ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერში ხუნტა ძალაუფლების განმტკიცებას და ინტერვენციისგან თავდაცვას ცდილობს


ქ. ნიამეი, ნიგერია. 27 აგვისტო, 2023 წ.

ხუნტამ, რომელმაც ივლისის ბოლოს დემოკრატიულად არჩეული ნიგერის მთავრობა და მისი პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი ჩამოაგდო, 27 აგვისტოს, ახალი მკაცრი ზომების შემოღების თაობაზე განცხადება გააკეთა. ზომები სამხედრო ძალაუფლების განმტკიცებისკენ არის მიმართული და ასევე ითვალისწინებს სამზადისს იმ შემთხვევაში, თუ რეგიონის სხვა ლიდერები ინტერვენციას და ბაზუმის ხელისუფლების აღდგენას დააპირებენ.

სამხედრო გადატრიალებას სათავეში ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალი, აბდურაჰმან ჩიანი უდგას. მან განაცხადა, რომ "ეროვნული ტერიტორიის მიმართ აგრესიის საფრთხის" გათვალისწინებით, ნიგერის შეიარაღებული ძალები უმაღლესი მზადყოფნის რეჟიმში გადადის. მან მეზობელი სახელმწიფოების, მალის და ბურკინა-ფასოს სამხედრო მთავრობებს სთხოვა, ნიგერის ხელისუფლებას საკუთარი შეიარაღებული ძალებით დაეხმარონ.

გასულ უქმეებზე გენერალმა ჩიანმა საფრანგეთის ელჩს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა ორშაბათამდე მისცა. მან სპეციალური აქციაც გამართა, რომელზეც მხარდამჭრებთან ერთად მოითხოვა, რომ საფრანგეთის ძალებმა ნიგერი დატოვონ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პასუხად დღეს, 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ელჩი ნიგერში დარჩება. მისი თქმით, "ზეწოლის მიუხედავად", საფრანგეთის ელჩი ქვეყანას არ დატოვებს. მაკრონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პარიზი ნიგერის მტერი არ არის.

ნიგერი, რომელიც ურანის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, წარსულში საფრანგეთის კოლონია იყო. დასავლეთი მას აფრიკის კონტინენტზე საჰელის რეგიონში მყოფ ჯიჰადისტებთან ბრძოლაში ერთ-ერთ წამყვან პარტნიორად მოიაზრებდა. როგორც ჩანს, მალის და ბურკინა-ფასოს შემდეგ, საფრანგეთის ჩამოცილებას ახლა ნიგერიც ცდილობს.
მალიში დიდი გავლენით სარგებლობს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც აფრიკის ბევრ სხვა ქვეყანაში მოქმედებს. მალის სამხედრო ხუნტა დღეს კრემლის პრორუსულ პოლიტიკას ატარებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG