ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორქიდეების გამოფენა ვაშინგტონში


გამოფენის მესვეურები ორქიდეების არამარტო ესთეტურ მხარეზე, არამედ მის სამედიცინო და კულინარულ დანიშნულებაზე საუბრობენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00
ბმული

ამერიკის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მეგზურობას ნიკ ნელსონი, ლანდშაფტის არქიტექტორი გვიწევს. დედაქალაქის შუაგულში მდებარე ორანჟერეაში ორქიდეების მუდმივი გამოფენა ფუნქციონირებს. აქ ათასობით ორქიდეა ყვავის და ეროვნული ბოტანიკური ბაღის მნახველთა თვალს ახარებს.

ნიკის თქმით, „წლევანდელი ექსპოზიციის მთავარ თემად „ორქიდეების სიმფონია“ შეირჩა. ის სმითსონის ბაღებთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. სიმფონია ელეგანტურობის ისეთ შეგრძნებას იძლევა, რომელიც ორქიდეებსაც შეეფერება და ჩვენი ორანჟერეის არქიტექტურასაც უხდება“.

ყვავილებით დაწნილ უზარმაზარ მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის პატარა შადრევნებია. ისინი კომპიუტერიზებულია და კლასიკურ მუსიკაზეა დაპროგრამებული.

ლანდშაფტის არქიტექტორი ამბობს, რომ „ბაღში თითქმის ყველა ჯიშის და ფერის ორქიდეის ნახვა შეიძლება. შესასვლელში ორქიდეების ცნობილი მხატვრის, პატრიცია ლასპინოს ნახატებიცაა გამოფენილი. მათ შორისაა შეერთებული შტატების პირველი ლედის, „მიშელ ობამას ორქიდეა“. ტრადიციის თანახმად, პრეზიდენტ ჰუვერიდან მოყოლებული, თითოეული პირველი ლედის საპატივცემულოდ ორქიდეებს მათ სახელს არქმევენ“.

არი ნოვი ბოტანიკური ბაღის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა. ის ორქიდეების ერთ განსაკუთრებულ სახეზე მოგვითხრობს, ჩინურ მიწის ორქიდეაზე. ის არამარტო სილამაზით გამოირჩევა, არამედ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაშიც გამოიყენება.

ბევრმა არ იცის, რომ ორქიდეებს საკვებში სისტემატურად ვიყენებთ. ყველაზე გავრცელებული მათ შორის ვანილია. ის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან მოდის. თუმცა, ვანილს ძირითადად მადაგასკარიდან ვიცნობთ.

ორქიდეები განსაკუთრებული სილამაზის მატარებლები არიან. ის ჯიში, რომელსაც ჩვენ უფრო ვცნობთ და ვიცით, ტროპიკული ყვავილები არიან და ძირითადად ჯუნგლებში ხარობენ. ზოგადად კი ორქიდეების სხვადასხვა სახეობები ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე იზრდებიან.

„ორქიდეა მომაჯადოვებელი ყვავილია. რა ფერის ორქიდეას არ ნახავთ ჩვენთან. ბოტანიკურ ბაღში მათ შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას მიიღებთ, ოღონდ ჯერ აუცილებლად უნდა გაგაღიმოთ“ - - ამბობს არი ნოვი.

ვაშინგტონის ცენტრში, კაპიტოლიუმის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ორანჟერეა დამთვალიერებლებისთვის უფასოა. თითქმის 200 წლის წინ დაარსებული ბოტანიკური ბაღი უძველესია შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG