ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა


რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამშაბათს, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 28-ვე ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო ვითარებების სამინისტრომ განაცხადა, რომ “ან-26” ორძრავიანი ტურბოხრახნიანი თვითმფრინავი, რეგიონულ ცენტრ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან, კამჩატკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ პალანისკენ მიფრინავდა, როდესაც საჰაერო კონტროლის ცენტრთან კავშირი გაწყდა.

სააგენტო “ინტერფაქსი” წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშვებისთვის მზადების დროს, ცუდი ხილვადობის პირობებში, სავარაუდოდ თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა.

რუსეთის სამოქალაქო ავიაციის უწყებამ დაადასტურა, რომ ავარიის ადგილი აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც საგანგებო ვითარებების სამინისტრომ დაკარგული თვითმფრინავის მოსაძებნად შვეულმფრენი და სახმელეთო ჯგუფები გაგზავნა.

ბორტზე 22 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

“ტასსის" ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ექსპლუატაცია 1982 წლიდან დაიწყო. მსგავსი ტიპის საბჭოთა თვითმფრინავების დღემდე ათობით კატასტროფის შესახებ არის ცნობილი.

ერთ-ერთი შემთხვევა 2012 წელს ასევე კამჩატკაზე მოხდა. მაშინ “ან-28” ტყეში ჩამოვარდა და 10 ადამიანი იმსხვერპლა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ორივე პილოტი მთვრალი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG