ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზაპორიჟიეს ბირთვული ენერგოსადგური კვლავ საფრთხის ქვეშაა


გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დაცვის ზონის შექმნის თაობაზე კონსულტაციებს აძლიერებს. უქმეებზე, ატომური სადგური კვლავ საჰაერო იერიშების სამიზნე გახდა.

რაფაელ გროსის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს, არ უსაუბრია დეტალებზე, სადგურის გარშემო უსაფრთხო ზონის შესაქმნელად მიმდინარე ძალისხმების შესახებ.

21 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში მან თქვა, რომ სადგურზე მიტანილი შეტევა, 19 ნოემბრს, გვიან ღამესა და 20 ნოემბრის დილას, "ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ასეთი ინციდენტი იყო ბოლო თვეების განმავლობაში".

IAEA-ს ინსპექტორებმა შეძლეს გადამოწმება, რომ დაბომბვის სიმძიმის მიუხედავად, სადგურის ძირითადი აღჭურვილობა დაუზიანებელია და არ არსებობს დაუყოვნებლივი საფრთხე ბირთვული უსაფრთხოების საკითხზე, თქვა გროსიმ.

IAEA-ს ბირთვული უსაფრთხოების ოთხ ექსპერტს, რომლებიც ამჟამად ადგილზე იმყოფებიან, მენეჯმენტმა მიაწოდა ინფორმაცია დაბომბვის შედეგების შესახებ და ექსპერტებმა შემდეგ ზიანის ზომა შეაფასეს, ამბობს გროსი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ზაპორიჟიეში ექვსი ბირთვული რეაქტორის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამIAEA-ს ექსპერტებმა დააფიქსირეს ფართომასშტაბიანი დაზიანება მთელ სადგურზე.

„ეს არის შეშფოთების მთავარი მიზეზი, რადგან ნათლად აჩვენებს თავდასხმების ინტენსივობას მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე“, - თქვა გროსიმ.

რაფაელ გროსი ადრე აცხადებდა, რომ უკრაინა ძლივს გადაურჩა კატასტროფას, როცა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ატომური ელექტროსადგური სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, მოსკოვის სამიზნე გახდა.

უკრაინის ენერგეტიკულმა სააგენტომ “ენერჰოატომმა” რუსული ძალები ობიექტის დაბომბვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დაფიქსირდა მინიმუმ 12 დარტყმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 ნოემბერს უკრაინული ძალები ელექტროგადამცემი ხაზების მიმართულებით სროლაში დაადანაშაულა, ხოლო 21 ნოემბერს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გაიმეორა მოსკოვის მტკიცება, რომ კიევი იდგა თავდასხმების უკან.

მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ბოლო თვეებში სადგურის სამიზნეში ამოღებაში ადანაშაულებენ. ევროპის უდიდესი ელექტროსადგური რუსულმა ძალებმა თებერვალში უკრაინაში შეჭრიდან მალევე აიღეს. საბჭოთა დაპროექტების სადგურში რეაქტორები დაიხურა, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ბირთვული საწვავი გადახურდეს, თუ ელექტროსადგურის გამაგრილებელი სისტემების ელექტრომომარაგება შეწყდება. ქარხანა არაერთხელ იძულებული გახდა ემუშავა სარეზერვო გენერატორებზე რუსეთის მიერ მისი დაკავების შემდეგ.

რუსული სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის “როსატომის” ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა 21 ნოემბერს ისაუბრა სადგურზე ატომური ავარიის საშიშროების თაობაზე და თქვა, რომ ის „მთელი ღამე“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს IAEA-სთან.

“როსატომი” ობიექტს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება ქარხნის დაყადაღებისა და უკრაინელი პერსონალის რუსეთის კონტროლის ქვეშ გადაყვანის თაობაზე.

21 ნოემბერს მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიძღვნილ ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დასავლეთის სამხედრო ალიანსის წევრებს მოუწოდა დაიცვან უკრაინის ბირთვული ობიექტები.

“ყველა ქვეყანა დაინტერესებულია, რომ არ მოხდეს რაიმე საშიში ინციდენტი ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. “ჩვენ ყველას გვჭირდება გარანტირებული დაცვა რუსული დივერსიისგან ბირთვულ ობიექტებზე”, - თქვა მან.

ზელენსკიმ ასევე გაიმეორა თავისი მოწოდება ნატოს ქვეყნებისა და სხვა მოკავშირეებისადმი, რომ აღიარონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და თქვა, რომ უკრაინის ენერგო-ინფრასტრუქტურის დაბომბვა "მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას" უტოლდება.

ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ნატოს წევრ მთავრობებს „მკაფიოდ განაცხადონ, რომ რუსეთის სახელმწიფო ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში ტერორისტულია“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG