ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ქართული მარში" ნიუ-იორკის პრაიდზე


ქართული მარში, ნიუ-იორკი

50 წლიანი ბრძოლა უფლებებისთვის, - ნიუ-იორკში წელს 50-ედ მანჰეტენზე ლგბტქ მარში გაიმართება. საზეიმო მსვლელობით, თემის წევრები კიდევ ერთხელ ეტყვიან საზოგადოებას, რომ არ შეიძლება ადამიანების დევნა, მოკლვა, ჩაგვრა ან დაცინვა მხოლოდ იმის გამო, რომ ის განსხვავებულია.

ნიუ-იორკის ღირსების მარშში წელს მესამედ მიიღებენ მონაწილეობას ქართველებიც. "თბილისის პრაიდის" მაისურებით, ლოზუნგებითა და საქართველოს დროშებით.

ქართული მარში, ნიუ-იორკი
ქართული მარში, ნიუ-იორკი

“მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ჩვენც ქართველები ვართ და ჩვენც გვაქვს პატრიოტული გრძნობა, დროშაზე არავის აქვს საავტორო უფლება ის თანაბრად ეკუთვნის ნებისმიერ ქართველს - ის ჩვენიცაა. პრაიდში მონაწილოება არის თემისთვის საშუალება იზეიმოს ის ლეგალური უფლებები რაც მან მოიპოვა 50 წლიანი ბრძოლის განმავლობაში,”- ეს განცხადება "ამერიკის ხმასთან "საუბრისას დავით შუბლაძემ გააკეთა.

ნიუ-იორკის ღირსების მარშში სხვადასხვა კომპანიები, ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლების სამსახურები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ყველა მათგანი მთავარ მსვლელობას, კოლონის სახით უერთდება.

ათობით ქართველი კი წელს “ქართული მარშის” სახელით უკრაინულ კოლონას შეუერთდება, შემდეგ კი ერთად ჩაერთვებიან ნიუ-იორკის ღირსების მარშში.

“პრაიდზე კანონისა და ადამიანთა თანასწორობის საზეიმოდ გავდივართ. წელს უკრაინულ ჯგუფთან ერთდ გავალთ პრაიდზე, რაც სიმბოლურია. უკრაინელები და ქართველები მოძმე ერია, თითქმის ერთნაირი ისტორიის, განვითარებისა და აწმყოს ისტორიით. პრაიდის მიზანია ზეიმით აღნიშვნა იმისა თუ ვინ ხარ, და არა სირცხვილით, დამალვითა და სახლში გამოკეტვით”- აცხადებს შუბლაძე.

"თბილისი პრაიდი"
"თბილისი პრაიდი"

ქართული მარშში მონაწილე ათობით ადამიანს წელს თბილისი პრაიდის მაისურები ეცმევა. გადაწყვეტილება თემის წევრებმა და აქტივისტებმა, თბილისში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ერთობლივად მიიღეს.

"გამომდინარე თბილისში განვითარებული მოვლენებიდან, ლოგიკურია, რომ ჩვენ გავაკეთოთ ის, რაც თბილისში ჩვენმა დებმა და ძმება ვერ შეძლეს. არა იმიტომ, რომ ამის სურვილი არ ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ მთავრობა არის უნიათო და არ აქვს სურვილი დაიცვას მისი მოქალაქეების თავშეყრისა და მანიფესტეციის უფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველა როდია თანასწორი კანონის წინაშე? მავანი უფრო თანასწორია და ამ მავანთა გამო ხდება მოქალაქეთა ჯგუფისთვის უფლებების ჩამორთმევა. საჯარო სივრცე ყველასია, თუმცა ზოგიერთი რადიკალური ჯგუფი მის ოკუპირებას ახდენს და თავად წყევტს ვის მისცეს გამოჩენის უფლება და ვის არა. სამწუხაროა,რომ ქართული სახელმწიფო სირაქლემას პოზაშია და ვერ აცნობიერებს, ან არ უნდა გაცნობიერება, რომ მისი ყველა მოქალაქე თანაბარი უფლებით სარგებლობს. ამ რადიკალური ჯგუფების აქტივობა არ ეხება მხოლოდ ლგბტ თემს. გასულ წლებში სამიზნეში იყვნენ სხვადასხვა უმცირესობები, მაგალითად: იეჰოვას მოწმეები, იუდეველები, ქართველი ბაპტისტები, ქართველი კათოლიკები და ზოგადად, რადიკალების სამიზნე ყველა უმცირესობა გახლავთ - ყველა ვისზეც შეუძლიათ იძალადონ და ჩაგრონ. რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან “მწვანე შუქი აქვთ”, სახელწმიფო არ იჩენს პოლიტიკურ ნებას აღასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა - დაიცვას კანონის უზენაესობა.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომიდნარე მიგვაჩნია, რომ სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ იმათ მიმართ, ვინც ვერ გამოდის გარეთ კანონისა და ადამიანთა თანასწორობის იდეის საზეიმოდ,”- აცხადებს შუბლაძე

ქართველები ღირსების მარშზე, ნიუ-იორკი
ქართველები ღირსების მარშზე, ნიუ-იორკი

"მარტორქა" თბილისში ლგბტქ თემის წინააღმდეგ იბრძვის, რეალურად კი ეს სიმბოლო მსოფლიო პრაიდის სიმბოლოა.

“საქართველოში ქართული მარში არის რეტროგრადობის სიმბოლო, ხოლო ნიუ-იორკში ქართული მარში იქნება სიმბოლო პროგრესის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის,”- აცხადებს შუბლაძე.

დავით შუბლაძე მიმართავს ჰომოფობებსაც და ილია ჭავჭავაძის სიტყვებს იხსენებს.

“...კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის, ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყნიერობაზედ."

აქვე შუბლაძე აღნიშნავს, რომ არ შეიძლება რელიგია იყოს კონკრეტული ჯგუფების მიერ გამოყენებული და რელიგიის სახელით ადამიანებს დევნიდნენ.

ქართველები ღირსების მარშზე, ნიუ-იორკი
ქართველები ღირსების მარშზე, ნიუ-იორკი

“ ჰომოფობებს ვეტყოდი, რომ ნუ გველაპარაკებიან რელიგიის კუთხით, ჩვენ ვცხოვრობთ საერო სახელმწიფოში, სადაც რელიგიური კანონების ადგილი არ არის. რელიგიური კანონები მხოლოდ ეკლესიაშია ვალიდური. საერო სახელმწიფოს შენებისას, ყველა მისი მოქალაქეა მნიშნელოვანი და ძვირფასი, განურჩევლად: რასისა, ეთნიკურობისა, რელიგიური აღმსარებლობისა თუ გენდერული ინდეტობისა ან სექსუალური ორიენტაციისა. გადასახადებს ყველა თანაბრად იხდის და ყველა თანაბრად ჰქმნის დოვლათს, ასე რომ სახელმწიფომ ყველა თანაბრად უნდა დაიცვას ან შეცვალოს მართვის სიტემა და გახდეს სასულიერო ქვეყანა (თეოკრატიული), ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ამბობს რომ ეს არის ცოდვის ზეიმი ან პროპაგანდა, ვეტყვოდი რომ (მათი გაგებით) ბევრი რამაა მართლაც ცოდვის ზეიმი, (თუნდაც ლუდისა და ღვინის ფესტივალები რად ღირს? ან მემთვრალეობის ცოდვის პროპაგანდა და ზეიმი არ ხდება მაგ დროს?) თუმცა, მათ მხოლოდ ლგბტ თემზე აქვთ გართულება, პრობლემის წყარო ეძიონ საკუთარ აზროვნებაში. ორმაგი სტანდრტების აზროვნების ხალხთან ძალიან რთულია სჯა-ბაასი. რელიგია არის ყველა მოქალის პირადი საქმე, ნუ მოგვავხვევენ თავს საკუთარ რელიგიურ დოგმატიკას, სახლში და დახურულ სივრცეში, რაც გინდათ ის აკეთეთ, საჯარო სივრცეში ჩვენს უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ქვეყნის უზენაესი კანონი - კონსტიტუცია.” - აცხადებს დავით შუბლაძე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG