ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული მილსადენის დაზიანების მიზეზების გამოძიება გრძელდება


დაზიანებული რუსული მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ ოპერატორმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია მილსადენის საკუთარი ძალებით შემოწმება. ბალტიის ზღვის ფრკეზე მომხდარი აფეთქებების შედეგად მილსადენი კვირაზე მეტია დაზიანებულია და იქიდან გაზი ჟონავს. ექსპერტები აცხადებენ, რომ საქმე სავარაუდო საბოტაჟთან გვაქვს.

კომპანიამ „ნორდ სტრიმ ეი ჯი“, რომელიც შვეიცარიაშია დაფუძნებული, თქვა, რომ ნებართვების არარსებობის გამო ვერ შეძლებს ბალტიის ზღვის ფსკერზე დაზიანებული უბნის შემოწმებას. დანიის ხელისუფლება კი ამბობს, რომ ყველა საჭირო ნებართვის მოპოვების პროცესს შეიძლება 20 სამუშაო დღე დასჭირდეს.

კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა ნორვეგიულ ფირმასთან, რომელიც გაჟონვის მიზეზებს გამოიძიებს. კომპანიის გემს ასევე ესაჭიროება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვა საზღვაო ოპერაციებისთვის.

შვედეთის სანაპირო დაცვის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ გაჟონვის ადგილის გარშემო ხუთი საზღვაო მილის რადიუსი აკრძალული ზონაა, სადაც გემებს გადაადგილება არ შეუძლიათ. შვედეთის პროკურატურამ ეს ტერიტორია დანაშაულის ადგილად გამოაცხადა.

მანამდე, შვედეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 1-მა“ გაჟონვა შეწყვიტა, მაგრამ გაზი კვლავ გამოდის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-დან“, სადაც ზედაპირზე გაჟონვის ზონა 30 მეტრის რადიუსზე ვრცელდება.

„ჩრდილოეთის ნაკად 1-ს“ რუსული გაზი გერმანიამდე მიჰქონდა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამოქმედებაზე კი, უკრაინაში ომის დაწყების გამო, გერმანიამ წლის დასაწყისში უარი თქვა.

XS
SM
MD
LG