ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს?


შობა 2022

„25-სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო“- იგალობება ძველი ქართული რელიგიური სიმღერა ამ ტექსტით. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. რა უშლის ხელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შობა, საერთო საქრისტიანოს ეს უდიდესი დღესასწაული, დანარჩენ მართლმადიდებელ სამყაროსთან ერთად, 25 დეკემბერს აღნიშნოს?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თითქმის ყველა კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნდობით სარგებლობს. შობის დღესასწაულის საზიარო აღნიშვნა იქნებოდა თუ არა ეკლესიის, როგორც მოსახლეობისთვის სანდო ინსტიტუციის მძლავრი მესიჯი და დაეხმარებოდა, თუ არა ეს საქართველოს დასავლურ სამყაროსთან მენტალურ დაახლოვებაში?

შეიძლება თუ არა, შობის აღნიშვნის თარიღი წარმოადგენდეს პოლიტიკურ იარაღს რუსეთის ხელში? - ამ საკითხების ის შესახებ მოსაზრებები "ამერიკის ხმამ" ჩაწერა.

მსოფლიოში დღეს 15 მართლმადიდებელი ეკლესიაა საყოველთაოდ აღიარებული. აქედან 11 მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს, ოთხი კი 7 იანვარს. მათ შორისაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც, რუსეთის, სერბეთის, იერუსალიმის ეკლესიებთან ერთად.

მსოფლიოს 11 მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა, მოწმობს იმას, რომ თარიღთან მიმართებით რელიგიური ხასიათის (კანონიკური) წინააღმდეგობა/მიუღებლობა არ არსებობს. მაშ, რა უშლის ხელს საქართველოს, შობა მთელ დასავლურ სამყაროსთან ერთად, 25 დეკემბერს აღნიშნოს და ამით, ერთის მხრივ, გამოხატოს დასავლეთთან ერთიანობა, მეორეს მხრივ კი იდეოლოგიურად ჩაეხსნას რუსეთს და რუსულ საეკლესიო ორბიტას? „ამერიკის ხმამ“ ჩაწერა საქართველოს პატრიარქის მდივანიც, თეოლოგიცა და ისტორიის დოქტორი სასულიერო პირიც. სამივე მათგანი ადასტურებს, რომ დოგმატური ან კანონიკური ხასიათის წინაღობა შობის დღესასწაულის თარიღთან მიმართებით არ არსებობს. დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა თავისუფლადაა შესაძლებელი, მაგრამ ის, რის გამოც საქართველო ამ ნაბიჯს არ დგამს, არა რელიგიური ან დოგმატური, არამედ, სხვა მიზეზებითაა განპირობებული.

შობის დღესასწაულის პოლიტიკური სარჩული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი „ამერიკის ხმასთან“ იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რის გამოც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს 7 იანვარს და არა 25 დეკემბერს. თუმცა, ამავდროულად, დასძენს, რომ ეკლესიას საქმეთა წარმოება ახალ სტილზე აქვს. „საქმეთა წარმოება ხომ იმ სტილზე გვაქვს, რითაც ხელმძღვანელობს ევროპა. ჩვენ ხომ მათ არანაირ პრობლემას არ ვუქმნით? ეს [სტილის საკითხი] არის ეკლესიის სახელმძღვანელო. სამოქალაქო სამართალწარმოება, საეკლესიო საქმეთა წარმოება, ყველაფერი ახალი სტილზე გვაქვს. მე უფრო მეტს გეტყვით, თუ ევროპეიზაციასთან მიმართებით, ეს რაიმე პრობლემას ქმნის, ძალიან სკეპტიკურად შევხედავდი მე ევროპეიზაციას. ეს საკითხი არ იძენს ისეთ მნიშვნელობას, რომ პრობლემატური იყოს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით,“- განმარტავს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. მისი მოსაზრებით, ეკლესიის მიერ ახალ სტილზე გადასვლა არაა იმ მნიშვნელობის საკითხი, რომ ამის გამო „ვინმემ იქ [დასავლეთში] წითელი ხალიჩები დაგვიგოს.“

