ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამართლიანობისთვის ბრძოლა დაუსრულებელი საქმეა


პრეზიდენტმა ობამამ სამართლიანობის და თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლას ამერიკაში „დაუმთავრებელი საქმე“ უწოდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:01 0:00
ბმული
რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ და თანასწორუფლებიანობისთვის მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უფლებადამცველის, მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული გამოსვლიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ, იმავე ადგილას, ვაშინგტონის ეროვნულ მოლზე, სიტყვით შეერთებული შტატების პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი გამოვიდა. 1963 წელს კინგის გამოსვლას დედაქალაქის ცენტრალურ მოლზე 250 ათასამდე ამერიკელი უსმენდა. პრეზიდენტმა ობამამ ისაუბრა ადამიანზე, რომლის მიერ წამოწყებული მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო უფლებების დაცვის ბრძოლაში გადაიზარდა და უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფების უფლებებისთვის ბრძოლას ამერიკელებს დღემდე შთააგონებს.

„მათი მარშის წყალობით, ქვეყანაში სამოქალაქო უფლებების დაცვის კანონმდებლობა მიიღეს. მათი მარშის დამსახურებით, ხმის მიცემის უფლების კანონს მოეწერა ხელი. სწორედ ამ მარშის გამო, მათი შვილებისთვის განათლების და სხვადასხვა შესაძლებლობების კარი ფართოდ გაიღო და მათ დაიწყეს თავისთვის ისეთი ცხოვრების წარმოდგენა, რომელიც სხვისი სარეცხის გარეცხვას და ფეხსაცმლის გაპრიალებას სცდებოდა. მათი მარშის დამსახურებაა ის, რომ ქალაქის სათათბიროები შეიცვალა, შტატებში კანონმდებლობა დაიხვეწა, კონგრესი და დიახ, საბოლოო ჯამში, თეთრი სახლიც შეიცვალა“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

მისი თქმით, 1963 წელს მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლის შემდეგ შეიცვალა დამოკიდებულება არამარტო აფრიკული წარმოშობის ამერიკელების მიმართ, არამედ სხვა რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების, ქალების და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართაც. ამასთან, მოძრაობამ გამოძახილი არამარტო შეერთებულ შტატებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იპოვა.

„ამერიკა შეიცვალა თქვენთვის და ჩემთვის. ამ მაგალითით მთელი მსოფლიო გაძლიერდა, იქნება ეს ახალგაზრდობა, რომელიც ე.წ. რკინის ფარდის მეორე მხრიდან გვიყურებდა და საბოლოო ჯამში ამ კედელს გაანგრევდა, თუ სამხრეთ ამერიკელი ახალგაზრდები, ვინც აპარტეიდის ჭირი დაამარცხა“ - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

თუმცა, პრეზიდენტ ობამას თქმით, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა უმუშევრობა და სიღარიბის დონე ფერადკანიან და ლათინურ-ამერიკული წარმოშობის მოსახლეობას შორის ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. „ამ ქვეყნის მონაპოვრის შენარჩუნებას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება“ - აღნიშნა პრეზიდენტმა და ამ შემთხვევაში შემოსავალში არსებული განსხვავება იგულისხმა, რომელიც სხვადასხვა რასობრივ ჯგუფებს შორის არსებობს და რომელიც ჯერ კიდევ იზრდება.

შეხვედრაზე უამრავი სხვა გამომსვლელი იყო. მათ შორის ბევრი უფლებადამცველი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები, მარტინ ლუთერ კინგის ოჯახის წევრები, ტელე და კინო ვარსკვლავებიც იყვნენ.

ექსპრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ქვეყნის პოლიტიკაში ამჟამად არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„მართალია დღეს პოლიტიკური შეხედულებების გამო საქმე ცემასთან, ლინჩის წესთან და სროლებთან არ გვაქვს, მაგრამ მოწიწებით შეგახსენებდით, რომ მარტინ ლუთერ კინგს იმისთვის არ უცხოვრია და დაღუპულა, რომ დღეს მისმა შთამომავლებმა პოლიტიკურ ჩიხზე იწუწუნონ. დადგა დრო მოთქმას და გოდებას თავი დავანებოთ და მხრებით მივაწვეთ იმ ჯიუტ ჭიშკარს, რომელიც ამერიკელ ხალხს წინსვლის საშუალებას არ აძლევს“ - განაცხადა ბილ კლინტონმა.

ექსპრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა უზენაესი სასამართლო გააკრიტიკა, რომლის დადგენილების მიხედვით, არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ღარიბი მოსახლეობისთვის ძალზე გართულდა. კარტერის თქმით, ყველა კარგად ხვდება, თუ რა რეაქცია ექნებოდა ამაზე მარტინ ლუთერ კინგს. შეხვედრაზე კინგის ერთ-ერთი თანამებრძოლი და 1963 წლის მარშის ორგანიზატორთაგან ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი ადამიანი, სენატორი ჯონ ლუისიც გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ რასიზმთან ბრძოლაში ამერიკამ დიდ პროგრესს მიაღწია, მაგრამ პრობლემის მოგვარებამდე დიდი გზაა გასავლელი, რადგან რასიზმი ამერიკულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ღრმად არის ჩაბეჭდილი.
XS
SM
MD
LG