ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემია ამერიკის სენატის კონტროლისთვის ბრძოლას ართულებს


2020 წლის 3 ნოემბერს ამერიკელები მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს არ ირჩევენ. ნოემბრის პირველ სამშაბათს გადაწყდება ისიც, თუ ვინ გააკონტროლებს შეერთებული შტატების სენატს.

დემოკრატებისთვის სენატის მოგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე კვლავ რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, მათ სენატის დაკავება მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბერკეტს მისცემს. ამ ეტაპზე სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ. უმრავლესობის ლიდერი, სენატორი მიტჩ მაკკონელი პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერად ითვლება.

მიტჩ მაკკონელი, სენატის უმრავლესობის ლიდერი
მიტჩ მაკკონელი, სენატის უმრავლესობის ლიდერი

არჩევნებამდე სულ 5 თვე რჩება, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ჯერ კიდევ არაა ნათელი, თუ ვინ მოიპოვებს უმრავლესობას ნოემბერში.

პანდემია კოვიდ-19 და მასთან ბრძოლა ახლა ყველაფერს ცვლის. ანალიტიკოსებიც კი თავს იკავებენ პოლიტიკური პროგნოზებისგან, რადგან არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემოდგომაზე. ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, რაზეც ჯანდაცვის სპეციალისტები ხშირად საუბრობენ, არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა შეიძლება ძალიან დაბალი იყოს.

3 ნოემბერს სენატის ერთ მესამედს თავიდან აირჩევენ. დემოკრატებს სენატში ახლა 100-დან 45 მანდატი აქვთ, 2 დამოუკიდებელ სენატორთან ერთად, რომლებიც ძირითადად დემოკრატებს ემხრობიან. უმრავლესობის მოსაპოვებლად, მათ 3-4 დამატებითი მანდატი ესაჭიროებათ.

სენატისთვის ბრძოლა ძირითადად რამდენიმე შტატში გადაწყდება, სადაც დემოკრატებს უკეთესი შანსები აქვთ. ესენია: ალაბამა, არიზონა, კოლორადო, მეინი და ჩრდილოეთ კაროლინა.

ალაბამაში რესპუბლიკელების სახელით ყოფილი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი და ფეხბურთის მწვრთნელი ტომი ტუბერვილი იბრძვიან. დემოკრატების მხრიდან მათი ოპონენტია სენატორი დაგ ჯონი. 7-10 მაისს ჩატარებული გამოკითხვით, ალაბამაში რესპუბლიკელებს მხოლოდ მცირე უპირატესობა აქვთ. თავად რესპუბლიკელებს შორის კი დიდი უპირატესობით ტუბერვილი ლიდერობს.

ჯერჯერობით მეტი შანსები აქვთ დემოკრატებს არიზონის შტატში. დემოკრატ კანდიდატს, ყოფილ ასტრონავტს მარკ კელის გამოკითხვებში მოსახლეობის 51 პროცენტი უჭერს მხარს. რესპუბლიკელ სენატორს, მარტა მაკსალის, რომელმაც სენატში სულ ერთი ვადით იმსახურა - 38%. კელის შანსებს ისიც ზრდის, რომ მისმა საარჩევნო კამპანიამ 2020 წლის არჩევნებისთვის, სენატორებს შორის ყველაზე დიდი თანხის, 51 მილიონი დოლარის მობილიზება შეძლო.

მარკ კელი
მარკ კელი

თუმცა, არიზონაში რესპუბლიკელების პრობლემა მხოლოდ ეს არაა. პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა შტატში ძალიან დაბალია, მაშინ როცა 2016 წელს ტრამპმა არიზონა თითქმის 4 პროცენტის უპირატესობით მოიგო. გამოკითხვების მიხედვით, წელს პრეზიდენტს არიზონელების მხოლოდ 43% უჭერს მხარს. ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კი მოსახლეობის 50% ემხრობა.

რაც შეეხება კოლორადოს, იქ რესპუბლიკელი სენატორის კორი გარდნერის რეიტინგი ძალიან დაბალია. ნოემბრის არჩევნებზე მისი მთავარი ოპონენტია დემოკრატი ჯონ ჰიკენლუპერი, შტატის ყოფილი გუბერნატორი, რომელსაც დღეისთვის ორნიშნა, 17-18%-იანი უპირატესობა აქვს.

მეინის შტატში გამოცდილი, ოთხვადიანი რესპუბლიკელი სენატორის, სუზან კოლინსის შანსებიც დაბალია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ იქ უპირატესობას მეინის შტატის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი სარა გილდეონი ფლობს. თუმცა, გილდეონი ოპონენტს მხოლოდ 4 პროცენტით უსწრებს.

დემოკრატებს მოგების მცირე შანსი აქვთ ჩრდილოეთ კაროლინაშიც. რესპუბლიკელ სენატორს ტომ ტილისს და დემოკრატ კალ კანინგემს იქ თითქმის თანაბარი რეიტინგები აქვთ. ერაყის და ავღანეთის ომების ვეტერანის გალ კანინგემის პოპულარობა შტატში თანდათან იზრდება. პანდემიის გამო, ორივე კანდიდატმა საარჩევნო კამპანია ონლაინ გადაიტანა, რასაც მომავალ არჩევნებზე კიდევ მეტი გაურკვევლობა შეაქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG