ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირან-პაკისტანის „მშვიდობის მილსადენი“


Ahmadinejad and Zardari marked the start of Pakistani construction o

პაკისტანი-ირანის მჭირდო ენერგო-თანამშრომლობა შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს

თითქმის 20 წლის შემდეგ, ირან-პაკისტანის „მშვიდობის მილსადენის“ მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ირანული კომპანიები მილსადენის პაკისტანში მდებარე ნაწილზე მუშაობენ. დაახლოებით 900 კილომეტრი სიგრძის მილსადენი ირანის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია.
პაკისტანი-ირანის მჭირდო ენერგო-თანამშრომლობა შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რომელთა დანიშნულებაც ირანის ენერგო-პროდუქტების ექსპორტის შემცირებაა თეირანის ბირთვული პროგრამის დაფინანსების ხელშესაშლელად.
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ამბობს, რომ გაზის გაყიდვას არაფერი აქვს საერთო ბირთვულ პროგრამასთან.
„უცხოურმა ელემენტებმა, რომლებიც პაკისტანისა და ირანის წინსვლას ეწინააღმდეგებიან, ბირთვული პროგრამა გამოიყენს მიზეზად. გაზის მილსადენს არაფერი აქვს საერთო ბირთვულ პროგრამასთან. ბუნებრივი აირით ატომურ ბობმს ვერ შექმნი.“
პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ამბობს, რომ მილსადენი ეკონომიკური გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია:
„ჩვენი ეკონომიკა გამართულად უნდა მუშაობდეს და პაკისტანის გადმოსახედიდან, ეს მილსადენი ამის გარანტია იქნება.“
ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი ახბარ აჰმედი ამბობს, რომ პაკისტანის ენერგო დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემები მნიშვნელოვნად აღემატება შეერთებული შტატების წინააღმდეგობის სავარაუდო შედეგებს:
„პაკისტანის მთავრობის ინტერესებში შედის ირანიდან გაზი შეიყვანოს, თუმცა შეერთებული შტატები ყველაფერს აკერთებს იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ხელი შეუშალოს.“
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდის განცხადებით: „თუ ეს პროექტი განხორციელდა, ამუშავდება ირანის სანქციების აქტი. ჩვენ პაკისტანი ამის შესახებ არაერთხელ გავაფრთხილეთ.“
რამდენიმე ქვეყანამ, რომლებიც ირანისგან ენერგო-რესურსებს ყიდულობენ, სანქციებისგან გამონაკლისი მიიღეს. პაკისტანს მიაჩნია, რომ ახალი მილსადენი ამ სახის გამონაკლისების კატეგორიაში უნდა მოხვდეს.
„არ ვიცი რატომ არ შეგვიძლია მივმართოთ მსოფლიო თანამეგობრობას და მას ჩვენი პოზიცია დავანახოთ იმისთვის, რომ პაკისტანმაც მიიღოს ასეთი გამონაკლისი სანქციების რეჟიმიდან,“ აცხადებს პრეზიდენტი ზარდარი.
ობამას ადმინისტრაცია კი ამ შეხედულებას პასუხობს და აცხადებს, რომ სხვა შემთხვევების პაკისტანთან შედარება რელევანტური არ არის.
„იაპონიის შემთხვევაში, ისინი დროთა განმავლობაში იმპორტირებული საწვავის ოდენობას ამცირებენ. იგივეს აკეთებენ სხვა ქვეყნებიც. თუ ამ მილსადენის პროექტი მართლაც განხორციელდა - ჩვენ ეს დაპირება არაერთხელ მოვისმინეთ ორივე მხარისგან - პაკისტანი არასწორი მიმართულებით დაიწყებს განვითარებას,“ აცხადებს ვიქტორია ნულანდი.
პროფესორი აჰმედის თქმით, ამერიკის მიერ წამოწყებული სანქციები ირანსა და პაკისტანს კიდევ უფრო დააახლოებს:
„არ მგონია შეერთებული შტატების ინტერესებში უნდა შედიოდეს ის, რომ პაკისტანი კუთხეში მოაქციოს. ქვეყანაში უკვე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა კანონის უზენაესობის, ეკონომიკური მდგომარეობისა და ზოგადი პოლიტიკური ვითარების მხრივ. ამერიკა არ უნდა გახდეს პაკისტანში მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზი.“
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ისლამაბადში დაუგეგმავი ვიზიტით ჩასვლას აპირებდა, რომლის დროსაც მილსადენი განხილვების ერთ-ერთი თემა იქნებოდა. თუმცა კერიმ ვიზიტი გააუქმა ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში გამწვავდა.
XS
SM
MD
LG