ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა უნდა იცოდეთ აშშ ეროვნული დავალიანების შესახებ


რა უნდა იცოდეთ აშშ ეროვნული დავალიანების შესახებ
რა უნდა იცოდეთ აშშ ეროვნული დავალიანების შესახებ

ამერიკის ფედერალური მთავრობის ვალი ტრილიონობით დოლარით განისაზღვრება და მას მსხვილი ინვესტორები ობლიგაციების სახით ფლობენ

შეერთებული შტატების მთავრობის დავალიანებამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ამერიკის ფედერალური მთავრობის ვალი ტრილიონობით დოლარში გამოიხატება და მას ძირითადად მსხვილი ინვესტორები მთავრობის მიერ გამოცემულ ფასიან ქაღალდებში ფლობენ.

ეს ფასიანი ქაღალდები ანუ ობლიგაციები სესხის ბარათებს წარმოადგენს, რომლებიც შეერთებული შტატების მთავრობას გარკვეული დროის მონაკვეთში განსაზღვრული თანხის გადახდას ავალადებულებს. ასე, მაგალითად, თუ ინვესტორმა ათასი ათდოლარიანი ობლიგაცია შეიძინა, ის ფაქტორბივად შეერთებული შტატების მთავრობას სესხად ათ ათას დოლარს აძლევს. როგორც წესი, ობლიგაციებს ფასდაკლებით იძენენ და ამას გარდა გარკვეული ობლიგაციები საპროცენტო განაკვეთის მიღების უფლებას იძლევა. სწორედ ეს აძლევს ინვესტორებს მოგების შესაძლებლობას.

რისთვის ყიდის შეერთებული შტატები ამ ობლიგაციებს? ამის მთავარი მიზეზი ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი გახლავთ. საბიუჯეტო დეფიციტი და დავალიანება ერთმანეთთან არის კავშირში, მაგრამ ერთსა და იმავეს როდი ნიშნავს. ამერიკული უნივერსიტეტის მკვლევარი ლი რიდიკი საბიუჯეტო დეფიციტს ამგვარად განმარტავს:

„მე ამას ბიზნესის წარმართვის სიგარების ყუთის მოდელს ვუწოდებ. ანუ ნაღდი ფული შემოდის და გადის. თუ დასახარჯი ფული გამოგელია და ვალები გაქვს, მაშინ დამატებითი ნაღდი ფული უნდა მოიპოვო. ხოლო ნაღდი ფულის ამოღება ორადორი მეთოდით არის შესაძლებელი - გადასახადების გაზრდისა ან მთავრობის ობლიგაციების გაყიდვით. დეფიციტი დავალიანებას ხელს უწყობს, მაგრამ ეს ორი ცნება ერთმანეთისგან განსხვავდება.“

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი ფრედ ლუცი კი აღნიშნავს:

„თუ, მაგალითად, წელიწადში მთავრობა 100 მილიონ დოლარს დახარჯავს, ხოლო საგადასახადო შემოსავლები მხოლოდ 90 მილიონ დოლარს შეადგენს, მაშინ მთავრობის დეფიციტი უარყოფით 10 მილიონ დოლარს უდრის და ამ თანხის შევსება რომელიღაცა წყაროდან უნდა მოხერხდეს.“

სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის ობლიგაციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რის შედეგადაც იქმენბა ეროვნული დავალიანება. ამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე შეერთებული შტატების საბიუჯეტო დეფიციტმა არნახულ დონეს მიაღწია. დროის განმავლობაში ფედერალურმა მთავრობამ 13 ტრილიონი დოლარის ოდენობის ობლიგაციები გაყიდა ხსენებული საბიუჯეტო დეფიციტების დასაფარავად. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ამჟამად შეერთებული შტატების ეროვნული დავალიანება 13 ტრილიონ დოლარს უდრის. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს არის საბერძნეთში მდგომარეობის დესტაბილიზაციის მთავარი მიზეზი. წლების მანძილზე საბერძნეთის მთავრობა უზარმაზარ საბიუჯეტო დეფიციტს ეგუებოდა. ახლა მას დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება მოუხდა. ჩრდილოეთ ვირჯინიის კოლეჯის ეკონომისტის ნუვინ სარნას თქმით:

„საბერძნეთი შემოსავლებზე მეტს ხარჯავდა. ამას გარდა საბერძნეთში ბევრი გადასახადებს თავს არიდებდა. ახლა ხალხი უკმაყოფილოა და ქუჩებში გამოდის. მათ არ მოსწონთ საბერძნეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული გეგმა. თუ ეს ასე გაგრძელდა, მაშინ უცხოელი ინვესორებისთვის საბერძნეთში დაბანდება სარისკო აღმოჩნდება.“

საბერძნეთი ევროპაში გამონაკლისს არ წარმოადგენს. სხვა სახელმწიფოებშიც ეროვნული დავალიანების დონე შემაშფოთებელია.

ევროპაში გავრცელებულია შიში, რომ ერთი ქვეყნის დავალიანება შეიძლება სხვა ქვეყნებზეც გადაიდოს. შედეგად შესაძლოა ევროპის კონტინენტს ეკონომიკური რეცესია დემუქროს. ბევრი დამკვირებელი აღნიშნავს, რომ ეს საშიშროება შეერთებულ შტატებშიც არის. გასული ათი წლის მანძილზე შეერთებული შტატების მთავრობა საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარავად მთავრობის ობლიგაციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებს ყიდდა. მხოლოდ ჩინეთი შეერთებული შტატების 13-ტრილიონიანი დავალიანებიდან 900 მილიარდი დოლარის ოდენობის ობლიგაციებს ფლობს.

მაგრამ ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატების ობლიგაციები ამჟამად ყველაზე ნაკლებად სარისკო ინვესტიციებს წარმოადგენს.

და ბოლოს, საბერძნეთი გამონაკლისს წარმოადგენს. ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ერთობლივად საბერძნეთის გაკოტრებიდან გადარჩენის საფინანსო გეგმა შეიმუშავეს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გაკოტრების შემთხვევაში საბერძნეთის ეროვნულ დავალიანებას ყველანაირი ფასი დაეკარგება, რასაც ევროპაში რეცესიის კიდევ ერთი ციკლი მოჰყვება, რომელიც შეიძლება მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდეს.

XS
SM
MD
LG