ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდით 537 ადამიანი გარდაიცვალა


პანდემიის დაწყევის დღიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით უკვე 537 ადამიანი გარდაიცვალა. 8-9 დეკემბერს, კიდევ სამი პაციენტი დაიღუპა, გუდაუთის კოვიდ ჰოსპიტალსა და რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში.

ადგილობრივი წყაროების ცნობით, ამჟამად ანკლავის მასშტაბით, 50-მდე მძიმე პაციენტი ჰყავთ, ყველაზე მეტი სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და გუთაუთის ჰოსპიტალში. მძიმე პაციენტები ასევე არიან გაგრის, ოჩამჩირის და ტყავრჩელის საავადმყოფოებში.

კოვიდით გარდაცვლილთა „ოფიციალურ სტატისტიკას“ არ ენდობა ე.წ „აფხაზური ოპოზიცია“, რომელიც „სახალხო პატრიოტულ კავშირშია“ გაწევრიანებული.

ოფიციალური მონაცემებით, კოვიდით 500-ზე მეტი ადამიანია უკვე გარდაცვილი, მაგრამ არაოფიციალური სტატისტიკა რო ავიღოთ, ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ ორზე.
ადღურ არძინბა, აფხაზი ოპოზიციონერი


„ოფიციალური მონაცემებით, კოვიდით 500-ზე მეტი ადამიანია უკვე გარდაცვილი, მაგრამ არაოფიციალური სტატისტიკა რო ავიღოთ, ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ ორზე. ამ დრომდე გაუგებარია ამ საშინელ დაავადებასთან ბრძოლის ლოგიკა და ალგორითმი“ - განაცხადა ადღურ არძინბამ, რომელიც ე.წ „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ ლიდერია და სეპატატისტთა ამჟამინდელი ლიდერის წინააღმდეგ გამოდის.

8 დეკემბერს, ოკუპირებულ გაგრაში გამოსვლის დროს, სეპარატისტების ლიდერმა ასლან ბჟანიამ უკმაყოფილება გამოთქვა ვაქცინაციის დაბალი ტემპით და იმ მასწავლებლების და ექიმების სამსახურიდან გაშვების საკითხი დააყენა, ვინც აცრას არ აპირებს.

„ჩვენ ფულს ვხარჯავთ ამ საქმეზე, ვითხოვთ. პრიორიტეტში ჩაგვსვეს. რუსეთის ფედერაციის სუბიექტებსაც არ აძლევენ ვაქცინას, ჩვენ კი პროცესის ორგანიზებაც ვერ მოგვიხერხებია. დაავალეთ ყველა მასწავლებელს.ნუ გეშინიათ, იყოთ ცუდები. არ იქნებით ცუდები. ეს სწორი პოზიციაა – გაათავისუფლეთ ისინი, ვინც ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს“ - სეპარატისტების ლიდერის ასლან ბჟანიას ამ გამოსვლას გაგრაში სკანდალი მოჰყვა.

ოკუპირებულ ანკლავში რუსული წარმოების ვაქცინები Sputnik V და Sputnik Light-ის დაახლოებით 18500 დოზა, სამ ეტაპად, 2021 წლის მაისში, აგვისტოსა და ნოემბერში მიიღეს, თუმცა სულ 13 000-მდე ადამიანი აიცრა. ამ დრომდე არ არის საჯარო ინფორმაცია ამ რიცხვიდან რამდენია აცრილი ერთი და რამდენი ორი დოზით. სულ ანკლავმა რუსეთიდან 30 000 დოზა Sputnik-ის ვაქცინა უნდა მიიღოს, მომავალ პარტიას 6000 დოზას დეკემბერის ბოლომდე ელოდებიან. ექიმების თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ვაქცინაციის მხრივ რაიონებშია.

ყველას გვახსოვს, ის საზარელი რიცხვი დაინფიცირებულების და გარდაცვლილების, რაც გვქონდა, შარშან, ახალი წლის ზეიმის შემდეგ. ესენი იყვნენ ჩვენი უახლოესი ადამიანები, ამიტომ მოგიწოდებთ, იგივე საშინელება რომ არ განმეორდეს, აიცერით
ედუარდ ბუთბა, ე.წ "ჯანდაცვის მინისტრი"


„ჩვენ ყველას გვახსოვს, ის საზარელი რიცხვი დაინფიცირებულების და გარდაცვლილების, რაც გვქონდა, შარშან, ახალი წლის ზეიმის შემდეგ. ესენი იყვნენ ჩვენი უახლოესი ადამიანები, ამიტომ მოგიწოდებთ, იგივე საშინელება რომ არ განმეორდეს, აიცერით“ - აცხადებს ანკლავის ე.წ „ჯანდაცვის მინისტრი“ ედუარდ ბუთბა.

ოკუპირებულ ანკლავში, 2018 წლის აღწერით, 245 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ექსპერტები ამ ციფრს ეჭვქვეშ აყენებენ და მიაჩნიათ, რომ აფხაზეთის მოსახლეობა 160-180 ათასზე მეტი არ არის.

პანდემიის დაწყების დღიდან, ანკლავში 35826 კოვიდ შემთხვევაა დაფიქსირებული, 28950 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 537 გარდაიცვალა. გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდი კიდევ 129 ადამიანს დაუდასტურდა.

XS
SM
MD
LG