ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჟურნალისტების ახალი წიგნი ფედერალური უშიშროების სამსახურს მიეძღვნა


წიგნ "ახალი არისტოკრატიის" ავტორები რუსი ჟურნალისტები ირინა ბოროგანი და ანდრეი სოლდატოვი

ავტორები ანდრეი სოლდატოვი და ირინა ბოროგანი ნიუ იორკში ჟურნალისტების დაცვის კომიტეტში პრეზენტაციით გამოვიდნენ

ნიუ იორკში მდებარე ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ცნობით ერთ დროს რუსეთის პრეზიდენტისა და ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის ვლადიმირ პუტინის მმართველობის დროს რუსეთში 19 ჟურნალისტი მოკლეს. ხსენებულმა დამოუკიდებელმა არასამთავრობო სადამკვირებლო ჯგუფმა გუშინ უმასპინძლა ორ რუს ჟურნალისტს, რომლებმაც პუტინის მფარველობის ქვეშ უშიშროების სამსახურების აღორძინება გამოიძიეს. რუსი ჟურნალისტების თქმით უშიშროების სამსახურები რუსეთში თავისუფალ მედიას საფრთხეს უქმნიან.

ახლახან გამოქვეყნებული წიგნის „ახალი არისტოკრატიის“ ავტორები რუსი ჟუნრალისტები ანდრეი სოლდატოვი და ირინა ბოროგანი აღნიშნავენ, რომ პუტინის პრეზიდენტობის დროს მიღებულმა კანონმდებლობამ ექსტრემიზმის ცნება გააფართოვა და მასში ოფიციალური პირების კრიტიკაც შევიდა. სოლდატოვი აღნიშნავს, რომ რუსი მაღალჩინოსნები ჟურნალისტებზე სამართლებრივ ზეწოლას ახდენენ, რაც ხშირად მათ დაპატიმრებაში გამოიხატება.

„თუ თქვენ დაბალი რანგის ოფიციალურ პირებს აკრიტიკებთ, მაგალითად, ლეიტენანტს, პოლკოვნიკს, ან მაიორს, მაშინ მდგომარეობა შეიძლება გაგირთულდეთ და შეიძლება საშიში გახდეს კიდეც. იგივე პრობლემას წააწყდებით, თუ გააკრიტიკებთ ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას. ისინი გრძნობენ, რომ კრემლი მათ არ აკონტროლებს და ამიტომ მზად არიან უსასტიკესი ზომები მიიღონ,“ აღნიშნა სოლდატოვმა.

სასტიკ მეთოდებში თავდასხმები იგულისხმება, რომელიც ხშირად სხეულის დაზიანებას, ტვინის შერყევასა და სიკვდილსაც იწვევს.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი ნინა ოგნიანოვა, რომელმაც წიგნის ავტორები წარადგინა, აღნიშნავს, რომ წიგნის სახელწოდება რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ყოფილი დირექტორის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას უკავშირდება. თავის განცხადებაში პატრუშევმა აღნიშნა, რომ მის ორგანიზაციას რუსული პატრიოტიზმი ამოძრავებს. ოგნიანოვას თქმით, ამ განცხადების მტკნარი სიცრუის გასამჟღავნებლად სოლდატოვამ და ბოროგანმა საგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობის ათი წელი მიუძღვნეს.

„უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს არა კეთილშობილება არამედ ანგარება ამოძრავებს. ფაქტობრივად უშიშროების სამსახური ბიზნესად გადაიქცა, რომელიც საკუთარი კორპორატიული ინტერესების დასაცავა დყოველგვარი ზედამხედველობისა და პაუსიხსმგებლობის გარეშე მოქმედებს,“ აღნიშნა ოგნიანოვამ.

ანდრეი სოლდატოვი აღნიშნავს, რომ პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი არის პირველი რუსული ლიდერი, რომლის მომხრეები ძირითადად უშიშროების სამსახურების თანამშრომლები არიან. მისი თქმით, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალზედ ხანმოკლე პერიოდის მანძილზე ფედერალური უშიშროების სამსახური საზოგადოებრივ აზრსა და ჟურნალისტებს ანგარიშს უწევდა რადგან მას პოლიტიკური რეფორმების ეშინოდა. ამასთან დაკავშირებით სოლდატოვმა აღნიშნა:

„მაშინ კრემლმა საჯაროდ განაცხადა, რომ ფედერალური უშიშროების სამსახური იმდენად დასუსტებული აღმოჩნდა 1990-იანი წლების დემოკრატიული რეფორმების შედეგად, რომ უშიშროების სამსახურებს თანადგომა და არა კრიტიკა სჭირდებოდათ. სწორედ ამის გამო ფედერალური უშიშროების სამსახურმა ჟურნალისტებთან კავშირები შეწყვიტა.“

19 ჟურანლისტის დღემდე გაუხსნელი მკვლელობის ფონზე რუსეთში საგამომძიებლო ჟურნალიზმი როგორც ასეთი აღარ არსებობს. წიგნის ავტორებმა გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ როგორც ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი გამოცემის მაგალითი მოიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ამ გაზეთის რამდენიმე თანამშრომელი მოკლეს. მათ შორის იყო ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც მოსკოვში ოთხი წლის წინ ბოროტმოქმედის ტყვიამ ისმხვერპლა.

მაგრამ ირინა ბოროგანი აღნიშნავს იმასაც, რომ ჟურნალისტები ფედერალური უშიშროების სამსახურში კანონდარღვევების შესახებ დაბალი რანგის თანამშრომლებისგან იღებენ ინფორმაციას, რომლებიც მომხდართან უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ირინა ბოროგანი დასძენს:

„თანამდებობიდან მოხსნილი ოფიცრები ინფორმაციის ფასდაუდებელ წყაროებს წარმოადგენენ. მათ ყოფილ უფროსებთან ბევრი პრობლემები აქვთ და ამდენად ამ პირების გამოყენება შესაძლებელია. როგორც წესი, ისინი ინფორმაციის სანდო წყაროებს წარმოადგენენ.“

„ახალი არისტოკრატიის“ ავტორებმა დაასკვნეს, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურებში გამეფებული გადამეტებული ეჭვიანობისა და კლანური მენტალიტეტის გამო, ამ სამსახურების მიერ სადაზვერვო სფეროში განხორციელებული ოპერაციები ძალზედ არაეფექტურია. რუსი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მთავრობაში ფარულად უშიშროების სამსახურების ბევრი აგენტი მუშაობს, რაც თავის მხრივ სახელმწიფო მმართველობას ასევე არაეფექტურს ხდის.

XS
SM
MD
LG