურის წყალი 2) მშენებლობას გეგმავს პანკისში, ალაზანზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მცირე მონაკვეთში უნდა ვიგულისხმოთ ოთხი და არა მხოლოდ ერთი, ისიც 5 მეგავატიანი ჰესი.

EMC პანკისელების უფლებას ჰესების აშენების წინააღმდეგ სასამართლოში იცავს. მისი წარმომადგენელი ეთო გვრიტიშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ მოსახლეობისთვის ჰესის მშენებლობაზე წინააღმდეგობის ერთ-ერთი მიზეზი ის მოცემულობაცაა, რაც, როგორც შედეგი, უკვე დადგა სხვა ხეობებში, მცირე მასშტაბების ჰესების მშენებლობიდან გამომდინარე.

„ადგილობრივები ხედავენ, რომ ჰესების მშენებლობის შემთხვევებში, მდინარეები აღარ არსებობს, ეკო-სისტემა იკარგება და მთლიანად უნდობლობა უჩნდებათ ჰესების მშენებლობის მიმართ. ამავე ხეობაში, ზაფხულში რომ ჩახვიდეთ, ნახავთ, რომ მდინარე ზოგ ადგილას საერთოდ არ მოედინება, რადგან ის მთლიანად ჰესზე აქვს მიმართული კომპანიას. ამ შემთხვევაში, ალაზანზეა საუბარი. ორი ჰესი აქ უკვე არსებობს, დამატებით კიდევ ორი ჰესი რომ აშენდეს, ოთხი ჰესის ერთობლივი ზეგავლენა გარემოზე სახელმწიფოს საერთოდ არც შეუფასებია. ერთი, დამოუკიდებელი ჰესი, შესაძლოა, საერთოდ არ იყოს ზიანის მომტანი, მაგრამ ერთი მდინარის პატარა მონაკვეთზე ოთხ ჰესს უკვე მასშტაბური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია“,- გვეუბნება ეთო გვრიტიშვილი.

ამ დროისთვის EMC -ს სარჩელზე სასამართლოში არსებითი განხილვები არ დაწყებულა და პროცესი ჭიანურდება. ორგანიზაციის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ გასული წლის ივნისში დაწყებული დავის განხილვის პროცესს სასამართლოში დღევანდელი მოვლენები წინ წასწევს.

რატომ აღმოჩნდა სახელმწიფო ასეთი ხისტი და რეპრესიული პანკისელების პროტესტის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, ღია კითხვაა. დღეს, სანამ შეტაკება დაიწყებოდა, რამდენიმე ადგილობრივი უხუცესი პანკისიდან თელავში შს მინისტრის მოადგილეს ხვდებოდა. შეხვედრაზე პანკისელებს პირდაპირ განუცხადეს, რომ მათგან წინააღმდეგობას არ მიიღებენ. მოლაპარაკებაზე მისული პანკისელები ულტიმატუმის წინაშე აღმოჩნდნენ და შეხვედრა დატოვეს.

სახელმწიფო მოხელეებსა და კერძო ბიზნეს ინტერესებს შორის შესაძლო კავშირებს გარემოს დაცვით ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ სწავლობს. დღეს, პანკისელების მხარდასაჭერად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და მწვანე ალტერნატივამ საპროტექსტო აქცია პარლამენტთან გამართეს და საპოლიციო ძალების ხეობიდან გამოყვანისა და გადამეტებული ძალის გამოყენების საკითხის შესწავლის მოთხოვნასთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლადდანიშნული მინისტრის, ნათია თურნავას გადაყენებაც მოითხოვეს, „რომელსაც აშკარა ინტერესთა კონფლიქტი აქვს ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და მისი დანიშვნიდან პირველივე დღეებში კრიზისი შექმნა პანკისის ხეობაში.“

ასევე, განსაკუთრებით საინტერესოა შპს ფერის, ჰესების მშენებელი კომპანიის განცხადება, რომელიც დღეს გავრცელდა. კომპანია პანკისელებს ისეთ მომსახურებასა და სერვისებს ჰპირდება ჰესის აშენების უფლების სანაცვლოდ, რაც ცალსახად სახელმწიფოს კომპეტენციაა. მათ შორისაა გზებისა და ხიდების მშენებლობა და სასმელი წყლით უზრუნველყოფა. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ეთო გვრიტიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაციის ასეთი უჩვეულო და შეუსაბამო დაპირებები ცხადჰყოფს, რომ პანკისელების შიშები სასმელი წყლის გაქრობის საფრთხეების შესახებ, რეალურია. „კომპანიამ პირდაპირ უთხრა მათ, რომ თუ წყალი გაქრება ხეობაში, ცისტერნებით მოამარაგებენ თვითონ“,- გვეუბნება ეთო გვრიტიშვილი.

ხეობაში დღეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს კომუნიკაციის პრობლემა ადგილობრივებთან.

ამ დროისთვის, პანკისში ვითარება განმუხტულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეპრესიულ პოლიტიკას ადგილობრივები გაგებით მოეკიდებიან. დღევანდელი დღის შედეგები ასეთია: სამკურნალო დაწესებულებაში აღმოჩნდა სულ 37 ადამიანი, მათ შორის 34-ია სპეც-დანიშნულების რაზმის წევრი და 3 სამოქალაქო პირი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG