გასულ კვირას ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ გააშუქა ვაშინგტონში მდებარე ჰადსონის ინსტიტუში გამართული შეხვედრა, რომელიც აზიური კვლევის ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემულ გამოკვლევას მიეძღვნა სათაურით „რუსეთის დემოგრაფიული კრიზისი: მნიშვნელობა, მიზეზები და შედეგები.“ დღეს, ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ამ გამოკვლევის ავტორს, ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის წამყვან ექსპერტს დემოგრაფიულ საკითხებში ნიკოლას ებერსტადს.
გამოკვლევის მთავარი აღმოჩენების აღწერისას ებერსტადმა აღნიშნა:
„მოსახლეობის საკითხების მკვლევარები ხშირად საუბრობენ დემოგრაფიული კრიზისის თაობაზე, მაგრამ მოსახლეობის ზრდის თვალსაზრისით რუსეთი ნამდვილი და მწვავე გამოწვევების წინაშე დგას. რუსეთის მოსახლეობა კლებულობს იმის გამო, რომ სიკვდილიანობა შობადობას უსწრებს. პოსტ-კომუნისტური პერიოდის განმავლობაში ყოველ ორ დაბადებულზე თითქმის სამი გარდაცვლილი პირი მოდიოდა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დონე მდგრადია და გარკვეული თვალსაზრისით ჯანმრთელობის განმსაზღვრელი პირობები უარესდება. ამჟამად სიცოცხლის ხანგრძლივობა რუსეთში 50 წლის წინანდელ მაჩვენებელზე ოდნავ დაბალია. ხოლო სიკვდილიანობის ზრდა კონცენტრირებულია სამუშაო ასაკის პირების კატეგორიაში. მდგომარეობას ართულებს კრიზისი რუსეთის საგანმანათლებლო სისტემაში ანუ ცოდნის წარმოების კრიზისი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ის, რომ საგანმანათლებლო სექტორში ბევრი რესურსი იხარჯება, მაგრამ ეს სფერო სამწუხაროდ კვლავინდებურად დაბალი ნაყოფიერებით გამოირჩევა. მაშასადამე რუსეთი, როგორც ცოდნის მწარმოებელი სახელმწიფო, საკმაოდ უმნიშვნელოა მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, უმაღლესი განათლების მხრივ ამ ქვეყნის პროფილი საკმაოდ შთამბეჭდავია. ახლო მომავალში რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გაიზრდება იმის გამო, რომ სამუშაო ძალა შემცირდება და ხანდაზმულების რიცხვი გაიზრდება. მოხუცებულებზე ზრუნვა კი, როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვან დანახარჯებს მოითხოვს. ამას გარდა რუსეთში სოციალური კაპიტალის პრობლემა შეინიშნება. ამდენად ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში რუსეთი არა ერთი არამედ მრავალი ურთიერთდაკავშირებული გამოწვევის წინაშე დგას. შედეგად მომავალში რუსეთს გლობალურ ასპარეზზე სხვა სახელმწიფოებთან ეკონომიკური მეტოქეობა ძალიან გაუჭირდება.“
ებერსტადი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობას კარგად ესმის ის, რომ რუსეთის საზოგადოება უმძიმეს დემოგრაფიულ სირთულეებს განიცდის. პრემიერ მინისტრმა პუტინმა თავისი პრეზიდენტობის დროს პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთის ეროვნული უშიშროების უმნიშვნელოვანეს პრობლემას სწორედ დემოგრაფიული საკითხი წარმოადგენდა. მას შემდეგ რუსეთის ხელისუფლების ინიციატივით ბევრი სამთავრობო პროგრამა განხორციელდა, შობადობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებებით დაწყებული და გაუკაცრიელობის წინააღმდეგ მიმართული გრძელვადიანი პროექტებით დამთავრებული. მაგრამ სულ სხვა კითხვაა ის თუ რამდენად ეფექტური გამოდგა ეს პროგრამები. ებერსტადის თქმით:
„მთავრობის გარკვეული პროგნოზები, რომელთა თანახმად რუსეთის მოსახლეობის შემცირება შეჩერდება, სტაბილური გახდება და შემდგომში გაიზრდება კიდეც, ჩემი აზრით, დაუსაბუთებულად ოპტიმისტურია. ვფიქრობ დამოუკიდებელი რუსი დემოგრაფების უმრავლესობა დამეთანხმება. რუსეთის მთავრობამ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მხოლოდ ახლა დაიწყო ზრუნვა. ხოლო რაც შეეხება საგანმანათლებლო სისტემის რეფორმას, რომელიც შეიძლება მალე სასწრაფო პრიორიტეტი გახდეს, მთავრობა იწყებს იმ გამოწვევების ამოცნობას, რომელიც რუსეთის წინაშე დგას.“
ინტერვიუს დასასრულს ებერსტადმა რუსეთის დემოგრაფიული კრიზისის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ამგვარად შეაფასა:
„რუსეთის შორეული აღმოსავლეთი არის ის რეგიონი, სადაც უკაცრიელობა დიდი ხნის მანძილზე შეინიშნებოდა. ეს ხომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უკაცრიელი რეგიონია, თუ რასაკვირველია საჰარასა და ანტარქტიკას არ ჩავთვლით. შეიძლება იმის თქმაც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ეს რეგიონი, პირიქით, გადამეტებულად დასახლებული იყო რადგან ხალხის უმრავლესობა იქ თავისი ნებით არ ცხოვრობდა და ახლა როცა გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა, შორული აღმოსავლეთი დაცარიელდა. ყოველივე ეს ბადებს კითხვას - რა მომავალი ელის ამ უკაცრიელ და ბუნებრივი რესურსებით მდიდარ რეგიონს, რომელსაც აღმავალი და ამბიციებით აღსავსე ჩინეთი ესაზღვრება? ძნელია გრძელვადიანი გეოპოლიტიკური პროგნოზების შემუშავება, მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, გლობალური ეკონომიკური ძალაუფლებისა თუ გავლენის თვალსაზრისით რუსეთს გარდაუვალი დაკნინების პერსპექტივა ელის. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ჩვეულებრივ სამხედრო პოტენციალზე ზეწოლა გაიზრდება, რაც ნაწილობრივ გასული ორი ათწლეულის მანძილზე შობადობის მნიშვნელოვანი შემცირებით აიხსნება. ამ ტენდენციების ფონზე მომავალ გამოწვევებთან გამკლავებისთვის რუსეთის მთავრობამ შეიძლება ყურადღება გაამახვილოს ბირთვული არსენალის მოდერნიზაციზე. არ არის გამორიცხული ისიც, რომ შედეგად კრემლმა სხვადასხვა კრიზისის დასაძლევად ეგრეთწოდებულ ‘ბირთვულ დიპლომატიასაც’ მიმართოს. ჯერ-ჯერობით კრემლი საკმაოდ ამბიციურ გრძელვადიან ამოცანებს ისახავს. ყველაზე საინტერესო ის იქნება, თუ როგორ მოიქცევა კრემლი, როცა ხსენებული ამოცანების შესრულება შეფერხდება დემოგრაფიული რეალიების გამო. როგორი დამოკიდებულება ექნება კრემლს მეზობელი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ?“