ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი სამხედრო ვეტერანი ცხინვალის ციხეში


საბურავებით გაღობილი სასაფლაო ნიქოზში, ოკუპაციის ხაზი
საბურავებით გაღობილი სასაფლაო ნიქოზში, ოკუპაციის ხაზი

უკანასკნელი სამი დღის მანძილზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა შიდა ქართლში სამი ადამიანი გაიტაცა. მათ შორის ერთი, მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. გატაცებების თაობაზე ინფორმაციას შსს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

12 დეკემბერს, ეგრეთწოდებული, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ზემო ნიქოზთან საქართველოს მოქალაქე რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. 40 წლის მამუკა ჩხიკვაძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მკვიდრია. ნიქოზელებმა არ იციან მიზეზი, თუ რატომ იმყოფებოდა ის მაინცდამაინც ზემო ნიქოზში. „ჩვენ არ გვინახავს აქ უცხო ადამიანი, არ ვიცნობთ მას“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხინვალია
ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხინვალია

ცხინვალის, ეგრეთწოდებული, „შანხაის“ დასახლება ზემო ნიქოზიდან ყველაზე ახლოსაა. ოკუპირებული და არაოკუპირებული ტერიტორია ზემო ნიქოზთან, უმეტესწილად „გაღობილია.“ ეს იმას ნიშნავს, რომ გამყოფ ხაზთან, რომელსაც ადმინისტრაციულ საზღვრადაც მოიხსენიებენ, ზოგ ადგილას ეკლიანი მავთულხლართი გადის, ზოგან კი ლითონის მწვანე ღობე. გაღობილია სასაფლაოც ზემო ნიქოზში. აქ საბურავებით კედელია აშენებული. იმ ოჯახებს, ვისი მიცვალებულებიც არაოკუპირებულ ნაწილშია მოხვედრილი, „გაუმართლა“. სწორედ ამ ადგილიდანაა ნაგულისხმევი მამუკა ჩხიკვაძის გატაცება, რასაც თვითმხილველი არ ჰყავს.

უკანასკნელად, მამუკა ჩხიკვაძე ბიძამ ქარელში ნახა. მას შემდეგ კი იგი ცხინვალის ციხეში აღმოჩნდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ „რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ცხელი ხაზი. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება გრძელდება იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით და რომ რუსეთის დესტრუქციული ქმედებები აზიანებს კონფლიქტის ზონაში არსებულ, ისედაც მყიფე უსაფრთხოების გარემოს. ანალოგიური განცხადება სუს-ის მიერ ორი დღის წინაც გამოქვეყნდა, როცა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის გატაცების თაობაზე გახდა ცნობილი.

ხურვალეთი, მავთულხლართები
ხურვალეთი, მავთულხლართები

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რუსმა მესაზღვრეებმა ხურვალეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ სოფელ წინაგარასთან ორი მოქალაქე კახა ნათაძე და ვალერი კანიაშვილი დააკავეს. ისინი ამ დრომდე ცხინვალის ციხეში რჩებიან. მათი დაკავებისთანავე ასევე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამ ფაქტის თაობაზე ეცნობათ საერთაშორისო პარტნიორებს. 10 დეკემბერს დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადებაში, სუს-ში აღნიშნეს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა მამუკა ჩხიკვაძის დაკავებას განსაკუთრებულ მნიშნველობას ანიჭებს იქიდან გამომდინარე, რომ ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. ქაცარავას თქმით, ეს სტატუსი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს ცხინვალის ციხეში მოხვედრილი ადამიანისთვის, ისევე, როგორც უკვე მოხდა არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში. დავით ქაცარავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ განსაკუთრებით უნდა მოინდომოს დაკავებული მოქალაქის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა.

„აუცილებლად უნდა ვნახოთ, რომ მამუკა ჩხიკვაძე ცოცხალია. ამისთვის გვჭირდება ვიდეო-მტკიცებულება. ისევე როგორც ხვიჩა მღებრიშვილისა და მაია ოთინაშვილის შემთხვევებში, საოკუპაციო რეჟიმმა უნდა გაავრცელოს კადრები, სადაც დავინახავთ, რომ მამუკა ცოცხალია და ჯანმრთელადაა. ჩვენ ვიცით, რაც მოხდა არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევაში, ამიტომ ახლა გვმართებს დიდი მობილიზება,“- გვეუბნება დავით ქაცარავა.

კიდევ ერთი, ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ცხინვალის ციხეში მოხვედრილი ადამიანების უფლებების დაცვის საკითხი და მათი ჯანმთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფა, საოკუპაციო რეჟიმისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალია, გენადი ბესტაევია. იგი გორის მუნიციპალიტეტის ზარდიანთკარის მცხოვრებია, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართი ეზოს კართან ისე გაუვლეს, რომ ჭიშკრიდან შესვლა უკვე შეუძლებელი გახდა. გენადი ბესტაევი რამდენჯერმე დააპატიმრეს. ბოლოს, მესამედ, ის 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს და ბრალად ნარკოტიკული ნივთიერთების კონტრაბანდა წაუყენეს. ქართული მხარე მის განთავისუფლებას ორი წლის განმავლობაში ამაოდ ითხოვდა.

დე-ფაქტო ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ გენადი ბესტაევი სასჯელის მოხდის რეჟიმში იმყოფებოდა, თუმცა ის ქართულ მხარეს მაინც გადმოსცეს. საგულისმოა, რომ ფაქტობრივად, ცოცხალ-მკვდარი. მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, მას ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა. მეორე დღეს, ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გადმოსცეს. გენადი ბესტაევის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG