ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Covid-19 აფხაზეთში: ბჟანია გამოჯანმრთელდა, ანქვაბი მოსკოვში გადაიყვანეს


ალექსანდრე ანქვაბი და ასლან ბჟანია
ალექსანდრე ანქვაბი და ასლან ბჟანია

ოკუპირებულ აფხაზეთში, რთული ეპიდსიტუაციის გამო, ადგილობრივმა რეჟიმმა 10 თებერვლამდე გააგრძელა საგანგებო რეჟიმი, რომელიც 2020 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. კვლავ დახურულია სკოლები, საბავშვო ბაღები, კვების ობიექტები, აკრძალულია სპორტული, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, თუმცა პირბადის გარეშე მგზავრების გადაყვა კატეგორიულად აკრძალულია.

ახალ „განკარგულებას“ ისევ სეპარატისტების ლიდერმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი, რომელსაც კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა, ორ კვირიან თვითიზოლაციაში იყო და დაავადება შედარებით იოლად გადაიტანა.

ბჟანიას გარდა, კორონავირუსი ასევე დაუდასტურდათ სეპარატისტების სხვა ლიდერებს: ალექსანდრე ანქვაბს, დაურ კოვეს და ვალერი კვარჩიას. აქედან ყველაზე მძიმედ ანქვაბის მდგომარეობა ფასდება, რომელიც სამკურნალოდ რუსეთის დედაქალაქში გადაიყვანეს და არაოფიციალური ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ე.წ „პრემიერის“ მოვალეობის შემსრულება დროებით „ფინანსთა მინისტრს“ ვლადიმერ დელბას დაეკისრა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჟურნალისტი ნიზფა არშბა ამბობს, რომ ე. „პრემიერ“ ანქვაბის თუნდაც, დროებითი გამოთიშვა პოლიტიკიდან, აფხაზეთში ვითარებას ძალიან დაძაბავს:

ანქვაბი ერთ-ერთი, ბოლო სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა, მისი გამოთიშვა, თუნდაც დროებით, ხმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების შესახებ, აფხაზეთში სიტუაციას ძალიან ძაბავს“
ნიზფა არშბა, აფხაზი ჟურნალისტი


„აქამდე ჩვენი ორი პრეზიდენტი გადაიყვანეს მოსკოვში და ორივე გარდაიცვალა. ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს ეს აფხაზურ საზოგადოებაში. მით უმეტეს, რომ ანქვაბი ერთ-ერთი, ბოლო სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა, მისი გამოთიშვა, თუნდაც დროებით, ხმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების შესახებ, აფხაზეთში სიტუაციას ძალიან ძაბავს“ - მიაჩნია ნიზფა არშბას.

12 იანვრის მდგომარეობით, ოკუპირებულ ანკლავში კორონავირუსის 10102 შემთხვევაა დაფიქსირებული, 7808 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა. ამჟამად, აფხაზეთში კოვიდის 2151 აქტიური შემთხვევაა.

სეპარატისტულ ანკლავს იმედი აქვს, რომ მოსახლეობის რუსული წარმოების ვაქცინით აცრას ახლო მომავალში დაიწყევს, ბჟანიამ მოსკოვს 20 ათასი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის შესყიდვის თხოვნით ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში მიმართა.

არაოფიციალურად ცნობილია, რომ რუსეთმა ანკლავში „სპუტნიკ V“ -ის მხოლოდ მხოლოდ ის დოზა გააგზავნა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული რუსი ოკუპანტების ასაცრელად არის საკმარისი. რუსეთის სამხედროების და სამხედრო ექიმების ვაქცინაცია 15 იანვარს უნდა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG