ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Covid-19: ინფექციური პათოლოგიის ცენტრიდან პირველი პაციენტი გაეწერა


თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრი
თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრი

საქართველოში ახალი კორონავირუსის Covid-19-გან პირველი პაციენტი განიკურნა. დღეს იგი თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრიდან გაეწერა. მარნეულის მკვიდრმა მამაკაცმა ინფექციურის ბოქსირებულ პალატაში 20 დღე იმკურნალა.

პირველი მოქალაქე, რომელიც განიკურნა ექიმების გადაწყვეტილებით, მარნეულში, საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში მაინც რჩება. ინფექციური პათოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

ეს ადამიანი თავის ბინაზე იქნება თვითიზოლაციაში. ის არ გავა არც სამსახურში, არც სხვებთან შევა კონტაქტში. ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ ჩინეთის გამოცდილებიდან, სადაც რამოდენიმე ასეული პაციენტს, რომლებიც ეგონათ გამოჯანმრთელებული და გაწერეს, სიმპტომები ხელახლა აღენიშნათ და ისევ კლინიკებში შეაბრუნეს.
თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი

“პირველი პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელება ცოტა გაგვიჭიანურდა, გაგვეჭიმა, დიდი მოლოდინი იყო, თქვენი, ჩვენი, საზოგადოების დღეს სახლში გაეწერა. ველოდებოდით განმეორებით გამოკვლევის პასუხს.

დღეს ეს პასუხი, ლუგარის ცენტრიდან ისევ უარყოფითი მოვიდა, პაციენტი გავწერეთ, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს ადამიანი თავის ბინაზე იქნება თვითიზოლაციაში. ის არ გავა არც სამსახურში, არც სხვებთან შევა კონტაქტში.

ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ ჩინეთის გამოცდილებიდან, სადაც რამოდენიმე ასეული პაციენტი, რომლებიც ეგონათ გამოჯანმრთელებული და გაწერეს, შემდეგ სიმპტომები ხელახლა აღენიშნათ და ისევ კლინიკებში შეაბრუნეს.

ჯერჯერობით უცნობია, ეს ხალხი ბოლომდე არ გამოჯანმრთელდა თუ ხელახლა დაინფიცირდა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა თავი დავიზღვიოთ და პირველ გამოჯანმრთელებულ პაცინეტზე დაკვირვებას გავაგრძელებთ,“ აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ნომერ პირველი და ნომერ მესამე პაციენტები, ვირუსის მატარებელნი, თებერვლის ბოლოს ირანში მოგზაურობისას გახდნენ. როცა შიიტების წმინდა ქალაქ ყუმი მოილოცეს. ისინი საქართველოში 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით წითელი ხიდის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მაშინვე თბილისში, ინფექციურში გადმოიყვანეს.

ექიმები ამჟამად ნომერ მესამე პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას ელიან. ინფექციური პათოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი მარინა ეზუგბაია ამბობს:

„პირველ გამოჯანმრთელებულ პაციენტთან კავშირში მყოფ ნომერ მესამე პაციენტს პირველი ტესტირებით დაუდგინა რომ მას აღარ აქვს Covid-19. პროტოკოლის მიხედვით, ლუგარის ცენტრში გაიგზავნა მეორე ტესტი და დიდი იმედი გვაქვს რომ მალე მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება“ - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამჟამად კოვიდ 19-ის 33 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ერთი განიკურნა, სხვადასხვა სტაციონარში 64 ადამიანია, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში კი უკვე 1008 მოქალაქე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG