ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმატებული მოსწავლეები თეთრ სახლში მიიღეს


წარმატებული მოსწავლეები თეთრ სახლში მიიღეს

ამერიკის პრეზიდენტის ყურადღება თავიდან 14 წლის ბიზნესმენის ჯო ჰუდის გამოგონებამ მიიპყრო. შეკუმშული ჰაერის მოწყობილობა კამფეტს, მარშმელოუს საკმაოდ შორ მანძილზე ისვრის.

პატარა ჯოსთან ერთად ბარაკ ობამამ მთელი ქვეყნიდან უამრავი მეცნიერებით და გამოგონებებით დაინტერესებული ბავშვი მოიწვია. სკოლის მოსწავლეები პრეზიდენტს საკუთარ მიღწევებს დიდი ენთუზიაზმით უზიარებდნენ.

ჯესიკა დესპოზიტომ სტიქიური უბედურებებისთვის პორტატიული თავშესაფარი წარმოადგინა, რომლის გამოგონებაც თანაკლასელებთან ერთად 2010 წელს ჰაიტიში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გადაწყვიტა.

„დავრწმუნებული ვართ იმაში, რომ მსგავს ნაგებობას უამრავი ადამიანი გამოიყენებდა. ამიტომაც შევქმენით ეს უმსუბუქესი მოწყობილობა“ - ამბობს ჯესიკა.

ტრადიციულად თეთრი სახლი სკოლების სპორტულ გუნდებს და ჩემპიონებს მასპინძლობს. ბატონმა ობამამ კი გადაწყვიტა, რომ სწავლაში და განსაკუთრებით კი მეცნიერებებში წარმატებული მოზარდებიც მიიწვიოს და მათი დამსახურება აღნიშნოს.

„თუკი სუპერ-თასის გამარჯვებულ გუნდს თეთრ სახლში ვიწვევთ, მაშინ სამეცნიერო კონკურსებზე დაწინაურებული ბავშვებიც უნდა დავპატიჟოთ“ - ბარაკ ობამას ამ სიტყვებს ამერიკელი მოზარდები დიდი აღტაცებით შეხვდნენ.

პრეზიდენტის პრიორიტეტების მიღმა სერიოზული პრობლემა დგას. ამერიკელი ბავშვები მათემატიკაში და ზოგიერთ წამყვან მეცნიერებაში საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნის სკოლის მოსწავლეებს საკმაოდ ჩამორჩებიან. სიტუაციის გასაუმჯობესებლად პრეზიდენტმა ობამამ რამდენიმე ახალი მიზანი დასახა.

„შემდეგი 10 წლის განმავლობაში ერთი მილიონით მეტი ამერიკელი დაამთავრებს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკის ფაკულტეტებს. ჩვენ ამას მივაღწევთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამისათვის ქვეყნის ლიდერს სურს ახალ სამთავრობო ბიუჯეტში 80 მილიონი გამოყოს და დამატებით 100 ათასი მათემატიკის და მეცნიერების მასწავლებელი დაასაქმოს. ამას გარდა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კერძო პირების და ორგანიზაციებისგან კიდევ 22-მილიონიან სუბსიდირებას ელოდება, რითაც ახალ ინსტრუქტორებს თრეინინგებს ჩაუტარებენ.

პატარა მეცნიერებთან შეხვედრის დასასრულს ბატონმა ობამამ ბავშვებს მოუწოდა ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენა არ დაკარგონ.

„თქვენ ჩემი შთაგონების წყარო ხართ. თქვენნაირი ახალგაზრდების შემხედვარე, დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკას საუკეთესო დღეები წინ აქვს“.

პრეზიდენტი ობამას სიტყვებში იმის დიდი იმედი იგრძნობა, რომ მომავალი თაობა შეერთებულ შტატებს მეცნიერებაში და ტექნოლოგიაში წამყვან როლს კვლავაც დაუმკვიდრებს.

XS
SM
MD
LG