ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპელი ლიდერები ნიუ-იორკის თავდასხმას ეხმაურებიან


ევროპელი ლიდერები ნიუ-იორკის ტერაქტის გამო ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებენ. თავდასხმა, რომელმაც 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 10-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, სავარაუდოდ უზბეკური წარმოშობის 29 წლის მამაკაცმა, საიფულო საიპოვმა მოაწყო.

სამშაბათს მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ ევროპელებს საკუთარი ქალაქები გაახსენა, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ მსგავსი თავდასხმების ობიექტებად იქცა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ შოკირებულია ამ თავდასხმით.

„მომხდარით შოკირებული ვარ, ჩემი ფიქრები არის თქვენთან, ყველასთან, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ტერორიზმის ბოროტებას“, - განაცხადა მეიმ.

თუმცა როგორ შეძლებენ ქვეყნების ლიდერები ამგვარი თავდასხმების პრევენციას, საკამათო საკითხია. ნიუ-იორკის გუბერნატორმა თქვა, რომ ეს კონკრეტული თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს უფრო დიდი გეგმის ნაწილი იყო, „რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ გლობალური ტერორიზმის ფორმები იცვლება,“ - ამბობს უსაფრთხოების ანალიტიკოსი აფზალ აშრაფი.

„2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ტერორისტული აქტების ფორმები შეიცვალა. ეს მასშტაბური თავდასხმები ახლა ჩაანაცვლა ე.წ. „მარტოხელა მგლების“ თავდასხმებმა, რომლებიც იყენებენ „გამზადენულ აღჭურვილობას“, ისეთს, როგორიც მაგალითად ავტომობილია“, - ამბობს აშრაფი.

ნიუ-იორკის თავდასხმამდე მსგავსი ტერორისტული თავდასხმები მოხდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ივნისში, სამმა თავდამსხმელმა მიკროავტობუსი გამოიყენა იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულეები დაეხოცა ლონდონის ხიდზე, ამის შემდეგ კი მათ დანებით დაჭრეს გამვლელები. იქამდე სამი თვით ადრე კი ვესტმინსტერში ერთმა თავდამსხმელმა მანქანა სწორედ ფეხით მოსიარულეებს შეაჯახა, შემდეგ კი სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციის ოფიცერი. ლონდონის ხელისუფლებამ მას შემდეგ გარკვეულ მნიშვნელოვან ქუჩებზე სპეციალური ბარიერების გაკეთება დაიწყო. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი თავდასხმებისგან სრულად თავის დაცვა შეუძლებელია.

„ჩვენ ვსაუბრობთ არანორმალურ მასშტაბსა და ადგილებზე. ვსაუბრობთ მილიარდობით დოლარზე, რომელიც შეიძლება დასჭირდეს დამცავი ბარიერების შექმნას. ყველა ეს ბარიერი რა თქმა უნდა იქნება წარმატებული, მაგრამ ტერორის საფრთხე გაგრძელდება“ - ამბობს აფზალ აშრაფი, ნოთინგემის უნივერსიტეტიდან.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა კი ნიუ-იორკის თავდასხმაზე საუბრისას თქვა, რომ ეს არის გლობალური საფრთხის შესახებ „მწვავე შეხსენება“:

„მსოფლიოში საფრთხე ძალიან დიდია და ჩვენი მიზანია, რომ მოგცეთ სანდო, უტყუარი პასუხები, და რომ ფრანგ ხალხს მაღალი დონის უსაფრთხოების გარანტიები შევუქმნათ, - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.

ტერორისტული თავდასხმები საფრანგეთისთვის ნამდვილად არაა უცხო. ცოტა ხნის წინ პარიზსა და ნიცაში მომხდარმა ტერაქტებმა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამშაბათს ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა ახალ ანტი-ტერორისტულ კანონმდებლობას. მისი თქმით, ამგვარი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და შესაძლებელი გახდება კონკრეტული საეჭვო პირების მიმართ აქტიური ქმედება, მაგალითად რეიდების ჩატარება.

ამერიკის პეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მან ამერიკაში მოგზაურთა „უმკაცრესი შემოწმების“ ბრძანება უკვე გასცა. თუმცა ექსპერტთა აზრით, ევროპა ამგვარ გადაწყვეტილებას არ გაიზიარებს. ზოგიერთი შეფასებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი „პოტენციური ტერორისტების“ ეფექტური გამოვლენაა. უსაფრთხოების ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ამგვარი „მარტოხელა“ მგლებისგან“ მოსახლეობის აბსოლუტური დაცვა წარმოუდგენელია და ამგვარი თავდასხმებით სამოქალაქო პირებისთვის ზიანის მიყენება შესაძლოა გაგრძელდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG