ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რელიგია და ოკუპაცია


ნიქოზი, "რადიო თავისუფლების" ფოტო
ნიქოზი, "რადიო თავისუფლების" ფოტო

უკანასკნელ პერიოდში, მედია დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მღვდელმსახურების საკითხს, რასაც ახალგორის ტერიტორიაზე აქვს ადგილი. „სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის ეკლესიებშიქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აღასრულებენ მსახურებას“ – ასეთი სათაურით ქვეყნდება წერილი, რომელზეც რედაქცია საკუთარ წარწერას ურთავს იმის შესახებ, რომ ეს ჯერ კიდევ 2015 წელს შექმნილი მასალაა, რომელიც დღემდე აქტუალობას არ კარგავს. სტატიაში აღწერილია, თუ როგორ შეურაცხყოფენ ქართველი მღვდელმსახურები ადგილობრივი დე–ფაქტო ხელისუფლების ჩინოვნიკებსა და ჟურნალისტებს, როგორ არ აძლევენ მათ მონასტრებში შესვლის უფლებას და როგორ უხეშად მოიხსენიებენ მათ „ოკუპანტებად“.

სტატიაში ასევე მოყვანილია სონია ხუბაევას, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რელიგიის საკითხებში წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც ამბობს: „ლენინგორის ტერიტორიაზე ქართული მართლადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების საკითხი,პრეზიდენტთან ერთად, არაერთხელ იქნა განხილული. ჩვენ, რასაკვირველია, მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ღვითისმსახურებას ახორციელებდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც არ დარეგისტრირებულან იუსტიციის სამინისტროში და რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აგრესიაში სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ესაა ქართული ფაშიზმის იდეოლოგი... გარდა ამისა, ლენინგორში მოღვაწე ერთ–ერთი მღვდელმსახური საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებულია, როგორც ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსი. ეს უკანონოა და ჩვენ უნდა ვიქონიოთ პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“.

რესპონდენტს მხედველობაში ჰყავს ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია, რომელიც ორი წლისა და 8 თვის განმავლობაში, მიმდინარე წლის იანვრამდე, უწყვეტად იმყოფებოდა ახალგორის ტერიტორიაზე. მას გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდგომ მიეცა საქართველოს კონტროლირებად მხარეზე გადმოსვლისა და უკან დაბრუნების შესაძლებლობა. თავად მეუფე, ვისთან ინტერვიუც ამერიკის ხმამ იანვარში ჩაწერა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს მშვიდობიანი დამოკიდებულების უალტერნატივობის შესახებ. მისთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და ყოველთვის მადლიერებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართაც კი ვინც დე–ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სახელმწიფო სამსახურს ახორციელებს. „ხალხისთვის იყოს უკეთესობა, ჩვენ ჩვენს გამო არაფერს ვჩივივით. ადამიანები ვახერხებთ, აგვერიოს ერთმანეთთან ურთიერთობა. მინდა, ბუნებრივად დალაგდეს ყველაფერი. ქრისტე მოვიდა ყველასთვის. ჩვენ თუ რწმენასთან, სიკეთესთან, სიყვარულთან ვიქნებით ნაზიარები, ბარიერებიც ნაკლები იქნება შემდეგ ურთიერთობაში“,– ეს არა მხოლოდ მიტროპოლიტის სიტყვები, არამედ მისი ცხოვრების წესიცაა, ცალსახად მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტობით გაჟღენთილი.

დე–ფაქტო ადმინისტრაციას კი არ მოსწონს სამი ქართულ ენაზე მოქმედი მონასტერი მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სამხრეთ ოსური სახელისუფლებო მედია წერს, რომ ქართველ მღვდელმსახურებს წარედგინათ წინადადება იმის თაობაზე, რომ ისინი მიერთებოდნენ ალანიის ეპარქიის იურისდიქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეტოვათ ტერიტორია. „ეს სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს“, – მიიჩნევენ თვითაღიარებულ რესპუბლიკაშ.

ამერიკის ხმა საქართველოს საპატრიარქოს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა რესურსი არსებობს მეუფე ისაიას დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ მტრული განწყობების ხელოვნური გაღვივება შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ჩვენთან საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილე მამა კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს: „წინასწარ ჯერ ერთი ძნელია საუბარი იმის თაობაზე, თუ გართულდა სიტუაცია, რას მოვიმოქმედებთ. რუსეთთან ჩვენ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და კონსტანტინოპოლის ეკლესიასთანაც. შესაბამისად, რაც საჭირო იქნება, ჩვენ წერილობითაც შეგვიძლია ვაცნობოთ და სატელეფონო ზარითაც, შეიძლება დარეკვა და დალაპარაკება. იქ, ადგილობრივი ეთნიკურად ოსი მღვდლებისგან ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება. მე ვფიქრობ, ესაა ხალხი, საზოგადოება, სეპარატისტული გამოვლინებებით, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ. მღვდლები, ეპისკოპოსები მორჩილებაში არიან და შესაბამისად, რა კურთხევასაც მიიღებენ, ისე მოიქცევიან და თუ არ მოიქცევიან, შესაბამის სასჯელს მიიღებენ. ასე, რომ თუ მსგავს უხეშობას ექნება ადგილი სასულიერო პირების მხრიდან, ეს რუსეთის ეკლესიას ეცნობება და ისინიც მიიღებენ შესაბამის ზომებს. მაგრამ როდესაც ერისკაცები გამოხატავენ აგრესიას, სეპარატისტულად განწყობილი პირები, ძალადობას ჩვენ ვერ მივმართავთ, მაგრამ საპროტესტო გამოსვლა გვექნება აუცილებლად.“

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენელს იმის შესახებაც ვკითხეთ, თუ ჰქონდა საპატრიარქოს კომუნიკაცია რუსეთის ეკლესიასთან მიტროპილიტ ისაიას საქმის თაობაზე. მას წლების განმავლობაში გადაადგილების უფლება შეზღუდული ჰქონდა. იმყოფებოდა რა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უარს ამბობდა ეგრეთ წოდებული საზღვარი გადმოეკვეთა, რადგან შემდგომ უკან დაბრუნებისა და ლარგვისის, იკოთისა და წირქოლის (სადაც მე–9 საუკუნის ეკლესიაა) მონასტრებში მღვდელმსახურების განხორციელების შესაძლებლობას მას უკვე აღარ მისცემდნენ.

უბრალოდ ახალგორის მიმართულებით გამშვებ პუნქტზე არ გაატარებდნენ. „მისმა უწმინდესობამ არაერთგზის სთხოვა უწმინდეს კირილს. მათ შორის ახლაც, ბოლოს, როდესაც იმყოფებოდა მოსკოვში, ესაუბრა, რომ მეუფე ისაია იმყოფებოდა ახალგორში და რაღაც საბუთის გამო ტერიტორიის დატოვება არ შეეძლო. მე ყოველ შემთხვევაში, ისეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ძალიან დაეხმარა რუსული ეკლესია ამ საბუთის მიღებაში“,– ამბობს ჩვენთან საუბრისას მამა კახაბერ გოგოტიშვილი.

რუსეთის ფედერაცია, რომელიც დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, ოფიციალურად აღიარებს აქ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას, ისევე როგორც რუსეთის საპატრიარქო. თუმცა ეს აღიარება და ცნობა პირობითია, რადგან პრაქტიკულ დონეზე, რუსეთის საპატრიარქო არ ცდილობს ერთმორწმუნე ქართველი კოლეგების დაცვას დევნისა და ძალადობისგან. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების დაზიანებისა და გადაკეთების პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს. ცხინვალის მიმართულებით კი ადგილობრივი საზოგადოების განწყობის მანიპულირებას გაყალბებული ისტორიებითა და კლიშეებით ცდილობენ იმისთვის, რომ მშვიდობიან მღვდელმსახურებს ადგილზე დარჩენის შესაძლებლობა მოესპოთ. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის საილუსტრაციოდ, რომ რელიგია რუსული პოლიტიკისთვის ჩვეულებრივ იარაღს წარმოადგენს, რომელიც ოკუპაციის ინსტრუმენტადაა გამოყენებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG