ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სასწავლო წელი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ადამიანებს, ვინც გალისა და ახალგორის რაიონში ცხოვრობენ. ხარისხიან და მშობლიურ ენაზე განათლებისხელმისაწვდომობის პრობლემა აფხაზეთის მხარეს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ახალგორში და მის მიმდებარე სოფლებში, სადაც ქართველენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და სადაც, ტრადიციულად, ქართულ სკოლებში მიმდინარეობდა სწავლება, ახლა უკვე ასეთი შესაძლებლობა აღარ იარსებებს. პირველ რიგში, ცვლილება დაწყებით, I-IV კლასებს შეეხო. ახლა უკვე ახალგორის რაიონში 6 ქართულენოვანი სკოლიდან ყველა რუსულ ენაზე გადავა და დაწყებით განათლებას ასე მიიღებს.

ახალგორში, თავისი მიმდიბარე სოფლების ჩათვლით სულ 11 სკოლაა, რომელთაგან 6 გახლდათ ქართულენოვანი, 5 კი რუსული. მთლიანობაში, თერთმეტივე სკოლაში, დაახლოებით 200 მოსწავლე ირიცხება. პირველ კლასში, 6 აქამდე ქართულენოვან სკოლაში წელს სულ ოთხ მოსწავლეს ელოდებიან. პედაგოგები, ვინც ამ დრომდე ქართულ ენაზე ასწავლიდნენ, არ შეცვლილან, მაგრამ მათთვის სწავლების ენაცა და თემატიკაც შეიცვალა. „დედა ენის“ ნაცვლად ახლა „აზბუკა“ უნდა ასწავლონ ბავშვებს და თანაც ისე, რომ მათ არც გადამზადება გაუვლიათ და არც რუსულ ენაზე სწავლების პრაქტიკა. პოლიტიკური კონიუნქტურა ქართული მშობლიურის ჩანაცვლებას რუსულით ცდილობს. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ რაკი დაწყებით განათლებას ეხება საქმე, სწავლებისას პროფესიონალიზმი დიდად მნიშვნელოვანი არაა და ქართულის დაწყებითი კლასის მასწავლებელი რუსულადაც ისეთივე წარმატებით გაართმევს თავს საქმეს, როგორც მშობლიურ ენაზე. რაც შეეხება მომდევნო კლასებს, აქ პედაგოგების რუსულ ენაზე „გადაწყობა“ ვერ ესწრება, ამიტომ მეხუთე კლასიდან ახალგორის 6 აქამდე ქართულ სკოლაში, განათლებას კვლავ ქართულ ენაზე მიიღებენ, თუმცა მომდევნო წლებში სურათი თანდათან შეიცვლება.

განათლების პრობლემატიკის თაობაზე ამერიკის ხმას ახალგორის მაცხოვრებელი თამარ მეარაყიშვილი ესაუბრა, ვისაც ჩვენი მსმენელი და მკითხველი კარგად იცნობს. მას დე–ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან ბრალდება აქვს წაყენებული და მის საქმეს პროკურატურა იძიებს. პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამასობაში კი თამარი 24 საათს საკუთარ სახლში იძლებით ატარებს. სახლში იმიტომ, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში, მისი დაკავებისა და ახალი პროვოკაციის საშიშროებაა. მის სახლთან მუდმივად მეთვალყურე დგას და ცნობებს აგროვებს სახლთან ნებისმიერი მოძრაობის თაობაზე. თამარს ჩამოართვეს საბუთები, მობილური, კომპიუტერი, წიგნები, გარკვეული პერიოდის მანძილზე გათიშული ჰქონდა ელექტროენერგიაც, რომლის მიწოდებაც ამჟამად აღდგენილი აქვს. წნეხისა და ზეწოლის განხორციელებით თამარზე დე–ფაქტო ადმინისტრაცია ცდილობს მას ახალგორის დატოვება აიძულოს. საშინელი პირობების მიუხედავად, თამარი მზადაა ამერიკის ხმაზე ახალგორში განათლების პრობლემატიკაზე ისაუბროს: „ახალგორში 6 ქართული სკოლაა, სადაც 4 პირველკლასელი მივიდა. ესაა კატასტროფა. დაბის ყველაზე დიდ ქართული საშუალო სკოლაში, I-IV კლასში, არის 12 მოსწავლე.

არაფერი კარგი წინ არ ჩანს. თუ მიმართავთ განათლების სამინისტროს, ნახავთ როგორი დინამიკაა: მოსწავლეების რიცხვი მცირდება და მასწავლებლების რიცხვი იზრდება. ამასთან, მოსწავლეების რაოდენობა აქამდე თუ მცირდებოდა ქართულ ენაზე სწავლის დაბალი ხარისხის გამო, ახლა შემცირდება იმ მიზეზით, რომ ქართულადსწავლების ცუდი ხარისხიც კი აღარაა“.

კოალიცია "დევნილთა უფლებებისთვის" წარმომადგენელი ზურაბ ბენდიანიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ფლობს მექანიზმს, რითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ მოქალაქეების უფლებების დაცვა, ვისაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ეზღუდება. „ეს რუსული პოლიტიკაა“,– ამბობს იგი. „რუსეთის პოლიტიკა, განსაკუთრებით აფხაზურ მხარეს, ზღუდავს ქართულ ენაზე სწავლებას. აქ პრობლემაა არა მხოლოდ განათლების ხარისხი, არამედ, შინაარსიც. რუსეთისთვის მიუღებელია, ქართული სახელმძღვანელოების არსებობა იქ. მაგალითად, ისტორიის სახელმძღვანელო ავიღოთ, სადაც ისეთი შინაარსია ჩადებული, რაც მათ პოლიტიკასთან არაა თანხვედრაში.“– ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.

ახალგორის მხარეს, 2008 წლის შემდგომ მოქალაქეების გარკვეული კატეგორია დაბრუნდა –ისინი, ვინც წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში საცხოვრებელი კოტეჯი მიიღო, მაგრამ ახალ საცხოვრებელ ადგილზე სამუშაოს მოძებნა ვერ მოახერხა.შემოსავლის ძიება მათ ახალგორში მოუხდათ. ეს მათი შვილებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის საფასური დაჯდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG