ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა კანონმდებლებისგან სტარტის რატიფიკაციას ითხოვს


პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში აშშ-ს კონგრესის ლიდერებს ხვდება
პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში აშშ-ს კონგრესის ლიდერებს ხვდება

გუშინ კონგრესის ლიდერებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ობამამ აშშ-ს სენატის მიერ სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა

გუშინ კონგრესის ლიდერებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ობამამ შეერთებული შტატების სენატის მიერ რუსეთთან სტარტის სახელწოდებით ცნობილ სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დენ რობინსონი თეთრი სახლიდან იუწყება, ჟურნალისტებმა თეთრი სახლის პრეს მდივანს სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მიერ ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის განლაგების გეგმების შესახებ გაკეთებულ შენიშვნებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.

რუსეთის პარლამენტისთვის განკუთვნილ ყოველწლიურ მოხსენებაში პრეზიდენტმა მედვედევმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთმა და ნატომ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ევროპაში ახალი ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით, საპასუხოდ რუსეთი ახალი შეტევითი საშუალებების განთავსებას დაიწყებს. მედვედევს არ დაუკონკრეტებია ის თუ რა იგულისხმება ხსენებულ ზომებში.

გიბსმა აღნიშნა, რომ კონგრესის რესპუბლიკელ და დემოკრატ ლიდერებთან შეხვედრის დროს ბატონმა ობამამ განაცხადა, რომ ანტი-სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებით ვაშინგტონმა მოსკოვთან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც მანამდე ამერიკა-რუსულ ურთიერთობებში დაძაბულობის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა.

„რაც რამდენიმე წლის წინ მწვავე კამათის საგანი გახლდათ, ახლა რუსეთ-ნატოს თანამშრომლობის შეთანხმების ნაწილი გახდა. ვფიქრობ ლისაბონში მიღწეულმა შეთანხმებამ დაადასტურა ის, რომ ჩვენთვის ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და მეგობრების დაცვა პრიორიტეტს წარმოადგენს. ლისაბონში მიღწეული შეთანხმება წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევის შედეგია, რომლის მთავარი მიზანი ევროპისა და შეერთებული შტატების საიმედო დაცვაა,“ აღნიშნა თეთრი სახლის პრეს მდივანმა.

მაგრამ როცა მას ჰკითხეს კომენტარის გაკეთება პრეზიდენტ მედვედევის შენიშვნასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ახალი შეტევითი საშუალებების განთავსების უფლებას იტოვებს, თუ ანტი-სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა, გიბსმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონს განმარტება უნდა წარუდგინოს.

რესპუბლიკელ კანონმდებლებთან საუბრისას პრეზიდენტმა ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სენატის მიერ რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების ანუ სტარტის რატიფიკაცია უაღრესად მნიშვნელოვანია.

გიბსის თქმით, ობამამ აღნიშნა, რომ ხელშეკურლების რატიფიკაცია შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. ამას გარდა ამ დოკუმენტის მიღება მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობების განვითარების კონტექსტში რადგან მოსკოვთან თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს იძენს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღება თუ ჩრდილოეთ კორეის პრობლემა.

„ცხადია, რომ განთავსებული ბირთვული შეიარაღების შემცირება და ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების შემოღება - ყოველივე ეს მრავალმხრივ ძალისხმევას მოითხოვს,“ აღნიშნა გიბსმა.

სამშაბათს ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ შეახსენა მათ, რომ კონგრესმა ახალი სტარტის ხელშეკრულება უკვე საფუძვლიანად შეისწავლა.

„ეს ხელშეკრულება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ის აუცილებლად უნდა მივიღოთ,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

რაც შეეხება გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა შეერთებული შტატების მთავრობა ფლობს მონაცემებს რომლის თანახმადაც რუსეთმა ევროპაში ნატოს ზოგიერთი წევრი-სახელმწიფოს საზღვრებთან ახლოს მოკლე რადიუსის ტაქტიკური ბირთვული ქობინები განათავსა, თეთრი სახლის პრეს მდივანმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

გიბსმა აღნიშნა, რომ ახალი სტარტის ხელშეკრულების დებულებები ტაქტიკურ შეიარაღებას არ ფარავს. ხელშეკრულება მიწოდების საშუალებებისა და უკვე განთავსებული რაკეტების საერთო რიცხვის შემცირებას ითვალისწინებს.

თავდაპირველად „უოლ სტრით ჯორნალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნახსენები იყო ის, რომ რუსეთის მთავრობას ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯარ არ გაუკეთებია. თუმცა საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგ ნიუსმა“ გაავრცელა ცნობა, რომელშიც ციტირებულია რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარის მიხაილ მარგელოვის განცხადება, რომელიც სტატიაში მოყვანილ ფაქტებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG