ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელი ქრისტიანები ბეთლემში შობისთვის ემზადებიან


პალესტინელი ქრისტიანები ბეთლემში შობისთვის ემზადებიან
პალესტინელი ქრისტიანები ბეთლემში შობისთვის ემზადებიან

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, სადაც სახარების თანახმად კაცობრიობას უფალი იესო ქრისტე მოევლინა, შობის დღესასწაულისთვის მზადება აპოგეას უახლოვდება.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი რობერტ ბერგერი იერუსალიმიდან იუწყება, წელს ბეთლემში შობის დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები ისრაელსა და პალესტინური ავტონომიის თანამშრომლობის ფონზე დაიგეგმა. ძალადობის დონემ საგრძნობლად იკლო რამაც ტურისტების მოზღვავებული ნაკადი გამოიწვია. სადღესასწაულო სეზონის დროს აქ 90,000 ტურისტს ელიან, რაც გასული წლის მაჩვენებელს 30 პროცენტით აღემატება.

ისრაელის ტურიზმის მინისტრი სტას მესეზნიკოვი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

„ტურიზმი მშვიდობისა და დიალოგის საშუალებას წარმოადგენს. წარმატებული თანამშრომლობა ხომ ისრაელისა და პალესტინელების საერთო ინტერესებს ემსახურება.“

სადღესასწაულოდ ისრაელმა მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა და იერუსალიმიდან ბეთლემშე გადასვლა გააადვილა. როგორც ცნობილია ქალაქი ბეთლემი პალესტინური ავტონომიის იურისდიქციას ექვემდებარება.

„ათასობით ტურისტი დასავლეთ ნაპირზე გადასვლას ადვილად შესძლებს. ამას გარდა დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები ქრისტიანები ისრაელში მყოფ ნათესავებს შეზღუდვების გარეშე მოინახულებენ,“ განაცხადა ისრაელის სამხედრო ძალების გენერალმა ეიტან დანგოტმა.

პალესტინელი ქრისტიანები, ბეთლემის ეპისკოპოსის ნაიმ ხურის ჩათვლით, ისრაელის მთავრობის მიერ უსაფთხოების ზომების შემსუბუქებას მიესალმებიან.

„ვფიქრობ მათ ხალხის დასახმარებლად შესანიშნავი სამუშაო ჩაატარეს. შედეგად დაძაბულობა შემცირდა და ჩვენ შველა ვიგრძენით. მე მათ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილი კეთილგონივრულობის გამო დიდ მადლობას ვუცხადებ,“ აღნიშნა ბეთლემის ეპისკოპოსმა.

მზარდი ტურიზმის ფონზე ბეთლემის ეკონომიკა გამოცოცხლდა. მაგრამ ქალაქი გარშემორტყმულია ისრაელის მთავრობის მიერ აშენებული კედლით და პალესტინელები აღნიშნავენ, რომ კედელმა ბეთლემი ციხედ აქცია.

ბეთლემის მერმა ვიქტორ ბატარშემ განაცხადა, რომ კეთილდღეობა თავისუფლებას ვერ შეცვლის.

„ჩვენ თვითგამორკვევის უფლების მოპოვება გვსურს რათა ისტორიულად პალესტინურ მიწა-წყალზე დაარსდეს პალესტინური სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იერუსალიმში იქნება,“ დასძინა ბეთლემის მერმა.

ისრაელის მთავრობამ კედელი თვითმკვლელი ტერორისტების შეკავების მიზნით ააშენა, მაგრამ პალესტინელები აღნიშნავენ, რომ კედელი თვალნათლივ შეახსენებს ყველას, რომ კიდევ ერთი შობა ოკუპაციის პირობებში ჩაივლის.

XS
SM
MD
LG