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობს რუსული საეკლესიო გავლენისგან თავის დაღწევას და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებისგან საყოველთაო აღიარების/ცნობის მოპოვებას. 2022 წელს მათ მიიღეს გადაწყვეტილება შობის დღესასწაული 25 დეკემბერს აღნიშნონ. „ჩვენ არ გვინდა რამე საერთო გვქონდეს რუსეთთან,“- აცხადებენ კიევში საეკლესიო მრევლის წევრები. საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ უკრაინის ეკლესიამაც კი 10 წელი დაასახელა მოსამზადებელ პერიოდად, რა დროსაც ის დააკვირდება, რამდენად გაამართლებს აღნიშნული ინიციატივა. ამ ხნის განმავლობაში, სამღვდელო პირებისა და ეპარქიების მრევლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღად 25 დეკემბერს აარჩევენ, თუ 7 იანვარს.

„ჩვენ დავაკვირდებით, რა შედეგს მოიტანს ეს გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის. ჩემს სუბიექტურ აზრს გეტყვით. რეფორმის შემოღება პერიოდში, როდესაც უკრაინის რელიგიურ ცხოვრებაში არის სრული ქაოსი და როდესაც იქ მოქმედებს რამდენიმე ეკლესია, რომელიც ერთმანეთს პირველობას ედავება, ნამდვილად, შემიძლია გითხრათ, რომ [სტილთან დაკავშირებული რეფორმის გატარება] სასიკეთოდ არ წაადგებათ“,- გვეუბნება დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

წლევანდელ 25 დეკემბერს სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით თვალში მოსახვედრი იყო საშობაო მილოცვები და ღიად გამოხატული სურვილები, მოლოდინები იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც 25 დეკემბერს აღნიშნოს შობა. „ამაღამ მთელი საქრისტიანო - მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილის ჩათვლით - ქრისტეშობას ეგებება. არ ეგებება მხოლოდ რუსული, სატანისტურ-კაგებეშნიკური კანტორა - ბოროტების იმპერიის რელიგიური ქვედანაყოფი, რომელიც არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას (მათ შორის, ქართული ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთზე), ბარბაროსულად ათეთრებს და იავარქმნის უძველეს ქართულ ტაძრებს და ლოცვა-კურთხევას არ აკლებს უსისხლო მკვლელებს, რომლებიც უდანაშაულო ქართველებსა და უკრაინელებს ხოცავენ... არ ეგებება ამ დღეს არც რპც-ს რამდენიმე, ობლად დარჩენილი სატელიტი. გისურვებთ, საქართველომ მალე დაიხსნას თავი იმპერიული მარწუხებისგან, რისი დასტური - და სიმბოლოც - ქრისტეშობის 25 დეკემბერს აღნიშვნა იქნება. დამდეგ შობას გილოცავთ!“- წერს სოციალურ ქსელში ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი.

„ჩვენთან ამბობენ, კათოლიკური შობაა 25 დეკემბერსო. ესაა დიდი შეცდომა. რა კათოლიკური და პროტესტანტული შობა, როდესაც ამ დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესიების უდიდესი უმრავლესობა“,- ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

7 იანვარს შობას რუსული ეკლესიაც ზეიმობს. „ჩვენ საერთო წარსული გვაკავშირებს,“- გვეუბნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. ჩვენთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ შობის ზეიმი 7 იანვარს არ ნიშნავს რუსული გავლენის ქვეშ ყოფნას. „რუსეთი აქ არაფერ შუაში არაა. ჩვენ ერთი და იგივე გზა გავიარეთ 20-იანი წლებიდან, როდესაც ახალი სტილი შემოვიდა საბჭოთა კავშირში. ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი და ეს ყველაფერი აისახა ჩვენზეც. მაგრამ დღეს, რაკი რუსეთი არის ძველ სტილზე და ჩვენ ნიშნის მოგებით, რომ ევროპელებისთვის აღმოვჩნდეთ უფრო მისაღებები და წინ წაწეულები, ამის გამო, ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. თუნდაც, მხოლოდ რუსეთი იყოს დარჩენილი [ძველ სტილზე]. ჩვენ სხვა ახსნა გვაქვს სტილთან მიმართებით. ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაიგივებთ იმასთან, რაც რუსეთში ხდება. რუსეთს აქვს თავისი გზა, ჩვენ ჩვენი გზა,“- გვეუბნება დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

