ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპერაცია "ლეჯენდ" ძალადობრივი დანაშაულის ზრდის წინააღმდეგ


ჩიკაგოს უჩვეულო ძალადობით სავსე უქმეებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც 17 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა და 70 დაიჭრა, იუსტიციის დეპარტამენტი იწყებს ოპერაციას დასახელებით - ლეჯენდ. ეს სახელი იმ ბავშვის მოსაგონებლად დაერქვა, რომელიც კანზას-სიტიში, საკუთარ სახლში ძილის დროს ტყვიით მოკლეს.

გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ოთხშაბათს თქვა: “პრეზიდენტმა ტრამპმა ნათელი გახადა, რომ ფედერალური მთავრობა მზად არის და სურვილი გააჩნია, ნებისმიერ ჩვენს შტატს და ადგილობრივ სამართალდამცავ პარტნიორებს მთელ ქვეყანაში, ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.”

ბარმა აღნიშნა, რომ ოპერაცია “ლეჯენდ” ფედერალური სამართალდამცავი სააგენტოების, შტატების და ადგილობრივი ხელისუფლებების ძალისხმევას გააერთიანებს, “ძალადობრივი დანაშაულის უეცარი ზრდის” წინააღმდეგ.

თავდაპირველ ძალისხმევას მიმართავენ კანზას-სიტისკენ, სადაც 29 ივნისს, თავის სახლში მძინარე 4 წლის ლეჯენდ ტალიფეროს ტყვია სახეში მოხვდა.

მოწმეები ამბობენ, რომ ტყვია, რომელმაც ბავშვი მოკლა, საცხოვრებელი კორპუსის გარეთ მომხდარი სროლის დროს გავარდა. პოლიცია თვლის, რომ შენობა მიზანში იყო ამოღებული. სათვალთვალო კამერის ვიდეოს გარდა, რომელზეც სავარაუდოდ ამ საქმესთან დაკავშირებული ავტომობილია აღბეჭდილი, სხვა არაფერი ხელმოსაჭიდი არ არსებობს.

ლეჯენდს ფეხბურთი და კალათბურთი უყვარდა. ის გულის დეფექტით დაიბადა და 4 თვის ასაკში გულზე ოპერაცია გადაიტანა, მხოლოდ იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე უაზრო ძალადობის მსხვერპლი გამხდარიყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG