ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საარჩევნო კამპანიის დასასრული ამერიკაში


კამპანიის ბოლო დღეს ობამა ჩიკაგოში, რომნი კი ბოსტონში ჩავიდა

შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანია სრულდება. როგორც ცნობილია, ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რის შედეგადაც გაირკვევა ქვეყნის ლიდერის ვინაობა, რომელიც შეერთებულ შტატებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პრეზიდენტ ობამას და რესპუბლიკელ მიტ რომნის თითქმის თანაბარი რეიტინგები აქვთ ოჰაიოში, ფლორიდაში, ვისკონსინში, ვირჯინიაში, კოლორადოსა და აიოვაში. ამავე შტატებს მიემატა ნიუ-ჰემპშირიც, სადაც რთული სათქმელია, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. დღეს პრეზიდენტი ობამა ვისკონსინის, აიოვას და ოჰაიოს ეწვევა, რის შემდეგაც მშობლიურ ჩიკაგოში გაემართება სადაც არჩევნების ღამეს გაატარებს.

„ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ახლა უკან ვეღარ დავბრუნდებით. ჩვენ დიდი გზა გავიარეთ, რომ ახლა დაღლა ვიგრძნოთ. დროა, წინ ვიაროთ.” - მიმართა მხარდამჭერებს პრეზიდენტმა.

„პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ უმუშევრობა ამ დროისთვის 5.4 პროცენტი იქნებოდა. გასულ პარასკევს კი შევიტყეთ, რომ ეს მაჩვენებელი 7.9 პროცენტს გაუტოლდა. ამ არჩევნებზე ერთი შეკითხვა დგას: გსურთ, მომავალი ოთხი წელი გასულ ოთხ წელს დაემსგავსოს, თუ რეალური ცვლილებები გსურთ?” - განაცხადა მიტ რომნიმ.

რესპუბლიკელი მიტ რომნი კი დღეს ფლორიდას, ვირჯინიას, ოჰაიოსა და ნიუ-ჰემპშირს ეწვევა, ხოლო არჩევნების ღამეს კი მასაჩუსეტში, ქალაქ ბოსტონში გაატარებს.
XS
SM
MD
LG