ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბი პის" ნავთობის ჩაღვრაში ბრალი მიუძღვის


"ბი პის" ნავთობის ჩაღვრაში ბრალი მიუძღვის
"ბი პის" ნავთობის ჩაღვრაში ბრალი მიუძღვის

თითქმის ცხრა თვე გავიდა მას შემდეგ რაც მექსიკის ყურეში მდებარე ლუიზიანას შტატის სანაპიროს მახლობლად წყალქვეშა ნავთობჭაბურღილზე ავარია მოხდა, რასაც შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობის დაღვრის ინციდენტი მოჰყვა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის მიზეზების გამოსაკვლევად და შემდგომში მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით კომისია დანიშნა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი კაროლინ პრესუტი იუწყება, ახლახან კომისიამ გამოძიების ანგარიში გამოაქვეყნა.

მექსიკის ყურეში გასულ წელს მომხდარ ავარიას თერთმეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

წყალქვეშა ნავთობჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შედეგად მექსიკის ყურეში ოთხ მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობი ჩაიღვარა. ამასთან, ავარიამ ერთ მილიარდ დოლარად შეფასებული თევზმჭერი ინდუსტრია თითქმის გაანადგურა.

პრეზიდენტის მიერ დანიშნული კომისია ავარიის გამო ნავთობჭაბურღილთან დაკავშირებულ სამ კომპანიას ადანაშაულებს. კომისიის თანათავჯდომარემ ვილიამ რეილიმ ამასთან დაკავშირებით კერძოდ აღნიშნა:

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ კომპანიებმა ‘ჰალიბურტონმა,’ ‘ტრანსოუშენმა’ და ‘ბი-პი’-მ, რომლებსაც ჭაბურღილები მთელს მსოფლიოში აქვთ, 20 აპრილს ანუ ავარიის ღამეს სერიოზული შეცდომები დაუშვეს. მე ამ კომპანიების თითოეულ თანამშრომელს უკიდურესი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ.“

რეილიმ და კომისიის მეორე თანათავჯდომარემ ბობ გრეჰემმა ამერიკის ხმას ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცეს. ისინი ანგარიშში მოყვანილი ნავთობმომპოვებელი ინდუსტრიის შეფასებასთან დაკავშირებით გულახდილად საუბრობდნენ. ცვლილებების გარეშე ოკეანის ნავთობმომპოვებელ ინდუსტრიას გადარჩენა არ უწერია, აღნიშნავენ კომისიის წევები.

„მე ძალიან გამიკვირდა, რომ ინდუსტრია უსაფრთხოების მიმართ პასუხისმგებლობას გულდამშვიდებულად ეკიდებოდა. მე აგრეთვე გამაოცა იმ გარემოებამ, რომ 1,500-3,000 მეტრის სიღრმეზე ნავთობის მოპოვება ბევრად უფრო სარისკოა ვიდრე 150 მეტრის სიღრმეზე,“ აღნიშნა ბობ გრეჰემმა.

გრეჰემს მიაჩნია, რომ ოკეანეში ნავთობის მოპოვებაზე გლობალური მასშტაბით მკაცრი ზედამხედველობა უნდა დაწესდეს.

კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ „ბი-პი“-მ, „ჰალიბურტონმა“ და „ტრანსოუშანმა“ ხარჯების შემცირების საბაბით წყალქვეშა ჭაბურღილის ფუნქციონირება რისკის ქვეშ დააყენეს. ხსენებული კომპანიები ჭაბურღილის აგებულებასა და ავარიის თავიდან აცილებას სათანადო ყურადღებას არ უთმობდნენ.

ამას გარდა ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ავარიის შემდეგ კომპანიებმა სასწრაფო ზომები არაეფექტურად წარმართეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომისიის ანგარიშში მოცემულ კრიტიკულ დასკვნებთან დაკავშირებით არცერთმა დასახელებულმა კომპანიამ ამერიკის ხმას კომენტარი არ მიაწოდა.

კომისიის რეკომენდაციების თანახმად სამ კომპანიაზე დაწესებული ჯარიმების 80 პროცენტი, რაც ათობით მილიონობით დოლარში გამოიხატება, მექსიკის ყურეს ეკოლოგიურ გაჯანსაღებას უნდა მოხმარდეს. მსგავსი ავარიების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მკაცრი სახელმწიფო მარეგულირებელი ზომების მიღება, აღნიშნულია ანგარიშში.

XS
SM
MD
LG