ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიპარტელიანების ოჯახი ბრეივიკისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს


ანდერს ბრეივიკი

ოსლოში ანდერს ბრეივიკის სასამართლო მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოს წამყვანმა მედია საშუალებებმა უკვე უწოდეს ნორვეგიის საუკუნის პროცესი.

33 წლის ბრეივიკმა შარშან, 22 ივლისს ოსლოსა და კუნძულ უტეიაზე 77 ადამიანი მოკლა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანი.

ნორვეგიელმა ტერორისტმა ოსლოს ცენტრში თვითნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება გამოიყენა, რასაც რვა ადამიანი შეეწირა. კუნძულ უტეიაზე კი ბრეივიკი სნაიპერული შაშხანით „რუჯერ მინითა“ და „გლოკის“ ტიპის პისტოლეტით შეიარაღებული გადავიდა და კოშმარული სასაკლაო მოაწყო. საათნახევრის განმავლობაში მან 69 ადამიანი მოკლა, შემდეგ პოლიციას თავად დაურეკა და ჩაბარდა.

საქართველოს სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ნათია ჩხეტიანი და თამთა ლიპარტელიანი, შარშან უტეიაზე ნორვეგიის სახალხო პარტიის მიწვევით, ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდნენ. თამთა ლიპარტელიანის გვამი დაღუპულებს შორის თავდასხმიდან მეექვსე დღეს იპოვეს.

ნათია ჩხეტიანს კი სასწაულად გაუმართლა, დღეს იგი ოსლოში სასამართლო სხდომაზე იმყოფებოდა. თამთა ლიპარტელიანის დედა, ლეილა ასათიანი ანდერს ბრეიკივისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.

ნათია ჩხეტიანი: „დღეიდან იწყება ბრეივიკის ჩვენებების პროცესი, ასევე დავესწრები პროცესის მაისის ნაწილს, სადაც უშუალოდ კუნძულზე მომდარისა და თამთას შესახებ იქნება საუბარი.

რა თქმა უნდა, რთული იქნება ჩემთვის მისი მოსმენა, მაგრამ ვფიქრობ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმართლის დადგენაში მონაწილეობა უნდა მიიღო.“

ლეილა ასათიანი: „ასე მგონია, რომ ვიღაცას თავიდან ძალიან სურდა ბრეივიკი კლინიკაში მოხვედრილიყო და იმაზე უკეთ მოევლოთ, ვიდრე დღეს არის, არა მაქვს იმედი, რომ დამსახურებულ სასჯელს მიიღებს, თუმცა ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რა სასჯელს მისცემენ, იმიტომ რომ ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ბევრს აწყობდა და ახლაც აწყობს მისი შეურაცხადათ გამოცხადება, თუმცა რადგანაც მიუყენეს ტერორიზმის მუხლი და ჯანმრთელად აღიარეს, 21 წელზე მეტს მაინც არ მისცემენ. ანუ სასჯელი რაც შეიძლება ბრეივიკს მისცენ მაინც არ იქნება ადექვატური იმ საშინელი დანაშაულისა, რაც ჩაიდინა.“

დღეს, ნორვეგიელმა ტერორისტმა 13-გვერდიანი სიტყვით მიმართა სასამართლოს, სადაც გაიმეორა რომ უპირისპირდებოდა „ნორვეგიის საიმიგრაციო პოლიტიკას“ და „უნდოდა ნორვეგიის გადარჩენა, მის კულტურაზე, ტრადიციებზე და ფასეულობებზე შეტევისგან“, „ევროპის კონტინენტის მულტიკულტურულობისა და ისლამიზაციისგან დაცვა“.

„მე განვახორციელე ყველაზე ეფექტური და სანახაობრივი პოლიტიკური თავდასხმა ევროპაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“ - დღევანდელ სხდომაზე კმაყოფილმა აღნიშნა ბრეივიკმა და იქვე განმარტა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და თუ შანსი მიეცა იგივეს გაიმეორებდა.

ოსლოში სასამართლო პროცესი 22 ივნისამდე გაგრძელდება. ანდერს ბრეივიკის სასჯელის გარდა, მართლმსაჯულებამ ასევე უნდა გაარკვიოს კომპენსაციის ოდენობა, რომელსაც ნორვეგიის სახელმწიფო ოსლოსა და უტეიაზე დაღუპულების ოჯახებს გადაუხდის.

მაისში, ოსლოში ჩავა მოკლული თამთა ლიპარტელიანის მამა ავთანდილ ლიპარტელიანი. ლიპარტელიანების ოჯახის ინტერესებს ნორვეგიელი ადვოკატი მარია აასი იცავს:

ავთანდილ ლიპარტელიანი: „9 მაისისთვის ვაპირებ წასვლას, ასე მითხრა ნორვეგიულმა მხარემ, თუმცა დაზუსტებით ჯერ მაინც არ ვიცი. მე მოვითხოვ საერთაშორისო კანონმდებლობით გასამართლდეს და სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.“

მარია აასი: „ნორვეგიაში მოქმედებს კანონი, რომ ძალადობის მსხვერპლი კომპენსაციას სახელმწიფოსგან იღებს თუ მოძალადეს არ შეუძლია ამ თანხის გადახდა.

ამ შემთხვევაშიც ნორვეგიის სახელმწიფო გადაიხდის კომპენსაციას. მთავარი მოთხოვნა ბრალდებას წარმოდგენილი აქვს, მე როგორც მსხვერპლთა ადვოკატი მათთვის კომპენსაციას ვითხოვ.“

ანდერს ბრეივიკი აღმსარებლობით ლუთერანი ქრისტიანი, 33 წლის წინ ლონდონში, ნორვეგიელი დიპლომატის იენს ბრეივიკის ოჯახში დაიბადა. როცა მომავალი ტერორისტი ერთი წლის იყო მშობლებმა ცალ-ცალკე ცხოვრება ამჯობინეს და ბრეივიკი დედასთან ერთად ოსლოში დაბრუნდა.

თავის დროზე ნორვეგიის პროგრესის პარტიის ერთ-ერთი რიგითი აქტივისტი საბოლოოდ უკიდურეს რადიკალად ჩამოყალიბდა. 22 ივლისის ტერაქტის წინ ბრეივიკმა „იუთუბის“ საშუალებით გაავრცელა „ევროპის დამოუკიდებლობის დეკლარაცია 2083“, სადაც ქრისტიანებს „ჯვაროსნული ლაშრობისკენ“ მოუწოდებდა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ბრეივიკი თავდაპირველად შეურაცხადად სცნო, თუმცა დამატებითი ექსპერტიზის შემდეგ, ეს დასკვა შეიცვალა. შარშანდელი ტერაქტის შემდეგ, მამამ, იენს ბრეივიკმა შვილზე უარი თქვა და ანდერს ბრეივიკს ურჩია სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს.

XS
SM
MD
LG