მაიკ პომპეომ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დღეს განაცხადა, რომ ის არ არის "ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებული ანონიმური წერილის წყარო. ოთხშაბათს, გაზეთში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში მყოფი, მაღალი თანამდებობის მქონე წევრის სკანდალური წერილი გამოჩნდა, რომელიც რედაქციამ ანონიმურობის დაცვის პირობით გამოაქვეყნა.
პომპეომ ინდოეთში ვიზიტის დროს თქვა, რომ მსგავსი სტატიის გამოქვეყნება, მისი აზრით სამწუხარო ფაქტია და რომ "მედიის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს ადმინისტრაციის მუშაობას, ძალიან შემაშფოთებელია". წერილი ტრამპის ადმინისტრაციაში ერთგვარი წინააღმდეგობის მოძრაობაზე მიანიშნებს, რომელიც ცდილობს პრეზიდენტის "ქაოტური", "არაეფექტური" ნაბიჯები გაანეიტრალოს და ამერიკელებს გაუჩინოს შეგრძნება, რომ "ოთახში უფროსებიც არიან".
პრეზიდენტმა ტრამპმა წერილს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ოთხშაბათსვე რამდენჯერმე უპასუხა. ერთ-ერთში ის გაზეთის რედაქციისგან წყაროს გამხელას ითხოვდა. დონალდ ტრამპმა წყაროს "მხდალი" უწოდა და მისი არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. "თუ ეს მხდალი ანონიმური ადამიანი ნამდვილად არსებობს, "თაიმსი" ვალდებულია ის ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებით მთავრობას გადასცეს" - აცხადებს პრეზიდენტი.
Facebook Forum