ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი სროლა ამერიკულ კოლეჯში


ორეგონელებმა დაღუპულებს სანთლები აუნთეს.

პოლიციამ ჟურნალისტებს სთხოვა, ნუ გახდიდნენ ცნობილს მკვლელის სახელს და ამ ფაქტის პოპულარიზების და ამით სენსაციის შექმნისგან თავი შეეკავებინათ.

ხუთშაბათს ორეგონის შტატის ერთ-ერთ საჯარო კოლეჯში მომხდარი სროლების გამო 9 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ჩვენებით, თავდამსხმელი მძიმედ შეიარაღებული იყო. ის კოლეჯში ლექციების დროს შეიჭრა და სროლა ატეხა. პოლიციის მიერ დაწყებული საპასუხო სროლის შედეგად, თავდამსხმელი დაიღუპა.

პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობას არ ამხელს. მედიაში ქვეყნდება სავარაუდო თავდამსხმელის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ბლოგები, სადაც ის შენატროდა იმ ადამიანებს, რომელთაც სახელი მასობრივი მკვლელობებით უცებ გაითქვეს. დუგლასის ოლქის შერიფმა ჯონ ჰენლინმა პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მართალია ეჭვმიტანილის ვინაობა მათთვის ცნობილია, მაგრამ სთხოვა, ნუ გახდიდნენ ცნობილს მკვლელის სახელს და ფაქტის პოპულარიზების და ამით სენსაციის შექმნისგან თავი შეეკავებინათ. “არ მინდა მას ის სურვილი შევუსრულოთ, რაც ამ საშინელი, მხდალი აქტის ჩადენამდე ჩაიფიქრა” - უთხრა შერიფმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტი ობამა ფაქტს შესამჩნევი ბრაზით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები და მათზე რეაგირება ქვეყანაში უკვე “რუტინული” პროცესი ხდება და რომ ასეთი სიხშირით მასობრივი მკვლელობები სხვა არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ მეორდება. პრეზიდენტმა კონგრესს კიდევ ერთხელ მოუწოდა იარაღის შეძენის და ფლობის რეგულაციების გამკაცრებისკენ.

XS
SM
MD
LG