„ამერიკის ხმამ“ მმართველი გუნდის წარმომადგენელს, პარლამენტარს „ქართული ოცნებიდან“ მიხეილ სარჯველაძეს ჰკითხა იმის შესახებ, რამდენად დაეხმარებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის თარიღის 25 დეკემბერს დაწესება საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში.

 მიხეილ სარჯველაძე, „ქართული ოცნება“
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:17 0:00

„ესაა სასულიერო დღესასწაული. აქედან გამომდინარე, ანგარიშგასაწევია ის პოზიცია, რაც ეკლესიას ექნება. უფრო დასავლური განვითარება გვექნებოდა, თუ რუსული, შობის თარიღის ცვლილებიდან გამომდინარე - მე ამ საკითხს ასე არ ვხედავ. არ ვთვლი, რომ სეკულარიზმის პრინციპის მხედველობაში მიღებით, ჩვენს პროდასავლურობას, ან სახელმწიფოებრივ კურსს, რამენაირად, განაპირობებდეს ეს ფაქტორი. მით უმეტეს, რომ ამ პირობებში მოხერხდა და უზარმაზარი პროდასავლური განწყობაა ქვეყანაში. ყველა აღიარებს და კარგად აცნობიერებს, რომ ესაა საერო არჩევანი. საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი ეკლესია იყო უზრუნველმყოფი იმისა, რომ დასავლური ცივილიზაციისკენ მიდრეკილება და მისწრაფება შენარჩუნებულიყო. მათ შორის, რამდენიმე ისტორიული გადაწყვეტილებაც არსებობს, დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სასულიერო ცხოვრებიდან. მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული წვლილი აქვს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაშიც ამიტომ არის გაკეთებული აღნიშვნა ეკლესიის როლთან დაკავშირებით... მთავარია, სწორი ღირებულებები გვქონდეს, დანარჩენს, როგორიც არის, სიმბოლური დატვირთვა, მე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ასეთი გახლავთ ჩემი ხედვა ამ საკითხის შესახებ,“- გვეუბნება მიხეილ სარჯველაძე.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი, „მართლმადიდებლობა და თანამედროვეობას" რედაქტორი აღნიშნავს, რომ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვისთან ერთად, „რა წრეში“ აღნიშნავს საქართველო ამ დღესასწაულს. „მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ 25 დეკემბერს აღვნიშნავდეთ შობას დანარჩენ საქრისტიანოსთან და მართლმადიდებელ ეკლესიებთან ერთად. ვზეიმობდეთ არა იმ საპატრიარქოსთან, რომელიც ბირთვული ომით ემუქრება ყოველდღიურად მთელ სამყაროს, რომელიც ამართლებს ბავშვების ხოცვას, უკრაინის, საქართველოს ოკუპაციასა და რომელიც ეომება მართლმადიდებელი ტრადიციების სახელმწიფოებს, არამედ ქრისტიანებთან ერთად. ესენი [რუსები] ქრისტიანები არ არიან. როდესაც ჩვენ 7 იანვარს აღვნიშნავთ შობას, პრობლემა რუსეთზე ორიენტაციაა, თორემ თეოლოგიური მიზეზი არ არსებობს. თეოლოგიური ცოდნა და თეოლოგიური საფუძველი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გამოცლილი და გამოშიგნული აქვს, სამწუხაროდ.“

საქართველოში არსებობს „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანოა. ვებგვერდზე გამოქვეყნებული უკანასკნელი ანგარიში, რომელიც სააგენტოს საქმიანობას ასახავს, 2018-2019 წლების პერიოდს მოიცავს. 22-ე გვერდზე მითითებულია, რომ სააგენტომ 2019 წელს გამართა მორიგი, მეოთხე, ინტერრელიგიური კონფერენცია, რომლის მთავარი თემა გახლდათ „რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“. „ამერიკის ხმა“ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა კომენტარის მოპოვებას სააგენტოს ხელმძღვანელის ან სპეციალისტებისგან იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოტენციალს ევროინტეგრაციის გზაზე; შობის თარიღის საკითხმა შეიძლება, თუ არა რაიმე გავლენა მოახდინოს ამ მიმართულებით, მაგრამ უარი მივიღეთ.

„სტილის“ ისტორია და „სტალინის წილი“ რელიგიურ სეგრეგაციაში

მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და კათოლიკოსის არჩევის პერიოდი დაემთხვა დროს, როდესაც მსოფლიოში კალენდრის რეფორმა მიმდინარეობდა. იულიუსის კალენდრის ცდომილებას, იმ დროისთვის, 13 „ზედმეტი“ დღე ჰქონდა დაგროვილი, რის გამოც „დრო შეიცვალა“. ამერიკავკასიის ქვეყნებში 1918 წლის 18 აპრილი „ცნეს“ 1 მაისად. შესაბამისად, საეკლესიო დღესასწაულებიც ამგვარი ლოგიკით უნდა გადაადგილებულიყო და გადაადგილდა კიდეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რამდენიმე წლის განმავლობაში, 1925 წლამდე, ახალი სტილით აღნიშნავდა ყველა დღესასწაულს. მათ შორის, შობასაც - 25 დეკემბერს იქამდე, ვიდრე „მოსახლეობის გათვითცნობიერებისა და მოუმზადებლობის“ პრობლემამ არ იჩინა თავი.

გამოცემა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდისა, საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1928 წლისათვის. ფოტოასლები
გამოცემა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდისა, საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1928 წლისათვის. ფოტოასლები
გამოცემა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდისა, საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1928 წლისათვის. ფოტოასლები
გამოცემა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდისა, საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1928 წლისათვის. ფოტოასლები

მეოცე საუკუნის დასაწყისში, „დღეებში ნახტომის“ არსი სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები ადამიანებისთვის არავის აუხსნია, ამიტომაც, მოქალაქეებმა დღეების ათვლა ჩვეულებრივად გააგრძელეს. 18 აპრილს 19 აპრილი მოაყოლეს, 19 აპრილს 20... ამასობაში კი დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს დღეები 1, 2 და 3 მაისი იყო. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო ახალ სტილზე საბოლოოდ 1923-1924 წლებში გადავიდა. საქართველოსა და რუსეთში კი ძველ სტილს დაუბრუნდნენ, მხოლოდ, „დროებითის“ დათქმით. 1928 წლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაში განმარტებულია, რომ ძველ სტილზე დაბრუნება მოსახლეობის მომზადების აუცილებლობამ განაპირობა, რადგან მათ ვერ გაიგეს, სად გაქრა „მოპარული“ 13 დღე კალენდრიდან.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას დეკანოზი ილია ჭიღლაძე იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ აღარავინ უწევს ახლა ანგარიშს ჩანაწერს ახალ სტილზე „დროებითი“ თავშეკავების შესახებ. ის, ამ ყველაფერს, სტალინის ინტერესს უკავშირებს, საბჭოთა ქვეყნების ხალხთა მაქსიმალური დაშორების შესახებ „კაპიტალისტური სამყაროსგან“.

