ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს


საქართველოში დღეს ქრისტეშობას ზეიმობენ. მართლმადიდებლური სამყაროს უმეტესი ნაწილი ქრისტეს დაბადების დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.

თბილისში, საშობაო ღვთისმსახურება ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და სინოდის წევრები უძღვებოდნენ. წირვას ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

მაცხოვრის შობის დღესასწაულზე, ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილოც“ გაიმართა. თბილისის მსვლელობის მონაწილეებმა ტკბილეული და საჩუქრები შეაგროვეს, რომლებსაც შემდეგ ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს გადასცემენ.

ილია მეორემ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, "ალილოს" მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, "ქრისტეს შობა ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება". კათოლიკოს-პატრიარქმა​ მიმართვაში ქართული ტრადიციების გაგრძელების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიყვარული, რწმენა, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს. ყველას გლოცავთ, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“ - თქვა ილია მეორემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG