ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლივერ ვარჰეი საქართველოშია


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში 6-9 ივლისის განმავლობაში საქართველოთი დაიწყო. ვარჰეი უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, დეპუტატებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს.

ქართული საინფორმაციო არხების ცნობით, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას მან 5-6 ივლისის მოვლენები განიხილა და ხაზი გაუსვა, რომ „ძალადობა და ვანდალიზმი უკიდურესად მიუღებელია“. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მას ძალადობამ და დისკრიმინაციამ ხელი არ უნდა შეუშალოს.

ევროკომისარი დადებითად გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის წინ ევროპის დროშა ისევ აღმართეს. ეს მას შემდეგ, რაც წინა დღით ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ის ჩამოხსნეს და დაწვეს.

შეხვედრას ყველა პოლიტიკური პარტიის დეპუტატები დაესწრნენ. „ახლა ყველა პარტიამ ხელი უნდა მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას და ერთად იმუშაონ მისი განხორციელებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 6 ივლისს საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე ევროკომისარმა პირობა დადო, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ „კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო ქმედითი იქნება“. ამავე ინფორმაციით, ევროკომისარმა ვარჰეიმ რამდენიმე ტაძარი მოინახულა, მათ შორის, დაათვალიერა მცხეთის ჯვრის მონასტერი.

ეს ინფორმაცია ნაწილობრივ ეფუძნება ონლაინ გამოცემა Civil.ge-ს ცნობებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG