ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთკვირიანი მრავალფეროვნება და ანიმაციის ფესტივალი კონფლიქტის ზონაში


 ანიმაციის ფესტივალი კონფლიქტის ზონაში
ანიმაციის ფესტივალი კონფლიქტის ზონაში

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ ცხინვალიდან ორასიოდე მეტრით დაშორებულ სოფელში წელს უკვე მერვედ ტარდება. ფესტივალი შვიდ დღეს გრძელდება და სიხარულითა და საინტერესო ამბებით აფერადებს კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელ ადამიანებსა და ფესტივალის სტუმრებს. მისი სულისჩამდგმელი და ინიციატორი, ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია წელს ფესტივალს უშუალოდ მასპინძლობს. ეს განსაკუთრებით აღსანიშნი შემთხვევაა, რადგან მან მის მიერვე დაარსებულ ფესტივალზე სამი წლის განმავლობაში დასწრება ვერ შეძლო, რადგან მას დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდა. ამ დროის მანძილზე მიტროპოლიტი ახალგორის მხარეს იმყოფებოდა, მან იქაური სამწყსო არ მიატოვა. ფესტივალი არც ერთხელ არ ჩავარდნილა.

საბოლოოდ ყინული გალღვა, ახლა მიტროპოლიტს გადაადგილების შესაძლებლობა ახალგორის მიმართულებით უკვე აქვს. „სადაც ახლა ვდგავართ, 2008 წლის აგვისტოში ცეცხლი ტრიალებდა. ძალიან ბევრი ნაგებობა ტაძრის მიმდებარედ იყო დაბომბილი ჭურვებით და დანგრეული, რომელიც მეუფემ, მისმა მრევლმა, ნიქოზელებმა საკუთარი ხელებით აღადგინეს. არა მხოლოდ ესაა ის, რასაც მიტროპოლიტი ისაია აკეთებს. ფესტივალით, ხელოვნების სკოლით, ამ მოსახლეობის გვერდში დგომით, ესაა გადამეტების გარეშე, გმირობა. ეს არაა მხოლოდ სასულიერო საქმე. ესაა ერთობლივად, როგორც საერო, სასულიერო, უმაღლესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და უაღრესად ჰუმანური საქმე,“– ამბობს ამერიკის ხმასთან საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

ფესტივალის წლევანდელი პროგრამა, ტრადიციულად დატვირთული და მრავალფეროვანია. გარდა ანიმაციური ფილებისა, ჩრდილების თეატრის პრეზენტაციისა, რაც ნიქოზელი ბავშვების მონაწილეობითაა შექმნილი, აქ წარმოდგენილია ფოტოგამოფენა უნიკალური ფოტომასალით, რომელიც თავად მიტროპოლიტ ისაიას გადაღებულია 2008 წლის აგვისტოში. იმ დროს, როდესაც ნიქოზი დაბომბვისა და ტყვიების წვიმის ქვეშ იყო. ფოტოებზე ნიქოზელებმა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები აღმოაჩინეს. „ამ ფოტოზე ჩემი შვილია გამოსახული. წირვის მერე საერთო მხიარულებაა ხოლმე, ცეკვა–თამაში, ლექსების თქმა და სწორედ ეს კადრი აქვს აღბეჭდილი მეუფეს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აქ ასე ვხვდებით. ძალიან კარგი ფოტოა, ძალიან მომეწონა და გამიხარდა რომ ვნახე გამოფენაზე,“– გვეუბნება ნიქოზის მკვიდრი პელაგია გვარაძე, რომელიც 6 შვილის დედაა. მისი შვილები მიტროპოლიტ ისაიას მიერ დაარსებული ხელოვნების სკოლის მოსწავლეები არიან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დოკუმენტური ფილმი, რომელიც მიტროპოლიტმა ისაიამ შექმნა. ომის სიმძიმითა და სისასტიკით, ნიქოზში ამ ფონზე განვითარებული ყოფითი ამბების შერწყმით, რაც ასევე მისმა კამერამ აღბეჭდა, საოცრად ემოციურადაა გადმოცემული ამბავი იმის შესახებ, როგორ გადაწყვეტს ჯვრისწერას ომის დროს სოფელში დარჩენილი მოხუცი წყვილი, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენისთვის ექსტრემალურ პირობებში უწევს დამალვა და თავის დაცვა.

„ეს ფილმი არ გადამიღია იმისთვის, რომ ჭრილობაზე ყოფილიყო ორიენტირებული. ამ განწყობით არც მაშინ ვყოფილვარ, 2008 წელს, როდესაც ამ კადრებს ვიღებდი ნიქოზში. არ ვფიქრობ, რომ მზერა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, როგორ იცლება სისხლისგან ადამიანი... მინდოდა, რომ დრო გასულიყო, სანამ იმ პერიოდში გადაღებულ კადრებს თავს მოვუყრიდი. ეს ფილმი არაა დასრულებული. ეს, უბრალოდ, ამ ფესტივალის გახსნისთვის მოვამზადეთ, ომიდან ათი წლის თავზე. ამით გვინდა ვთქვათ, რომ იუმორში, მის მიღმა შეიძლება ჩანდეს, იმალებოდეს ომის საშინელებაც. ის ამას კი არ მალავდეს და აუბრალოებდეს, არამედ უფრო ღრმად და ემოციურად წარმოაჩენდეს. მართალი უნდა იყო კამერის წინ, ეს ყოველთვის იგრძნობა და ასევე დრო სჭირდება, უნდა გავიდეს გარკვეული პერიოდი, სანამ უფრო საღად, ჯანსაღად შეხედავ ამ ყველაფერს. არა საყვედურით და ემოციებით, განრისხებული კაცის მზერით, რადგან მომავალი მხოლოდ სითბოთი და სიყვარულით გაჯერებულ ამბავს აქვს.წარმატებული ნამუშევარი, რომელიც შეიძლება შეეხოს და მიწვდეს ადამიანის სულს, მხოლოდ ასე იქმნება.“– გვეუბნება ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია.

უამრავი უცხოელი და ადგილობრივი სტუმრით გაცოცხლებულ ნიქოზში ფესტივალის დღეები დღეს გორის ქალთა კამერული გუნდის სიმღერით სრულდება. მომავალი წლის სექტემბრამდე სოფელი კვლავ ჩვეულ რუტინას დაუბრუნდება, თუმცა ადგილობრივ ბავშვებს, მიტროპოლიტ ისაიას მიერ დაარსებულ ხელოვნების სკოლაში ბევრი საქმე აქვთ იმისთვის, რომ მომავალ წელს მშვიდობის მესიჯი გაგზავნონ და სამყარო კიდევ ერთხელ გააოცონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG