ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკება ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე ორშაბათს განახლდება


ენრიკე მორა

ირანთან მოლაპარაკება 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის თაობაზე 27 დეკემბერს განახლდება. განცხადებას სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ევროპის კავშირის კოორდინატორი, ენრიკე მორა ავრცელებს. შეთანხმების აღდგენის მიზნით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საერთაშორისო შეხვედრები უკვე რამდენიმე თვეა წყვეტილად და კონკრეტული შედეგის გარეშე მიმდინარეობს.

"ვენის მოლაპარაკებები ორშაბათს, 27 დეკემბერს განახლდება... ერთობლივი კომისია სამომავლო გზების განსაზღვრის თაობაზე დისკუსიების გამართვის მიზნით შეიკრიბება" - დაწერა ენრიკე მორამ თავის "ტვიტერის" გვერდზე.

შეერთებული შტატები მოლაპარაკებებში არაპირდაპირ, შუამავლების საშუალებით მონაწილეობს. 2015 წელს დადებული საერთაშორისო შეთანხმება, 2018 წელს ამერიკამ მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით დატოვა.

ამ წლის დასაწყისში, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეთანხმების აღდგენის სურვილზე და ირანზე დაწესებული სანქციების მოხსნის მზაობაზე მიანიშნა, თუკი ირანი უარს იტყვის ბირთვული იარაღის განვითარებაზე. ირანის ოფიციალური პირები დღემდე აცხადებენ, რომ მათი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის არის განსაზღვრული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG