ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას აზიური ტურნე მოსკოვის გადმოსახედიდან


ობამას აზიური ტურნე მოსკოვის გადმოსახედიდან
ობამას აზიური ტურნე მოსკოვის გადმოსახედიდან

ვაშინგტონსა და პეკინს შორის ეკონომიკური დაძაბულობის ფონზე რუსი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამერიკამ ჩინეთის როგორც სამხედრო ისე ფინანსური შეკავების პოლიტიკის განხორციელება დაიწყო რადგან პეკინის სიძლიერე დღითიდღე იზრდება. რუსეთში პრეზიდენტ ბარაკ ობამას აზიური ტურნეს შედეგებს სწორედ ამგვარად აფასებენ.

თვით პრეზიდენტმა ობამამ აზიის რეგიონში ვიზიტის პრიორიტეტებად მსოფლიოში შეერთებული შტატების ლიდერობის განმტკიცება და ჩინეთსა და რუსეთთან ურთიერთობის განვითარება დასახა. აღსანიშნავია ისიც, რომ თეთრმა სახლმა ინდოეთში პრეზიდენტ ობამას ოფიციალურ ვიზიტს დიდი ყურადღება დაუთმო.

ვაშინგტონსა და დელის შორის სამხედრო თანამშრომლობა ფართოვდება, რაც ბუნებრივია ჩინეთს აღელვებს. დამოუკიდებელი სამხედრო მიმომხილველის პაველ ფელგენგაუერის თქმით, როცა ინდოეთს ფული გაუჩნდა, მან შეერთებული შტატებისგან, რუსეთის ინტერესების საზიანოდ, შეიარაღების შესყიდვა დაიწყო. თუმცა ფელგენგაუერმა ისიც გაიხსენა, რომ, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, რუსეთის ინტერესები ინდოეთის ოკეანამდე არ წვდება. მაგრამ ასეა თუ ისე, რუსეთსა და ინდოეთს კვლავინდებურად ბევრი რამ აკავშირებთ. რუსეთის მთავრობა ინდოეთში პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ვიზიტისთვის ემზადება. ამასთან დაკავშირებით ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავის ინდოელ კოლეგას შეხვდა. რამდენად დაინტერესებულია რუსეთი, რომელიც ჩინეთს ესაზღვრება, პეკინის წინააღმდეგ ინოდეთის მხარდაჭერის მოპოვებით? შესძლებს თუ არა მოსკოვი შეერთებულ შტატებთან ალიანსში ინდოეთთან დაახლოებას?

ფელგენგაუერის თქმით, „ჩემი აზრით, რუსეთის პოზიცია ნეიტრალური იქნება. ჩინეთთან ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ჩვენ მოკავშირეები არ ვართ. რუსეთს ჩინეთის ეშინია, მაგრამ მოსკოვი პეკინის მიმართ საზრიან პოლიტიკას ატარებს. ამდენად რუსეთი ამ ურთიერთობებში ჩარევას არ აპირებს, თუმცა ბირთვული და სარაკეტო საშუალებების გამონაკლისის გარდა ჩვენ ინდოეთს პრაქტიკულად ყველანაირი შეზღუდვების გარეშე ნებისმიერ შეიარაღებას ვაწვდით. ხოლო ჩინეთთან ჩვენ გარკვეული შეზღუდვები გვაქვს. უკვე ათ წელზე მეტია რაც ჩინეთი ჩვენგან ატომური წყალქვეშა ნავების ყიდვას ლამობს, მაგრამ მოსკოვი ამ მოთხოვნებს უარყოფს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს ფინანსური თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა.“

ფელგენგაუერმა აღნიშნა, რომ რუსეთი სუ-30 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს როგორც ჩინეთს ისე ინდოეთს აწვდის. თუმცა ინოდეთის შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით ამ თვითმფრინავების აღჭურვა გაცილებით უმჯობესია. თუმცა რუსეთის მთავარ პოტენციურ მოწინააღმდეგეგ კვლავინდებურად ამერიკა რჩება.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების კვლევის ინსტიტუტის წამყვანმა სპეციალისტმა ალექსეი ფენენკომ, ინდოეთის ნაცვლად, ყურადღება ამერიკულ-ჩინური პაექრობის კონტექსტში შეერთებულ შტატებს, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის ურთიერთობების განმტკიცებაზე გაამახვილა.