„1940-იან წლებში სტალინის ხელისუფლებამ შეიცვალა ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება და ეკლესიას მისცა ლეგალურად არსებობის უფლება, სანაცვლოდ ეკლესია ხდებოდა მისი მორჩილი მონა. ის ემორჩილებოდა რელიგიის საკითხთა აპარატს მოსკოვში, რომელსაც თბილისშიც ჰქონდა წარმომადგენლობა. ამ დროიდან ეკლესიაში ყველაფერი კონტროლდება ხელისუფლების მიერ. სტალინმა ეკლესია ჩააყენა კაგებეს სამსახურში. ვინ იკურთხება მღვდლად, პატრიარქად - ყველაფერი შეთანხმებულია სახელმწიფოსთან. სწორედ ამ დროს, სტალინმა წერტილი დაუსვა კალენდრის შეცვლის საკითხს იმით, რომ მოიწვია საეკლესიო კრება, სადაც კალენდრის ცვლილების საკითხზე ჩაიწერა, რომ აღარ გადაიხედება. ეს თემა დაბეტონდა. რა ინტერესი ჰქოდა სტალინს, ამ გადაწყვეტილების მიღებისას? სტალინის მიზანი იყო საბჭოთა ხალხის ჩამოშორება დასავლური სამყაროსგან. მაშინდელი კაპიტალისტური ქვეყნებისგან. საჭირო იყო მაქსიმალური სეპარაცია, გამოყოფა, სეგრეგაცია, იგივე საბერძნეთის, კონსტანტინოპოლის ეკლესიებისგან, რომელიც გადასული იყო ახალ სტილზე. კალენდრის საკითხში აცდენა კიდევ უფრო ზრდიდა საბჭოთა და არასაბჭოთა მართლმადიდებელ სამყაროებს შორის უფსკრულს. სტალინს ეს მშვენივრად გამოუვიდა. იმდენად, რომ ამ მემკვიდრეობით დღესაც წარმატებულად სარგებლობს პუტინი და ხელიდან არ უშვებს მართლმადიდებელ ქვეყნებზე გავლენის ბერკეტებს“,- გვეუბნება დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

7 იანვრის „უხერხულობა“

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ეკლესიისთვის 7 იანვარი იგივეა, რაც 25 დეკემბერი, რადგან ეკლესია ძველი სტილის კალენდარს ეყრდნობა.


"7 იანვარს შობის აღნიშვნა მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც სემიოტიკური განხეთქილება არსებობს ჩვენს რელიგიურ ცნობიერებაში, განხეთქილება დასავლეთთან, საქრისტიანოსთან. მხოლოდ რუსეთის ორბიტაზე დარჩენილი მართლმადიდებელი ეკლესიები აღნიშნავენ შობას 7 იანვარს. ესენია რუსეთის, სერბეთის, იერუსალიმისა და საქართველოს ეკლესიები. ოთხივე ეკლესია არის ინსტრუმენტი რუსეთის ხელში როგორც პოლიტიკურად, ასევე გეოპოლიტიკურად და იდეოლოგიურად,"- გვეუბნება ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი.

შობის დღესასწაულის 7 იანვარს აღნიშვნას კიდევ ერთი „უხერხულობა“ სდევს თან. ვინაიდან, იულიუსის კალენდარს გარკვეული ცდომილება ახლავს, ის დროდადრო „გადახალისებას“ საჭიროებს. მომდევნო გადაწევის თარიღი კი 2100 წელს, 1 მარტს დადგება. სწორედ ამ წელს აღმოჩნდება, რომ ქრისტეშობა არა 7 იანვარს, არამედ 8 იანვარს იქნება. კიდევ რამდენიმე ათწლეულში - 9 იანვარს და ასე შემდეგ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ კალენდრის ცდომილების გამო, შობის თარიღის ცვლილების აუცილებლობა 2100 წელს მართლაც, შეიქმნება. თუმცა მანამდე წინ 2023 წელია. საქართველოს მართლმადიდებელი მრევლი შობას 7 იანვარს, რუსეთის, სერბეთის, იერუსალიმის მრევლთან ერთად აღნიშნავს.

XS
SM
MD
LG