ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის საკითხის გავლენა ამერიკის შიდა პოლიტიკაზე


პალესტინის საკითხის გავლენა ამერიკის შიდა პოლიტიკაზე
პალესტინის საკითხის გავლენა ამერიკის შიდა პოლიტიკაზე

უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვებით ობამას პოპულარობა ამერიკის ებრაელ მოსახლეობას შორის დაეცა, მაშინ როცა მუსლიმთა შორის ის არ შეცვლილა. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ებრაელები ობამასგან საკმარის მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. ამის საპირისპიროდ რესპუბლიკელი კანდიდატები სწორედ ისრაელის პოლიტიკისადმი ერთგულებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ობამას ადმინისტრაციის ისრაელთან ურთიერთობის საკითხმა ქალაქ ნიუ იორკის კონგრესმენის საგანგებო არჩევნების შედეგზეც იმოქმედა, რომელიც რესპუბლიკელმა ბობ ტერნერმა მოიგო.

მე ჩემი საარჩევნო უბნიდან მთხოვეს ვაშინგტონში მათი დანაბარები ჩავიტანო. იმედი მაქვს მას კანონმდებლები სწორად გაიგებენ“.

ტერნერის თქმით მას გამარჯვება ობამას პოლიტიკით ხალხის უკმაყოფილებამ მოუტანა. თუმცა მას არ უხსენებია ყოფილი ქალაქის მერი ედ კოჩი, რომელიც ტერნერს უდიდეს მხარდაჭერას უწევდა.

კოჩი მთელი ნიუ იორკის ებრაელებს, განსაკუთრებით კი ორთოდოქს ებრაელებს, სთხოვდა ხმა ტერნერისთვის მიეცათ. ის მათ არწმუნებდა, რომ რესპუბლიკელი კანდიდატის არჩევით ისინი პრეზიდენტი ობამას მიერ ისრაელის მიმართ განხორციელებული სუსტი პოლიტიკისადმი პროტესტს დააფიქსირებდნენ. თითქმის ყოველი ამომრჩევლის ოჯახში გაისმა სატელეფონო ზარი ყოფილი მერის ხმის ჩანაწერით, რომელშიც ის ნიუ იორკელებს ტერნერისთვის ხმის მიცემას სთხოვდა.

ეს თემა რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატებმაც კარგად გაათამაშეს. განსაკუთრებით კი - საზოგადოებრივი გამოკითხვების ლიდერმა, ტეხასის გუბერნატორმა - რიკ პერიმ. ისრაელის მიმართ ამერიკის ტრადიციული საგარეო პოლიტიკა ევანგელისტ ქრისტიან ამომრჩეველთა შორისაც ფართო მხარდაჭერით სარგებლობს.

„შეერთებული შტატების მიერ პარტნიორი ქვეყნების იზოლაციის მცდელობის მოწმე ვხდებით. თანაც ისეთი სახით, რომ ეს ერთდროულად გულუბრყვილოცაა და შეურაცხმყოფელიც“.

ამერიკელი ებრაელების უმრავლესობა დემოკრატია და ისინი როგორც წესი დემოკრატ კანდიდატს აძლევენ ხმას. ობამა არჩევნებში მათი დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. და ამის საუკეთესო მაგალითად სპეციალისტები ნიუ იორკის მე-9 საარჩევნო უბანს ასახელებენ, სადაც 1923 წლის შემდეგ მუდმივად დემოკრატი კანდიდატი იმარჯვებდა. დღეს კი რესპუბლიკელი ბობ ტერნერი შევიდა ოფისში.

თეთრი სახლი ამ ამბავმა ძლიერ შეაშფოთა და ადმინისტრაციამ ებრაელი ამომრჩევლის გულის მოგებაზე ზრუნვა დაიწყო. პრეზიდენტის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ უკანასკნელ პრესკონფერენციაზე ამ საკითხზე სპეციალური ყურადღება გაამახვილა:

პრეზიდენტის აბსოლუტური ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ უცვლელი და ურყევი რჩება“ .

პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ებრაელი და მუსლიმი ამერიკელი ამომრჩევლები პალესტინა-ისრაელის საკითხს ყურადღებით ადევნებენ თვალს. ექსპერტი ჯონ ზოგბი ამბობს, რომ თუ ადრე შეერთებულ შტატებში მხოლოდ ებრაელთა მჭიდროდ შეკრული სათვისტომო არსებობდა, დღეს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ფრაგმენტებად დაშლილი მუსლიმი საზოგადოებებიც ერთ თემში არიან გაერთიანებული.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ანალიტიკოსი დევიდ გერგენი თვლის, რომ პრეზიდენტი ობამა ორივე მხარეს შორის უნდა ეცადოს ლავირებას და ყველაზე მეტად ორ მეზობელ ქვეყანას შორის მშვიდობის განმტკიცებას შეუწყოს ხელი.

ასე რომ ობამას საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირშია. მის წინაშე არც თუ ისე იოლი ამოცანა დგას. პრეზიდენტმა უნდა შეძლოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომ არც მუსლიმი ამერიკელები გაანაწყენოს და არც ებრაელი თანამოქალაქეები.

XS
SM
MD
LG