ალექსეი ფენენკომ გაიხსენა, რომ 4 ნოემბერს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ახალ ზელანდიაში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ველინგტონის დეკლარაციას, რომელიც რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. ამასობაში ავსტრალიის ქალაქ მელბურნში შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს შეთანხმება კოსმოსური სივრცის ერთობლივი მშვიდობიანი ათვისების შესახებ.

ფენენკომ ზემოთჩამოთვლილი მოვლენებიდან შემდეგი დასკვნა გამოიტანა:

„ეს მომენტები მნიშვნელოვანია იმედნად რამდენადაც ფაქტობრივად ჩვენ ვხდებით მოწმეები წყნარი ოკეანის უსაფრთხოების შეთანხმების აღდგენისა, რომელიც 1951 წელს ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და შეერთებულმა შტატებმა გააფორმეს. მაშინ, ‘ცივი ომის’ პირობებში, შემოკლებულად ანზიუსის სახელწოდებით ცნობილი ეს შეთანხმება ორ მიზანს ემსახურებოდა. პირველი იყო იაპონიისთვის მშვიდობიანი განვითარების გარანტიის მიცემა, ხოლო მეორე კი - ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის გავლენის შეზღუდვა.“

აღსანიშნავია, რომ 1987 წლისთვის ანზიუსის სამხედრო პროგრამებში შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების მონაწილეობა საგრძნობლად შემცირდა. ფენენკო ამტკიცებს, რომ ობამას ადმინისტრაციას ამ შეთანხმების აღდგენა სურს.

„ავსტრალია და ახალი ზელანდია ამჟამად სარაკეტო პროგრამებს აქტიურად ანვითარებენ. ავსტრალიამ თავისი სარაკეტო საქმიანობა 2006 წელს განაგრძო. ხოლო 2007 წელს მან ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც ანტი-სარაკეტო სისტემაში მის მონაწილეობას ითვალისწინებს,“ აღნიშნა ფენენკომ.

ფელგენგაუერი ამ მოსაზრებებს არ ეთანხმება. მისი თქმით, არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ავსტრალია და ახალი ზელანდია ამერიკის ძირძველი მოკავშირეები არიან და ვაშინგტონის მიმართ ერთგულებით გამოირჩევიან. ფელგენგაუერს მიაჩნია, რომ ვინაიდან ახალი ზელანდია ფაქტობრივად შეიძლება ჯუჯა სახელმწიფოდ ჩაითვალოს, მას რეგიონალურ ასპარეზზე სერიოზულ ძალად არავინ აღიქვამს.

ფელგენგაუერმა აღნიშნა, რომ ჩინეთის სამხედრო მნიშვნელობის გადაფასება მიზანშეწონილი როდია. თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთი ნამდვილად ზესახელმწიფოდ შეიძლება ჩაითვალოს, სამხედრო კუთხით ის მხოლოდ „რეგიონალური სახელმწიფოა,“ აცხადებს რუსი ექსპერტი. მართალია ბირმის დახმარებით ჩინეთმა ინდოეთის ოკეანეზე პირდაპირი გასასვლელი მოიპოვა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყნებთან, მაგალითად სუდანთან, და ლათინურ ამერიკასთან, კერძოდ ვენესუელასთან, ურთიერთობების გაუმჯობესება სცადა, ამჟამად ჩინეთი ამ დაშინებული ქვეყნების გარემოცვიდან გაღწევას ცდილობს.

„რუსეთი დიპლომატიურ მანევრებშია ჩართული მოგების მიღების მიზნით და მას არავისთან ურთიერთობების გაფუჭება არ სურს,“ დასძინა ფელგენგაუერმა.

XS
SM
MD
LG