ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური ქველმოქმედების მოკრძალებული ხიბლი


ლეონიდ ჩერნოვეცკი

2016 წელს, ქართული პოლიტიკის “უმაღლეს ლიგაში” გადმოსვლის მიზანი ორმა ისეთმა დებიუტანტმა დაისახა, რომლებსაც ქვედა დონეზე თამაშის გამოცდილებაც კი არა აქვთ და აქამდე მხოლოდ ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი.

პირველი - მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი, პაატა ბურჭულაძეა. სახელგანთქმულმა ბანმა, რომელსაც 12 თებერვალს 61 წელი უსრულდება, ყველა დაგეგმილი კონცერტი გააუქმა, რომ მის მიერვე დაფუძნებულ „საქართველოს განვითარების ფონდის“ მუშაობაში აქტიურად ჩაბმულიყო.

პაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე

ბურჭულაძე ამ დრომდე არ ადასტურებს, რომ ფონდის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას და 2016 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. თუმცა, „განვითრების ფონდმა“ ბოლო ერთი თვის მანძილზე, საკუთარი ოფისი საქართველოს ექვს ქალაქში (თბილისი, თელავი, რუსთავი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი) გახსნა. ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური პარტიისთვის საძირკველი უკვე გაჭრილია.

ფონდის თანადამფუძნებლები: „ტოიოტა ცენტრის“ მეპატრონე, ბიზნესმენი ირაკლი გურჩიანი და რუსთავის ყოფილი მერი მერაბ ტყეშელაშვილი არიან. აღმასრულებელი დირექტორი კი პრეზიდენტის ყოფილი საგარეო მრჩეველი, იაპონიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვანო მაჭავარიანია.

გუშინ ბათუმის ოფისის გახსნაზე, პაატა ბურჭულაძემ კიდევ უფრო გაამწვავა რიტორიკა და არსებული პოლიტიკური კლასი მკაცრად გააკრიტიკა.

“მე, ზვიადის მერე ედუარდს დავუდექი გვერდში, გადამიღეს მასთან სურათი და სულ ჩემი სურათის ჩვენება იყო, ედუარდთან ერთად.

მერე მიშა მოდიოდა, როცა ედუარდმა აქ უკვე ვერაფერი გააკეთა, ძაან გამიხარდა. მიშასთან დავდექი გვერდში, ხელგადახვეული ვიღებდი მასთან სურათებს და ყველაგან ვიძახდი - სააკაშვილი, სააკაშვილი!

მიშამ როცა ქნა და ქნა, რაც გააკეთა ყველამ ვიცით, მერე უკვე ბიძინასთან იყო მთელი სურათების გადაღება. დღეს აღარ არის არავინ, ვისთან ერთადაც შეიძლება სურათის გადაღება. აი, ამიტომაც აღარ არის..”(ხანგრძლივი ტაში)

მეორე დებიუტანტი - უკრაინის დედაქალაქ კიევის ყოფილი მერი, უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, 64 წლის ლეონიდ ჩერნოვეცკია, რომელიც სამი ქვეყნის უკრაინის, ისრაელის და საქართველოს მოქალაქეა.

ჩერნოვეცკი 2011 წელს კიევში მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას გამოექცა, ქობულეთში ზღვის პირას მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც 2013 წელს ფეშენებელური ვილა აიშენა. იგი საქართველოს კარგად იცნობს, მისი პირველი მეუღლე თბილისელი ალინა აივაზოვა იყო, საბჭოთა საქართველოში ცნობილი „ცეხავიკის“ სტეფან აივაზოვის ქალიშვილი.

კიევის დღევანდელი მერის, ვიქტორ კლიჩკოს მტკიცებით, ჩერნოვეცკიმ 70 მილიარდი გრივნა (დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარი) მიითვისა და უკრაინიდან სწორედ ამიტომ გაიქცა. თუმცა, თავად „ლიონია-კოსმოსი“, სწორედ ასეთი მეტსახელი აქვს ჩერნოვეცკის უკრაინაში, ყველა ბრალდებას უარყოფს.

კიევის ყოფილმა მერმა თავის პოლიტიკურ პარტიას „ბედნიერი საქართველოსთვის“ უწოდა. ყველაზე ცნობილი ფიგურა კი მის პოლიტიკურ ჯგუფში, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძეა, რომელიც 2014 წლის სექტემბერში, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს. მურმან დუმბაძე დღეს ამბობს:

„საქართველოში პოლიტიკური ველი საკმაოდ მოშიშვლებულია. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს ყოფილ ხელისფლებას - „ნაცმოძრაობას“, არც ცნობს „ოცნებასაც“, დღევანდელ ხელისუფლებას. გამოკითხვებით ჩანს, რომ 60-70 პროცენტი ელის ახალ პოლიტიკურ ძალას. არ არის გამორიცხული, „ბედნიერი საქართველოსთვის“, რომელიც დააფუძნა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ აღმოჩნდეს ის პარტია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის გულებამდე მივა.“

ორივე დებიუტანტი პაატა ბურჭულაძეც და ლეონიდ ჩერნოვეცკიც ქართული პოლიტიკაში დამკვიდრებას, უკვე ტრადიციული და არაერთხელ გამოყენებული ხერხით (ბადრი პატარკაციშვილი, ბიძინა ივანიშვილი): ქველმოქმედების დროს დაგროვილი კაპიტალით ცდილობენ.

პაატა ბურჭულაძე 2004 წლიდან არის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი, რომელმაც ამ ხნის მანძილზე, ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის ბევრი კეთილი საქმე გააკეთა.

ამავე დროს, არის ფონდ „ივერიის“ დამფუძნებელიც, რომლის თაოსნობით, უკვე მეექვსე წელია, თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი შენდება. შესაბამისად, ბურჭულაძეს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად პატრიარქის დიდი მხარდაჭერის იმედიც აქვს.

ლეონიდ ჩერნოვეცკი კი ბოლო სამი წელია საკუთარი „სოციალური თანასწორობის“ ფონდის მეშვეობით, ქობულეთსა და თბილისში სოციალურად დაუცველი ბავშვთა პანსიონებს და მარტოხელა მოხუცების დასახმარებელ პროექტებს აფინანსებს.

XS
SM
MD
LG