ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალური სატელეფონო მოსმენები


გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს და დაზვერვის კოორდინატორს შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ჯეიმს კლაპერი შეხვდა

განცხადებამ იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელის მობილურ ტელეფონს ისმენდა, მისი საგამოძიებო ჯგუფის თეთრ სახლში ოთხშაბათის ვიზიტი გამოიწვია, სადაც ისინი კითხვებზე პასუხების მისაღებად მივიდნენ. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სააგენტო ამჟამად არ აგროვებს ინფორმაციას ქალბატონ მერკელზე და ამას არც მომავალში გააკეთებს, თუმცა ვაშინგტონმა არ თქვა, სადაზვერვო სააგენტო წარსულში თუ ჯაშუშობდა მის მიმართ.

შეერთებულიშტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეიმს კლაპერი და უსაფრთხოების სამსახურის სხვა ოფიციალური პირები ამ საკითხზე სასაუბროდ შეხვდნენ გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს და დაზვერვის კოორდინატორს.

პასუხების მისაღებად ვაშინგტონში ევროპარლამენტარებიც იმყოფებიან.

ბრიტანეთის წარმომადგენელმა კლოდ მორემ თქვა, რომ სურთ იცოდნენ ევროპელების მიმართ თუ ჯაშუშობს სააგენტო და ევროპული სააგენტოები თუ ეხმარებიან ამ საქმიანობაში.

„ჯაშუშობა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ მეგობრების მიმართ ჯაშუშობა არ არის იოლად მოსათმენი, თუ ამას გარკვეული და დამაჯერებელი მიზანი არ აქვს.“

გერმანელმა პარლამენტარმა ელმარ ბროკმა თქვა, რომ მოკავშირეებზე ჯაშუშობა შეუწყნარებელია.

„ჩვენ გვსურს მეგობრებს შორის ჯაშუშობის ამოძირკვა. სინამდვილეში და არა მხოლოდ სიმბოლურად.“

სამშაბათს, კონგრესისთვის მიცემულ ჩვენებაში, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა, არმიის გენერალმა კეიტ ალექსანდერმა დაიცვა თავისი სააგენტო.

მან უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ სააგენტომ ევროპის მილიონი მოქალაქის სატელეფონო ჩანაწერები მოიპოვა, როგორც ამას სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორის, ედუარდ სნოუდენის მიერ გამჟღავნებული ინფორმაცია იტყობინებოდა.

„კომპიუტერის ეკრანის ის ფოტოები, რომლებიც აჩვენებენ, ან როგორც მინიმუმ, ადამიანების დარწმუნებას ცდილობენ იმაში, რომ ჩვენ - სააგენტომ, ან შეერთებულმა შტატებმა ის ინფორმაცია მოვიპოვეთ, სიყალბეა. ასევე ტყუილია, რომ ეს ინფორმაცია ევროპის მოქალაქეებზე შეგროვდა. არცერთი არ შეესაბამება სინამდვილეს.“

ალექსანდერმა თქვა, რომ სააგენტომ ნატოელი მოკავშირეების მეშვეობით მიიღო გამიზნული ინფორმაცია ზოგიერთი ევროპელის სატელეფონო საუბრებიდან.

„მონაცემების შესახებ ინფორმაციის წყაროებში შედიოდა, სააგენტოს სხვადასხვა უფლებამოსილების ფარგლებში, მის მიერ კანონიერად მოპოვებული ინფორმაცია. ასევე სხვა ინფორმაცია, რაც სააგენტომ თავისი უცხოელი პარტნიორებისგან მიიღო. ძალიან გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არ არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ევროპის მოქალაქეებზე შევაგროვეთ.“

ამ ბრალდებების გამო, ზოგიერთ ევროპელ ოფიციალურ პირს სურს შეაჩეროს ინფორმაციის გაზიარების შეთანხმება დასახელებით „სეიფ ჰარბორ„ რომელიც 4200-ზე მეტ ამერიკულ კომპანიას ეხმარება აწარმოოს საქმიანობა ევროპაში.

ამავდროულად არსებობს ბრალდებები, რომ სააგენტო შეიჭრა „იაჰუ“-ს და
„გუგლ“-ის საძიებო სერვისის მონაცემთა ცენტრების მთავარ დამაკავშირებელ ხაზებში, რომლებიც მთელ მსოფლიოს ფარავს. ეს ინფორმაცია ეყრდნობა, ედუარდ სნოუდენის მიერ მიწოდებული დოკუმენტების შესახებ „ვაშინგტონ პოსტის“ პუბლიკაციებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თქმით, მათ მიიღეს დაპირება, რომ გაეროს საკომუნიკაციო ქსელები ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების მიერ „არ არის მონიტორინგის საგანი და არც მომავალში იქნება“. გაეროს წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, ადრე თუ ისმინებოდა მსოფლიო ორგანიზაციის კომუნიკაციები.
XS
SM
MD
LG