ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის კარვების ქალაქს აშლა ემუქრება


ვაშინგტონის კარვების ქალაქს აშლა ემუქრება
ვაშინგტონის კარვების ქალაქს აშლა ემუქრება

ვაშინგტონის კარვების ქალაქში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც კონგრესმა ეროვნული პარკის პოლიციას პასუხი მოსთხოვა „დაიკავე ვაშინგტონის“ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უკანონო შეჭრის გამო.

ამის შემდეგ პოლიციამ საპროტესტო აქციაში მონაწილეებს კარვების აღებისკენ მოუწოდა. იმ დღეს, როდესაც პოლიცია თავისი მუქარის შერულებას აპირებდა მაკფერსონის მოედანზე ეგზალტირებული ადამიანები შეიკრიბნენ. ზოგიერთი მათგანი საპროტესტო ლოზუნგებს გაიძახოდა, დარაჩენები კი შუადღის დადგომას ელოდნენ, როდესაც პოლიციას თავისი განკარგულება სისრულეში უნდა მოეყვანა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯონ ზანგასი კარავში ოთხი თვის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი თქმით:“ მე კანონის შესაბამისად ვმოქმედებ, თუ უფლება არა მექნება კარავში ვიცხოვრო, ძალიან კარგი, ჩემი კარავი ღიაა და მე არ ვაპირებ აქ დაძინებას. მოედანზე ყოფნას კი ვერავინ დამიშლის.“

გასულ კვირას პოლიციამ კარვების ქალაქის ბინადრებს გაფრთხილება გაუგზავნა, მაგრამ აქციაში მონაწილეებს უფლება მისცა, ზოგიერთი კარავი ღიად დაეტოვებინათ.

სხვაგვარად განვითარდა მოვლენები კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში, სადაც პოლიციასა და ანარქისტებს შორის შეტაკების შემდეგ სამართალდამცავებმა 400-მდე ადამიანი დააკავეს.

როგორც ვაშინგტონის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დეზირე დელოჩი აცხადებს, მათ არ სურთ ამის გამეორება დედაქალაქში. მისი თქმით „დაიკავე უოლ სტრიტის“ მოძრაობა ეკონომიკურ თანასწორობას მოითხოვს და ძალადობის წინააღმდეგია. ქალბატონი დეზირეს განცხადებით:“ რასაც მე ვუყურებ, აქ ყველა მშვიდობიანად არის განწყობილი. თითქმის ყველამ აიკრა თავის გუდანაბადი, თუმცა არიან ისეთებიც , რომლებიც წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ.“

ულტიმატუმის ვადის მოახლოებისთანავე ასობით ადამიანმა თავი მოიყარა ამერიკის სამოქალაქო ომის გენერლის ჯეიმს მაკფერსონის ძეგლთან. შემდეგ დემონსტრანტებმა ძეგლს უზარამაზარი ბრეზენტი გადააფარეს იმის აღსანიშნავად, რომ ამ ადგილზე აქციის ჩატარების სრული უფლება გააჩნიათ.

აქციის მონაწილის ჯონ მანდრეაჩიას განცხადებით კარვების აღების შემთხვევაში აქცია მაინც გაგრძელდება. მისი თქმით:“ მოძრაობა არ დამთავრდება იმით თუ აქიდან გაგვყრიან, ჩვენ გავაგრძელებთ საქმეს.“

ამ მოძრაობის მიზანი კი სოციალური უთანასწორობის დაძლევა და მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრულის აღმოფხვრაა.

XS
SM
MD
LG